მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

რა არის მეხუთე დაავადება ( მეხუთე ინფექცია, ინფექციური ერითემა) და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

მეხუთე დაავადება, ინფექციური ერითემა, გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, უპირატესად ბავშვებში. ყველაზე ხშირად ეს დაავადება ვლინდება 5-14 წლის ასაკის ბავშვებში და არაიშვიათად ატარებს ეპიდემიურ ხასიათს;

მეხუთე ინფექციის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება ორ კვირამდე. გამომწვევია პარვოვირუსი B19. უპირატესი გადაცემის გზა-ჰაერ-წვეთოვანია, თუმცა შესაძლოა გადაცემა სხვა გზებითაც. მეხუთე ინფექცია არ გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით, არ ავადდება ყველა კონტაქტში მყოფი პირი;

დაავადების უმეტეს შემთხვევაში პროდრომალურ პერიოდში სიმპტომები ზოგადია, არამძაფრი და მინიმალური (ყელის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა, სახსრების ტკივილი);

მეხუთე ინფექციისთვის განსაკუთრებული მახასიათებელია გამოკვეთილი და სპეციფიური გამონაყარი კანზე, როგორიცაა მკვეთრი წითელი ლოყები და ,,მაქმანისებურად მოხატული“ ერითემული გამონაყარი კიდურებზე.

თავდაპირველად ლოყებზე სიმეტრიულად გაჩენილი წითელი ფერის წვრილი პაპულური გამონაყარი რამდენიმე საათში ერთიანდება, მცირედ შუპდება  და ღებულობს ,,წითელი ლოყების“ ფორმას. ლოყები შეხებისას თბილია. მეხუთე ინფექციისთვის ასევე სპეციფიურად დამახასიათებელია ცხვირტუჩის ნაოჭისა და ტუჩების ირგვლივ არეების სიფერმკრთალე. სახეზე დაწყებული გამონაყარი დაახლოებით ოთხ დღემდე გრძელდება. პროცესში მალევე ერთვება კიდურები, სპეციფიური ,,მაქმანისებური“ ერითემული გამონაყარით, რომელიც ასევე ვრცელდება ტანსა და დუნდულებზე;

გამონაყარის გაჩენის შემდეგ დაავადება გადამდები აღარ არის;

მეხუთე დაავადების სპეციფიური მიმდინარეობა ვლინდება 2-3 კვირის განმავლობაში გამონაყარის პერიოდულად გამოვლენა- გაქრობით;

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სახსრების დაზიანებები (ხშირია მსხვილი სახსრების დაზიანება, როგორიცაა მუხლის, კოჭ-წვივის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის). სიმპტომები ხშირად ხანგრძლივდება;

გამონაყარი მთლიანად ლაგდება უკვალოდ;

რეკომენდაცია: საჭიროა ბავში მოვარიდოთ მზის სხივებს, არ ვაბანაოთ ცხელ წყალში და შევუნარჩუნოთ სიმშვიდე ( ავარიდოთ როგორც ემოციური, ისე ფიზიკური დატვირთვა).

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჩვილ ბავშვთა (ინფანტილური) ჰემანგიომა

ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა ხშირად არის მშობლებისთვის საინტერესო და მრავალი კითხვის მომცველი პრობლემა. რა არის ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა და არის თუ არა ეს სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი ჩვენი შვილებისთვის საშიში?  

