კანის დაავადებები

მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა Erythema exudativa multiformis

მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა კანის ანთებითი დაავადებაა. მიზეზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება, თუმცა არაიშვიათია მისი კავშირი მორეციდივე მარტივ ჰერპესთან, სასუნთქი გზების ინფექციებთან ან წამლისმიერ ინტოქსიკაციასთან. დაავადება მწვავედ მიმდინარეობს. ზოგჯერ აღინიშნება მისი ქრონიკული მიმდინარეობა პერიოდული რეციდივებით. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის გამონაყარი გამოვლინდება სხვადასხვა სახის ელემენტებით: ერითემატოზული ლაქებით, ურტიკებით,  სამიზნისებრი ელემენტებით, ვეზიკულებითა და ბუშტებით. დაავადებას თან ახლავს კანის დაზიანებულ უბნებში მკვეთრად გამოხატული წვისა და ქავილის  შეგრძნება. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის გამონაყარი უპირატესად ლოკალიზდება ზედა და ქვედა კიდურებზე (ხელის მტევნებსა და ტერფებზე), ხშირად სიმეტრიულად და სახეზე. არაიშვიათია პირის ღრუსა და სასქესო არეების ლორწოვანი გარსების დაზიანება. მკურნალობის კურსი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.

კანის დაავადებები

მარტივი ჰერპესი Herpes simplex

მარტივი ჰერპესი კანის ვირუსული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ორი განსხვავებული ტიპის ჰერპეს ვირუსი. პირველი ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციის დროს ე.წ ,,ლაბიალური“ ჰერპესის შემთხვევაში  გამონაყარი ვლინდება პირის ღრუში,  ტუჩებისა ან სადა კანის სხვა უბანზე. მეორე ტიპის ვირუსი იწვევს ,,გენიტალურ“ ჰერპესს. მარტივი ჰერპესის საწყის ეტაპზე ხდება პირველადი ინფიცირება (ხშირად ჰაერწვეთოვანი გზით) დაზიანებულ კერასთან  კონტაქტის შედეგად. სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან რამდენიმე დღეში. მარტივი ჰერპესის ვირუსის ინოკულაციის ადგილზე გამონაყარის გამოვლენას წინ უსწრებს სუბიექტური ჩივილები ტკივლის, წვისა და მსუბუქი პარესთეზიის სახით.  გამონაყარი ვითარდება ერითემატოზულ უბანზე წარმოქმნილი, ჯგუფად განლაგებული ბუშტუკების ფორმით. მარტივი ჰერპესი მორეციდივე კანის ვირუსული დაავადებაა. ვირუსის რეაქტივაციისა და რეციდივების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს კანის ლოკალური ტრავმა (მზით დამწვრობა, ნახეთქები, ნაკაწრები) ან სისტემური ცვლილებები (გადაღლა, ცხელება, მენსტრუალური ციკლი, სასუნთქი გზების ინფექციებით გამოწვეული იმუნური ცვლილებები).

კანის დაავადებები

მარტივი ქრონიკული ლიქენი (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) Lichen simplex chronicus

        მარტივი ქრონიკული ლიქენი (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) გამოვლინდება კანის კონკრეტული შემოფარგლული უბნების ქავილით. შეტევითი ხასიათის ქავილი წარმოადგენს სწორედ პაციენტის ძირითად ჩივილს. ქავილის მაპროვოცირებელი მიზეზი შეიძლება იყოს მეტად მარტივი: ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა, მაკიაჟის მოცილება (კანზე ხახუნის გამო) ან სითბოს ზემოქმედება.  მარტივი ქრონიკული ლიქენის (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული  ნევროდერმიტი) დროს კანზე კლინიკურად ვლინდება შემოფარგლული, ლიქენიფიცირებული ბალთები  ზედაპირზე უმნიშვნელო აქერცვლით. პალპაციით კანი გამკვრივებულია. დათვალიერებით  აღინიშნება კანის სურათის გაძლიერება. მარტივი ქრონიკული ლიქენის (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული  ნევროდერმიტი) გამონაყარის კერები უპირატესად ლოკალიზებულია კისრის უკანა ზედაპირზე, კოჭ-წვივის სახსრის, წვივების, წინამხრების, საზარდულის ან პერიანალურ არეებში. დაავადება  შესაძლოა გაგრძელდეს წლები სათანადო მკურნალობის გარეშე.

