კანის დაავადებები

სხეულის დერმატომიკოზი Tinea corporis

სხეულის დერმატომიკოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც აზიანებს სადა კანსა და თმის ფოლიკულებს. გამონაყარი გამოვლინდება ტანსა და კიდურებზე. სხეულის დერმატომიკოზი შესაძლოა გამოვლინდეს კანის ზერელე ან ღრმა დაზიანებით. კანის ზერელე დაზიანება იწყება მცირე ზომის პაპულის განვითარებით, რომლის ირგვლივაც თანდათან ვრცელდება პროცესი. საბოლოოდ ყალიბდება შემოფარგლული, მომრგვალო ფორმის, მკვეთრად შემოსაზღვრული კერა, რომელსაც აქვს გამოსახული ქობა. ქობის დამახასიათებელი ნიშნებია მკვეთრი აქერცვლა, პაპულებისა და ვეზიკულების არსებობა. კერის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს ზომიერად აქერცლილ მოყავისფრო ლაქას ერთეული პაპულებით. სუბიექტური ჩივილებიდან გამოხატულია მსუბუქი ქავილი. ღრმა დაზიანების შემთხვევაში ვლინდება მკვეთრად ანთებითი კერა, რომელიც ამოწეულია კანის დონიდან, წარმოდგენილია მრავლობითი წითელი პაპულებითა და პუსტულებით. ფოლიკულური პუსტულების გამოვლენა ინფექციის ღრმად, თმის ფოლიკულებამდე გავრცელებაზე მიუთითებს. განსაკუთრებული ფორმაა მაიოკის გრანულომა, რომელიც წარმოადგენს ღრმა სოკოვან ინფექციას და ლოკალიზებულია წვივებზე.

Leave a comment