ჩვილ ბავშვთა (ინფანტილური) ჰემანგიომა წლამდე კანზე გამოვლენილი ერთერთი ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მშობლების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახალშობილის კანზე მისი აღმოჩენა  უპირატესად ხდება ბავშვის დაბადებისთანავე ან დაბადებიდან რამდენიმე კვირაში. ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეა, რომელიც შესაძლოა განსხვავებული კლინიკით გამოვლინდეს კანზე. ზედაპირული ფორმა მკვეთრი წითელი ფერით გამოირჩევა, უფრო ღრმა ფორმის შემთხვევაში წარმონაქმნს მოლურჯო ელფერი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა არის სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, ადვილად სისხლმდენია ტრავმირების შემთხვევაში და შესაძლოა დაწყლულდეს კიდეც. იგი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და ხასიათდება კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. ახასიათებს უკუგანვითარება, რომელიც შესამჩნევი ხდება დაახლოებით 1-2 წლის ასაკიდან. 5-6 წლის ასაკში წარმონაქმნთა დაახლოებით ნახევარი უკუგანვითარებულია, უმეტესი ნაწილი კი დაახლოებით 10 წლისთვის უკუვითარდება.  ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომის ადგილას რჩება მოყვითალო ელფერის კანის შეცვლილი ტექსტურით წარმოდგენილი კერა ხშირად ტელეანგიექტაზიური (ადგილობრივად გაფართოვებული სისხლძართვოვანი ქსელი) ჩანართით. ამ პროცესზე დაკვირვებისთვის მეტად სასარგებლო და ინფორმაციულია ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ დინამიკაში წარმონაქმნის განვითარებას და ვაწარმოოთ შედარება ადრე არსებულ მდგომარეობასთან.

აქვე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომის მდებარეობა! თუ ეს წარმონაქმნი მდებარეობს სპეციფიურ ადგილას (თვალთან, ცხვირთან, საშარდე სისტემასთან და ა.შ) და ხელს უშლის ბავშვის ფუნქციურ განვითარებას, აუცილებელია დავგეგმოთ მისი დროული მოცილება.

Uncategorized

COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული კანის პრობლემები

COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული კანის პრობლემები ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად შესწავლადი  და დინამიკაში დაკვირვებით  ყოველდღიურად  განახლებადია; ვინაიდან COVID-19 ინფექციასთან ასოცირებული სპეციფიური გამონაყარის მსგავსი კლინიკური სურათი ხშირად ვითარდება მრავალი სხვა არაინფექციური და ინფექციური პათოლოგიების შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს მდგომარეობა; ზოგიერთი კვლევის მიხედვით COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული კანის სპეციფიური გამონაყარი გარკვეულწილად კავშირშია ასაკთან;

კანის პათოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ გამოვლინებად ითვლება მოყინვის მსგავსი გამონაყარი, რომელიც უპირატესად ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში ვლინდება. ხშირად აღწერილი  ერითემატოზული მაკულო-პაპულოზური გამონაყარი  საშუალო ასაკის პაციენტებში ჭარბობს.  უპირატესად საშუალო ასაკის პაციენტებში აღინიშნება ვეზიკულური გამონაყარიც, რომელიც დიაგნოსტიკური შეცდომების ხშირი მიზეზია. ურტიკარული გამონაყარი, რომელიც ხშირად წამლისმიერ ალერგიულ რეაქციასთან, ტოქსიდერმიასთან დიფერენცირებას მოითხოვს, ხშირია ზრდასრულებში. COVID-19 ინფექციასთან ასოცირებული ვასკულარული გამონაყარი, როგორებიცაა ლივედო, პეტექია,  პურპურა, შედარებით იშვიათია და გვხვდება უპირატესად ასაკოვან პაციენტებში. ასევე შესაძლოა განვითარდეს აკრო იშემიის (კიდურების დისტალური იშემიის) მახასიათებლები.

ბავშვებსა და მოზარდებში განვითარებულ COVID -19 ინფექციასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ხშირ პათოლოგიას წარმოადგენს მრავალფორმიანი ერითემის მსგავსი გამონაყარი.    

მასმედია

სტატიები

ჟურნალი გზა – რა იწვევს კანზე გამონაყარის გაჩენას?

სტატია იხილეთ შემდეგ ლინკზე:http://gza.kvirispalitra.ge/life/7856-ra-icvevs-kanze-gamonaqaris-gachenas/

ჟურნალი გზა – რა იწ­ვევს თმის ცვე­ნას?