კანის დაავადებები

კონტაგიოზური მოლუსკი Molluscum contagiosum

კონტაგიოზური მოლუსკი კანის ვირუსული ინფექციაა, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებში. ხშირად ვლინდება სახეზე, თავის თმიან მიდამოში, ტანზე, სასქესო არეებზე, ზედა კიდურებისა და ბარძაყების არეებში. გამონაყარის გავრცელება ხდება პირდაპირი კონტაქტის ან აუტოინოკულაციიის  შედეგად. ზრდასრულებში ბოქვენის არისა და გენიტალიუმის მიდამოში ლოკალიზებული გამონაყარი შესაძლოა გავრცელდეს სქესობრივი გზით. ჩვეულებრივ კონტაგიოზური მოლუსკის გამონაყარი სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. იგი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ხშირია ჯგუფად განლაგებული ელემენტების გამოვლენა. კონტაგიოზური მოლუსკის გამონაყარის ელემენტი წარმოადგენს მოვარდისფრო ან კანისფერ ოვალური ფორმის პაპულას, ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. ზომაში მატებასთან ერთად მისი ფორმა უფრო გამოხატული ხდება. შეიცავს ხაჭოსებრ შიგთვსს. მოლუსკის ანთების ან ტრავმის შედეგად იცვლება მისი სახე და შესაძლოა გაჩნდეს სუბიექტური ჩივილებიც (მტკივნეულობა და ქავილი).

კანის დაავადებები

კვანძოვანი ერითემა (Erythema nodosum)

კვანძოვანი  ერითემა  კანქვეშა უჯრედისის ალერგიული და გრანულომატოზური ანთებითი ცვლილებების გამოვლინებაა. მისი ეტიოლოგია შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფექციას (ტუბერკულოზი, სტრეპტოკოკული ინფექცია, კოკციდიოიდოზი, იერსინოზი, ვენერიული ლიმფოგრანულომა და სხვა), მედიკამენტებს (სულფანილამიდების ჯგუფი, პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა) ან კონკრეტულ პათოლოგიებს (სარკოიდოზი, არასპეციფიური  წყლულოვანი კოლიტი, ბეხჩეტის დაავადება და სხვა). ხშირად  კვანძოვანი  ერითემის მიზეზის დადგენა ვერ ხდება. გამოვლინდება ერითემატოზული მტკივნეული კვანძებით რომლებიც დასაწყისში მუქი წითელი ფერისაა, შემდეგ კი ხდება იისფერი. კვანძოვანი ერითემის დროს დაზიანება ორმხრივია. კვანძები გაფანტულად მდებარეობს წვივებზე,  მუხლებზე, წინამხრებზე.  კვანძოვანი ერითემის მიმდინარეობა დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე.  მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

კანის დაავადებები

კელოიდური ნაწიბური Keloidum

კელოიდური ნაწიბური პაციენტებს ძირითადად აწუხებთ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. სუბიექტურ ჩივილებს ის ძალიან იშვიათად იწვევს. ვითარდება კანის დაზიანების ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი განვითარების შედეგად. შესაძლოა წარმოიქმნას ტრავმის, დამწვრობის, აკნეს შემდგომ პეროიდში. უფრო ხშირია მისი განვითარება ახალგაზრდა ასაკში. კელოიდური ნაწიბური გამოვლინდება როგორც მოწითალო-იისფერი, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, მკვეთრად შემოსაზღვრული, გლუვი ზედაპირისა და მკვრივი კონსისტენციის მქონე წარმონაქმნი. იგი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის. კელოიდური ნაწიბურის საზღვრები სცილდება პირველადი დაზიანების არეს. პრაქტიკულად არ განიცდის უკუგანვითარებას. მკურნალობის მეთოდებიდან ეფექტურია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ინექციები და ფრაქციული ლაზეროთერაპია.

კანის დაავადებები

კანდიდოზი Candidosis

კანის ნაოჭების კანდიდოზი

ნაოჭების არე სწორედ ის მიდამოა, სადაც  ხელშემწყობი პირობები იქმნება კანდიდოზის განვითარებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება კანის მსხვილ ნაოჭებს (საზარდულის, იღლიის, მკერდქვეშა). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მომატებული ტენიანობა, ვიწრო ტანსაცმლის ტარება, ჭარბი წონა, დიაბეტი, ჰიგიენის დაუცველობა, ამ არეებში განვითარებული კანის ანთებითი დაავადებები, ადგილობრივად სტეროიდული მალამოების გამოყენება და ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია. თავდაპირველად წარმოქმნილი პუსტულები კანის ხახუნის შედეგად მალევე იხსნება და წარმოიქმნება  წითელი, მბრწყინავი ზედაპირის მქონე ზერელე ეროზიები, რომელთა გარშემოც, საღ კანზე აღინიშნება სატელიტური პაპულების არსებობა.

