კანის დაავადებები

სხვადასხვაფერი პიტირიაზი Pityriasis versicolor

სხვადასხვაფერი პიტირიაზი გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს Pityrosporum orbiculare (Malassezia furfur) სახეობის სოკო. დაავადება სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს, პაციენტებს ძირითადად აწუხებთ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. გამონაყარი გამოვლინდება სხვადასხვა ზომის, შემოსაზღვრული, მრავლობითი, მომრგვალო ფორმის ლაქებით. ზოგჯერ მცირე ზომის ლაქები გაერთიანებულია დიდი ზომის ფესტონური მოხაზულობის კერებად. სხვადასხვაფერი პიტირიაზის გამონაყარის ზედაპირზე აღინიშნება აქერცვლა. ლაქების ფერი განსხვავებულია, თუმცა კონკრეტულ პაციენტს აქვს მხოლოდ ერთი შეფერილობის გამონაყარი. სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს წარმოქმნილი ლაქები შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი ან მოყვითალო-ყავისფერი. თეთრი ფერის გამონაყარი ხშირად გამოვლინდება გარუჯულ კანზე.  გამოკვლევის სადიაგნოსტიკო მეთოდებია: კანიდან აღებული მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა და ვუდის ნათურით დიაგნოსტიკა.

კანის დაავადებები

სხეულის დერმატომიკოზი Tinea corporis

სხეულის დერმატომიკოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც აზიანებს სადა კანსა და თმის ფოლიკულებს. გამონაყარი გამოვლინდება ტანსა და კიდურებზე. სხეულის დერმატომიკოზი შესაძლოა გამოვლინდეს კანის ზერელე ან ღრმა დაზიანებით. კანის ზერელე დაზიანება იწყება მცირე ზომის პაპულის განვითარებით, რომლის ირგვლივაც თანდათან ვრცელდება პროცესი. საბოლოოდ ყალიბდება შემოფარგლული, მომრგვალო ფორმის, მკვეთრად შემოსაზღვრული კერა, რომელსაც აქვს გამოსახული ქობა. ქობის დამახასიათებელი ნიშნებია მკვეთრი აქერცვლა, პაპულებისა და ვეზიკულების არსებობა. კერის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს ზომიერად აქერცლილ მოყავისფრო ლაქას ერთეული პაპულებით. სუბიექტური ჩივილებიდან გამოხატულია მსუბუქი ქავილი. ღრმა დაზიანების შემთხვევაში ვლინდება მკვეთრად ანთებითი კერა, რომელიც ამოწეულია კანის დონიდან, წარმოდგენილია მრავლობითი წითელი პაპულებითა და პუსტულებით. ფოლიკულური პუსტულების გამოვლენა ინფექციის ღრმად, თმის ფოლიკულებამდე გავრცელებაზე მიუთითებს. განსაკუთრებული ფორმაა მაიოკის გრანულომა, რომელიც წარმოადგენს ღრმა სოკოვან ინფექციას და ლოკალიზებულია წვივებზე.

კანის დაავადებები

სტრიები

სტრიები კანის მეტად გავრცელებული დაზიანებაა. მისი გამომწვევი მიზეზებია: ჰორმონული ცვლილებები, წონაში სწრაფი და მკვეთრი მატება, კანის მნიშვნელოვანი გამოშრობა. სტრიები ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ორსულობის პერიოდში, თუმცა არაიშვიათია მისი გამოვლენა გარდატეხის ასაკშიც. ძირითადად ვლინდება მუცლის, თეძოების, ბარძაყებისა და მკერდის მიდამოებში. ისახება როგორც ვარდისფერი, იისფერი ან თეთრი ჯგუფად განლაგებული კანის ხაზოვანი ატროფიული დაზიანებები. სტრიების ფერი დამოკიდებულია მისი არსებობის ხანგრძლივობაზე. ისინი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი მიდამოს კანზე ადგილობრივად სტეროიდული მალამოების ხანგრძლივი და არასწორი გამოყენების შედეგადაც. მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია ფრაქციული ლაზეროთერაპია. პროცედურის პერიოდში ადგილობრივი მიკროინვაზიებით პროვოცირებული კანის დამცველობითი რეაქცია გამოიხატება კოლაგენის სინთეზის სტიმულირებაში.