სტატია იხილეთ შემდეგ ლინკზე: http://gza.kvirispalitra.ge/taim-auti/3153-ra-icvevs-tmis-cvenas/

ჟურნალი გზა – ჰერ­პე­სი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა

სტატია იხილეთ შემდეგ ლინკზე:http://gza.kvirispalitra.ge/taim-auti/2918-herpesi-gadamdebi-daavadebaa/

მასმედია

რადიო გადაცემები

როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად და როდის არის აუცილებელი სახიდან ხალის მოცილება – რადიო ფორტუნა, სილამაზის აკადემია

სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://fortuna.ge/fortuna/show-archive/rodis-unda-viyot-frtkhilad-da-rodis-aris-aucilebeli-sakhidan-khalis-mocileba-silamazis-akademia?fbclid=IwAR3zxwnG39Z1e2wpUKOjstIh2cJ4EeP0fihL28TwmDSh8fJmO0cjSaslYxQ

როგორ მოვუაროთ დაზიანებულ თმასა და ფრჩხილებს – რადიო ფორტუნა, სილამაზის აკადემია

სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://fortuna.ge/fortuna-plus/show-archive/rogor-movuarot-dazianebul-tmasa-da-frchkhilebs-silamazis-akademia?fbclid=IwAR1EKXb78lx-SY7ehwhg04brZ8J4tv7jiSPBb0FLlzXWUN_801spL3YJi8U

როგორ აისახება კანზე რუჯი და კანის რა პრობლემებია ზაფხულში – რადიო ფორტუნა, სილამაზის აკადემია

სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://www.fortuna.ge/fortuna/show-archive/rogor-aisakheba-kanze-ruji-da-kanis-ra-problemebia-zafkhulshi-silamazis-akademia?fbclid=IwAR0eBDuL4HUe9kiVieibmYXfe8ejYckbFPzw2UDcKbohJ_1BIXHPgMqPsz0

მასმედია

სატელევიზიო გადაცემები

ქალების ნარატივი – რუჯის მიღების რეკომენდაციები

ტელეკომპანია კავკასია – გაზაფხული და კანის პრობლემები

ტელეკომპანია კავკასია – არის თუ არა ხალი საშიში

მთავარი ექიმი – როგორ დავადგინოთ ხალის ავთვისებიანობა

შუა დღე – სოკოვანი დაავადებები

შუა დღე – კანის დაავადებები

Uncategorized

კანის სოკოვანი დაავადებები

ზაფხულის პერიოდში მეტად აქტუალური ხდება კანის სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემები. გარემოს მაღალი ტემპერატურა, მომატებული ტენიანობა და  დაუფარავი კანის ხშირი მიკროტრავმები თუ სოკოვანი ინფექციით დაავადებულ ცხოველთან უშუალო  კონტაქტი მნიშვნელოვან  ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება. ღია ფეხსაცმლის ტარებასთან ერთად ხშირად მივიწყებული  ფრჩხილის სოკოვანი დაავადებაც გვახსენებს თავს. დამოუკიდებლად ეს პრობლემა სუბიექტური შეგრძნებების არარსებობის გამო ხშირად როგორც კოსმეტიკური დეფექტი ისე ხდება შემაწუხებელი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრჩხილების სოკოვანი დაავადება ინფექციის წყაროა როგორც პაციენტის კანისთვის, ისე გარშემომყოფთათვის. განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ერთობიან მშობლების ფეხსაცმელების  ტარებით. ფრჩხილების მკვეთრი გასქელება, ფშვნადობა, მოყვითალო-მღვრიე  ან მოყვითალო-მორუხო ელფერი  აუცილებლად  საჭირობს სათანადო ყურადღებას. კანზე გამოვლენილი სოკოვანი ინფექცია სხვადასხვა სახის გამონაყარით ვლინდება, რაც გამომწვევის სახეობაზეა დამოკიდებული.

განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩევა კანის ნაოჭებში განვითარებული კანდიდოზური ინფექცია. წითელი, მბრწყინავი ზედაპირის მქონე ზერელე ეროზიები, რომელთა გარშემოც, საღ კანზე აღინიშნება სატელიტური პაპულების არსებობა,  ხშირად  ვითარდება მსხვილი ნაოჭების არეებში (საზარდულის, იღლიის, მკერდქვეშა).  ვიწრო ტანსაცმლის ტარება, ჭარბი წონა, დიაბეტი, ჰიგიენის დაუცველობა,  ადგილობრივად სტეროიდული მალამოების გამოყენება თუ ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია  ამ ინფექციის ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება.

გარუჯვის შემდეგ ზოგი პაციენტი  ვიტილიგოს დიაგნოზს თავად უსვამს საკუთარ თავს. ზოგჯერ არ ახსოვს, ზოგჯერ კარგი დაფიქრების შემდეგ ახსენდება კანის ამ უბნებზე არსებული  ლაქები, რომელიც განსხვავებულად  გამოიყურებოდა.   კანის სოკოვანი დაავადების ამ სახეობის სახელწოდებაც ხომ მის მრავალფეროვან გამოვლინებას ასახავს. სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს წარმოქმნილი ლაქები შეიძლება იყოს  ვარდისფერი, მოყვითალო-ყავისფერი ან თეთრი.  თეთრი ფერის გამონაყარი ხშირად გამოვლინდება გარუჯულ კანზე.   

კანის სოკოვანი დაავადებების კლინიკური გამოვლინებების შესახაებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე Dermalife.ge.

ერთად  ვიზრუნოთ თქვენი კანის ჯანმრთელობაზე!

კეთილი სურვილებით,

 დერმატოლოგი  ხათუნა კუდავა

Uncategorized

რა არის კავასაკის დაავადება და რა ცვლილებებს იწვევს იგი კანზე?

კავასაკის  დაავადება  უცნობი ეტიოლოგიის, მწვავედ მიმდინარე,  მულტისისტემური ვასკულიტია.  ეს  პათოლოგია გვხვდება  ძირითადად 12 წლამდე  ასაკის  ბავშვებში, უპირატესად  ხუთ წლამდე.

დაავადება ხასიათდება ცხელებით,  ცერვიკალური (კისრის ლიმფური ჯირკვლების) ლიმფადენოპათიით, კონიუქტივიტითა და  პათოლოგიური ცვლილებებით პირის ღრუში (ხშირად ვითარდება  ,,ჟოლოსებრი ენა).“  დაავადების  გართულებების მხრივ საყურადღებოა  გულ-სისხლძარღვთა  პათოლოგიები.  კავასაკის  დაავადებით  ბავშვებში ხშირად ვითარდება მიოკარდიტი,  სხვადასხვა  სახის რითმის დარღვევები და ზოგჯერ ანევრიზმებიც.  

კავასაკის დაავადებისთვის დამახასიათებელი ერთერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი კანზე გამონაყარია.  პოლიმორფული გამონაყარი კანზე ჩნდება დაავადების დაწყებიდან მალევე.  განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ურტიკარული და  დიფუზური მუქი წითელი ფერის  ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი.  ვითარდება მკვეთრად  გამოხატული  ანთების სიმპტომები საფენის მიდამოში.  აღინიშნება  ხელისგულებისა და ტერფების  კანის  სიწითლე, თითებისა და ტერფების მკვეთრად გამოხატული შესიებით.  შესაძლოა გამოვლინდეს  მტკივნეულობა თითების მოძრაობისა და სიარულის გაძნელებითაც.  ტუჩები ხდება მშრალი და  აქერცვლადი.   

Uncategorized

როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად და როდის არის აუცილებელი სახიდან ხალის მოცილება – სტუმრად რადიო ფორტუნაში

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა მოვუაროთ სახეზე ხალებს და როდის უნდა მოვიცილოთ ხალები – ამ თემებზე დერმატოლოგმა ხათუნა კუდავამ გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ისაუბრა.