საფენის დერმატიტი 

კანდიდოზის ამ ფორმის შემთხვევაში გამონაყარი ვლინდება საფენის მიდამოში. უპირატესად ზიანდება ნაოჭები (საზარდულისა და დუნდულათაშორისი). გამონაყარი გამოვლინდება მკვეთრი წითელი ფერის ბალთებით, მათ ირგვლივ კი ადვილად რღვევადი სატელიტური პუსტულებია. არასწორი და არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად დერმატიტი შესაძლოა გართულდეს გრანულომატოზური კვანძების წარმოქმნით.

კანდიდოზური ონიქია და პარონიქია

ფრჩხილების კანდიდოზური ინფექციით ხშირად ავადდებიან დიასახლისები. არჩევითად ზიანდება ხელის მტევნების მესამე და მეოთხე თითების ფრჩხილები, რასაც თან ახლავს ფრჩხილის მორგვების შეშუპება. ამავდროულად ვლინდება მუქი წითელი ფერის ეროზიული უბანი  თითებშორის ნაოჭში.

კანის დაავადებები

იმპეტიგო Impetigo

იმპეტიგო კანის გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით. დაავადებას იწვევს სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ბაქტერიები. იმპეტიგო ვლინდება კანის ზერელე დაზიანებით. გამოიყოფა ორი კლინიკური ფორმა: ბულოზური და არაბულოზური. გამონაყარი შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან გავრცელებული. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება სახის,  თავის თმიანი მიდამოსა და კიდურების არეები. ბულოზური ფორმის დროს წარმოიქმნება დიდი ზომის ბუშტები, რომლებიც დაფარულია თხელი საფარველით. ბუშტის საფარველი ადვილად ირღვევა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ეროზიული უბანი. მოგვიანებით ეროზია იფარება მოყვითალო ფერის ქერქით. არაბულოზური ფორმის შემთხვევაში პირველადი გამონაყარი შედარებით მცირე ზომის პუსტულებით არის წარმოდგენილი, საბოლოოდ კი ვითარდება კანთან მჭიდროდ მიმაგრებული მოყვითალო-ოქროსფერი ან ღია ყავისფერი ქერქები. იმპეტიგო ხშირად ვლინდება დაზიანებული კანის ფონზე და ადვილად გადადის დაავადებულთან მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვთა პოპულაციაში. დაავადების გავრცლებას ხელს უწყობს თბილი ტენიანი კლიმატი და ჰიგიენის დაუცველობა.

კანის დაავადებები

თეთრი პიტირიაზი – Pytiriasis alba მარტივი პიტირიაზი – Pytiriasis simplex

თეთრი პიტირიაზი ბავშვთა ასაკში გავრცელებული, უსიმპტომო, ალერგიული გენეზის დაავადებაა. იგი ვლინდება მომრგვალო ან ოვალური ფორმის, არამკვეთრი საზღვრების მქონე, ჰიპოპიგმენტური ლაქებით, რომელთა ზედაპირზეც აღინიშნება სუსტად გამოხატული აქერცვლა.  გამონაყარი უპირატესად ლოკალიზებულია სახესა და კიდურებზე. დაავადება განსაკუთრებით შესამჩნევია ზაფხულში გარუჯულ კანზე, როცა დაზიანებული უბნები მკვეთრად გამოხატულია. ზამთრის ცივ, მშრალ პერიოდში თეთრი პიტირიაზის ჰიპოპიგმენტური ლაქები უფრო აქერცვლადი და ანთებითი ხდება. დაავადების განკურნების შემდეგ ხდება დეპიგმენტაციის სრული აღდგენა.

კანის დაავადებები

ვულგარული მეჭეჭები Verrucae vulgaris

ვულგარული მეჭეჭები გავრცელებული ინფექციაა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. მას დნმ-შემცველი პაპილომა ვირუსი იწვევს. იმისათვის რომ ვირუსი კანში მოხვდეს და დაავადება განვითარდეს, აუცილებელია კანის მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრის, ნახეთქის, სხვადასხვა ტრავმის არსებობა). ეპიდერმალური პროლიფერაციის შედეგად ვითარდება მომრგვალო ფორმის, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, კანისფერი, შეხებისას მკვრივი ჰიპერკერატოზული პაპულა. პაპულის ზედაპირზე ხშირად ისახება შავი წერტილები – დათრომბილი კაპილარები. მეჭეჭი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ყველაზე ხშირად ვლინდება   ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების არეებში, ასევე იდაყვებისა და მუხლების მიდამოებში. თავისებური ფორმით გამოირჩევა ძაფისებრი ფორმის მეჭეჭები, რომლებიც ხშირად ლოკალიზდება სახეზე. ვულგარული მეჭეჭები ხასიათდება გამრავლებითა და გავრცელებით. მკურნალობის აპარატურული მეთოდებია: კრიოდესტრუქცია, ელექტროკოაგულაცია, ლაზეროთერაპია.