კანის დაავადებები

 სკლეროზული ლიქენი

სკლეროზული ლიქენი უცნობი ეტიოლოგიის, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება კანი და უპირატესად სასქესო არის ლორწოვანი გარსები. კანზე გამოვლენილი კერები ხშირად უსიმპტომოა, თუმცა ლორწოვანზე არსებული დაზიანების უბნები ხშირად იწვევს პაციენტთა დისკომფორტს, დაავადების პროგრესირების შემთხვევაში კი – მნიშვნელოვან ფუნქციურ შეზღუდვებს. სკლეროზული ლიქენი თავდაპირველად გამოვლინდება მცირე ზომის, ბრტყელი, მოთეთრო ფერის ატროფიული პაპულებით, რომლებიც შემოსაზღვრულია ვარდისფერი ქობით. ისინი შემდეგ ერთიანდებიან მცირე ზომის ბალთებად. ბალთებს შორის აღინიშნება მცირე ზომის კეროვანი ჰემორაგიის უბნები.  სკლეროზული ლიქენისთვის მეტად დამახასიათებელია ქავილი და ამიტომაც შესაძლებელია კერის მეორადად დაინფიცირება.

კანის დაავადებები

სებორეული დერმატიტი

სებორეული დერმატიტი მეტად გავრცელებული კანის  ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ნერვული სისტემის პათოლოგიებითა და იმუნოდეფიციტით დაავადებულ პაციენტებში. მის გამომწვევ მიზეზად განიხილება Pityrosporum-ის ჯგუფის სოკო. სებორეული დერმატიტი კანზე გამოვლინდება პაპულო-სქვამოზური დაზიანებით. გამონაყარი ლოკალიზებულია უპირატესად ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ მიდამოებში (თავის თმიანი არე, სახე, გულმკერდის მიდამო). სებორეული დერმატიტის დროს ხშირად ზიანდება წარბების, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, ყურის ნიჟარის უბნები. მსგავსი გამონაყარის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია კანის სოკოვანი დაავადების, წითელი მგლურას, ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების გამორიცხვა.

კანის დაავადებები

როზაცეა Rozacea

როზაცეა უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სახის მიდამოს კანს. გამონაყარი ვლინდება შუბლზე, ლოყებზე, ცხვირსა და თვალების ირგვლივ არეებში სხვადასხვა რაოდენობის პაპულებითა და პუსტულებით (დაავადების სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე).  როზაცეის დროს კომედონები არ ვითარდება. დაავადებისთვის დამახასიათებელი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია სისხლძარღვოვანი კომპონენტების უპირატესი გამოვლინება. როზაცეის სხვადასხვა ეტაპზე არსებული ჰიპერემია, ერითემა და ტელეანგიექტაზები შესაძლოა მისი ერთადერთი გამოვლინება იყოს. ქრონიკული ღრმა ანთებითი პროცესის შემთხვევაში, ძირითადად მამაკაცებში, ცხვირის არეში ვითარდება კანის შეუქცევადი გასქელება – რინოფიმა. დაავადებას ხშირად თან ერთვის  სხვადასხვა ოფთალმოლოგიური სიმპტომებიც (კონიუქტივიტი, მტკივნეულობა  და შავი წერტილების შეგრძნება, ცრემლდენა).

კანის დაავადებები

რგოლისებრი გრანულომა Granuloma annulare

რგოლისებრი გრანულომა ქრონიკულად მიმდინარე, ნელა პროგრესირებადი გრანულომატოზური დაავადებაა. იგი ძირითადად გამოვლინდება კანის ლოკალური დაზიანებებით, გენერალიზებული ფორმები შედარებით იშვიათია. გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება ხელის მტევნებისა და ტერფების მიდამოებში, კოჭ-წვივის სახსრის, წინამხრებისა და წვივების არეებში. რგოლისებრი გრანულომა იწყება კანისფერი პაპულის გაჩენით, რომლის ცენტრიც თანდათან განიცდის ინვოლუციას და ყალიბდება მცირე ზომის მკვრივი პაპულებისგან წარმოქმნილი რგოლი. თვეების განმავლობაში რგოლები ერთიანდება ერთ კონცენტრირებულ ბალთად. დაავადება სუბიექტურ შეგრძნებებს არ იწვევს. რგოლისებრი გრანულომა ზოგჯერ ასოცირდება შაქრიან დიაბეტთან.