რა ტიპის ხალები არსებობს?

ხალებთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს, განსხვავებულია ადამიანების დამოკიდებულებაც მათ მიმართ. ზოგი თვლის, რომ ხალები მისი სხეულის ნაწილია და ამიტომაც ხელშეუხებელია, ზოგს კი იმდენად აწუხებს მათი არსებობა, როგორც კოსმეტიკური დეფექტის, რომ აუცილებლად თვლის მათ მოცილებას. რა უნდა ვიცოდეთ ხალების შესახებ იმისათვის, რომ  საკუთარ გარეგნობაზეც  ვიფიქროთ და არც ჩვენს ჯანმრთელობას მივაყენოთ ზიანი?
ხალი (ნევუსი) ნევუსური უჯრედებისგან განვითარებული  წარმონაქმნია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. ხალების უმრავლესობა კეთილთვისებიანია და მათგან მხოლოდ 20-30% აქვს მელანომად გადაგვარების რისკი. ხალები შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. სხვადასხვაგვარი  თანდაყოლილი  ხალები  ვლინდება დაბადებისთანავე ან ადრეულ ნეონატალურ პერიოდში. შეძენილი ხალების წარმოქმნა იწყება ბავშვთა ასაკში, გავრცელებისა და განვითარების პიკს კი პუბერტატულ ასაკში აღწევს. ხალების განვითარებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ორსულობა და კლიმაქტერული პერიოდიც.

რასთან არის კავშირში ხალების რაოდენობა?

ხალების რაოდენობა გარკვეულ კავშირშია გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან, თუმცა მათ წარმოქმნასა და ზომაში ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მზის სხივები. სწორედ ამიტომაც ხალების დიდი ნაწილი წარმოიქმნება კანის მზესთან უშუალო კონტაქტის უბნებში. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მოგვიანებით ( 30 წლის შემდეგ) წარმოქმნილი ხალები, რომლებიც გაჩნდა მზისგან დაფარულ კანის უბნებზე და დიდი ზომის თანდაყოლილი ნევუსები.

ხალები შესაძლოა იყოს კანის დონესთან გათანაბრებული ან კანიდან ამოწეული, გლუვი ან მეჭეჭოვანი ზედაპირით,  სხვადასხვა ზომისა და  შეფერილობის (ვარდისფერი, ყავისფერი, ლურჯი, შავი). არსებობს უპიგმენტო ხალებიც. ხალი შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე, თავის თმიან მიდამოსა და ფრჩხილქვეშა არეებშიც.

როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად და როდის არის აუცილებელი ხალის მოცილება?

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მელანომის ოჯახური ანამნეზი, განსაკუთრებით დიდი ზომის ხალების არსებობა,  ხალების დიდი რაოდენობა და მათი არაერთგვაროვნება. მნიშვნელოვანია ხალების გარეგან ცვლილებებზე დაკვირვება.სწორედ გარეგანი ცვლილებების გამოვლენის  (ზომაში მკვეთრი ზრდა, არასწორი კიდეები, სხვადასხვაფერის პიგმენტების არათანაბარი განაწილება  წარმონაქმნში) და სუბიექტური ჩივილების  (წვა, ტკივილი, ქავილი) გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ხალების ხშირი დაზიანება, დამწვრობა და დაწყლულებაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ნევუსის გარეგნული ცვლილებების შემჩნევა საწყის ეტაპზე მარტივი არ არის, განსაკუთრებით თუ ის მდებარეობს ზურგზე ან თავის თმიან არეში. ადამიანებს, კი რომელთაც სურთ რომ მოიცილონ ხალები როგორც კოსმეტიკური დეფექტი ან როგორც ავთვისებიან წარმონაქმნად გადაგვარების რისკის მქონე წარმონაქმნები, ვურჩევ ყურადღებით დააკვირდნენ თავიანთ წარმონაქმნებს და   პირველ ეტაპზე ჩაიტარონ  ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა.  ეს გახლავთ თანამედროვე, სრულიად არაინვაზიური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ხალში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება. წარმონაქმნის ავთვისებიანობის გამოსავლენად შექმნილი სისტემები (ABCD, 7-POINT CHECK-LIST, MOLE EXPERT MICRO) მახასიათებლების ციფრობრივი დამუშავების მეშვეობით საშუალებას იძლევა განისაზღვროს კონკრეტული ხალი უსაფრთხოა თუ აუცილებელია მისი მოცილება. გამოკვლევის შემდეგ პაციენტს ეძლება რეკომენდაციები და სასარგებლო რჩევები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი იხილეთ შემდეგ ლინკზე: https://fortuna.ge/fortuna/show-archive/rodis-unda-viyot-frtkhilad-da-rodis-aris-aucilebeli-sakhidan-khalis-mocileba-silamazis-akademia?fbclid=IwAR2l24VdxiBir9QsPPmpTWCLcYZcrzggMOohjr_8fnds7Heps4nXx27gEk4