კანის დაავადებები

პერიორალური დერმატიტი Perioral dermatitis

პერიორალური დერმატიტი ძირითადად ქალებში გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული კლინიკური სურათით. ზიანდება პირის, ცხვირისა და თვალების ირგვლივ კანის არეები. ტუჩების მოსაზღვრე უბნები არ ზიანდება. გამონაყარი გამოვლინდება მცირე ზომის აქერცვლადი პაპულებისა და პუსტულების სახით. პერიორალური დერმატიტი ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ქავილი.  ადგილობრივად გამონაყარზე  სტეროიდული მალამოების გამოყენება იძლევა მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას და შესაძლოა ხელი შეუწყოს დაზიანების პროგრესს. დაავადება ხშირად მიმდინარეობს ქრონიკულად, პერიოდული გამწვავებებით.

კანის დაავადებები

ნაწიბური

ჰიპერტროფული ნაწიბური

ჰიპერტროფული ნაწიბურის დამახასიათებელი ნიშანია ხანგრძლივი არსებობა. ნორმოტროფული ნაწიბურისგან განსხვავებით იგი პერსისტირებს უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე თვის განმავლობაში. გამოვლინდება როგორც კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამოწეული, მკვრივი, გლუვი, სადა ზედაპირის მქონე, კანისფერი, მოვარდისფრო ან წითელი წარმონაქმნი, რომლის საზღვრებიც შემოიფარგლება პირველადი დაზიანების უბნით.

 

 

                                        კელოიდური ნაწიბური

                                                    Keloidum

კელოიდური ნაწიბური პაციენტებს ძირითადად აწუხებთ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. სუბიექტურ ჩივილებს ის ძალიან იშვიათად იწვევს. ვითარდება კანის დაზიანების ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი განვითარების შედეგად. შესაძლოა წარმოიქმნას ტრავმის, დამწვრობის, აკნეს შემდგომ პეროიდში. უფრო ხშირია მისი განვითარება ახალგაზრდა ასაკში. კელოიდური ნაწიბური გამოვლინდება როგორც მოწითალო-იისფერი, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, მკვეთრად შემოსაზღვრული, გლუვი ზედაპირისა და მკვრივი კონსისტენციის მქონე წარმონაქმნი. იგი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის. კელოიდური ნაწიბურის საზღვრები სცილდება პირველადი დაზიანების არეს. პრაქტიკულად არ განიცდის უკუგანვითარებას. მკურნალობის მეთოდებიდან ეფექტურია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ინექციები და ფრაქციული ლაზეროთერაპია.

კანის დაავადებები

მუნი Scabies

მუნი კანის პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც იწვევს Sarcoptes scabiei hominis გვარის ტკიპა. დაავადება სწრაფად ვრცელდება და ხასიათდება ძლიერი ქავილით. იშვიათი გამონაკლისია მისი ერთეული შემთხვევები. ძირითადად აღინიშნება მუნის  ინფექციის გამოვლენა ოჯახის წევრებსა და დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებშიც. გამონაყარის მნიშვნელოვანი ელემენტია მუნის სავალი, რომელიც ხშირად ლოკალიზდება თითებშუა ნაოჭებში, თითების გვერდით ზედაპირებზე, სხივ-მაჯის სახსრის მიდამოებში, სასქესო არეებზე, მუცელსა და დუნდულებზე. მცირეწლოვან ბავშვებში აღინიშნება თავის მიდამოს, ხელისგულებისა და ფეხისგულების დაზიანებაც. მუნის გამონაყარი ძირითადად ვლინდება ვეზიკულების, პაპულებისა და დიდი ზომის კვანძების სახით. მკვეთრი ქავილის გამო ხშირია კანის დაინფიცირება ბაქტერიული ფლორით და შედეგად პუსტულების განვითარება.