Uncategorized

რა იწვევს კანზე გამონაყარის გაჩენას? ჟურნალი გზა

“კანის ჩირქოვანი დაავადებების კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია”

პეციალისტების თქმით, კანზე გამონაყარის გაჩენა ძალზე საყურადღებოა, რადგან ზოგჯერ ეს დაავადებაზე მიგვანიშნებს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა კანზე გამონაყარი გაჩნდება, ამ საკითხზე ექიმი-დერმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა კუდავა გვესაუბრება.

– კანის მოვლა ძალზე აქტუალურია, ხშირად ადამიანებს კანზე გამონაყარი აწუხებთ, ზოგჯერ ჩირქოვანია და ამას მტკივნეულად განიცდიან. რა იწვევს კანის ჩირქოვან დაავადებებს?

– ზაფხულის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური ხდება კანის ჩირქოვანი დაავადებები. პიოდერმია კანის ჩირქოვანი დაზიანებაა, რომელიც მასში ჩირქმბადი მიკრობების შეღწევის შედეგად ვითარდება. კანის ჩირქოვანი დაავადებების, პიოდერმიების ბევრი სახეობა არსებობს. რაც შეეხება მათ განვითარებას, ეს საკითხი შეიძლება ორი მიმართულებით განვიხილოთ: ერთი, როგორც დამოუკიდებლად განვითარებული დაავადებების ჯგუფი და მეორე, როგორც კანის სხვა დაავადებების გართულებები. მოგეხსენებათ, კანს აქვს ბარიერული ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების განვითარებისთვის. როცა ეს ფუნქცია ირღვევა, მაშინ პიოდერმიების განვითარებისთვის საუკეთესო პირობები იქმნება. პროცესი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: კანის pH-ის, ოფლისა და ცხიმის როგორც რაოდენობრივ, ისე შემცველობით ცვლილებებს, კანის მთლიანობის დარღვევებს (ნაკაწრები, ნახეთქები, სხვადასხვა სახის ტრავმების არსებობა). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კანის სიმშრალეს, როცა განსაკუთრებით დაუცველია კანი. სწორედ ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება და დამატენიანებელი საშუალებების აქტიური გამოყენება, აგრეთვე, კვების რაციონის ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრება.

– მაინც რა იწვევს ამ დაავადებას?

– პიოდერმიის გამომწვევები ძირითადად, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ბაქტერიებია, იშვიათად – სხვა სახის. დაავადების წყარო შესაძლოა იყოს დაბინძურებული ჰაერი, ოთახის მტვერი, ტანსაცმელი და სხვა. ბაქტერიები კანის მექანიკური ან ქიმიური დაზიანების დროს წარმოიქმნება – ამ დროს მიკრობი კანის შრეებში აღწევს და ანთებას იწვევს. ჩირქის გაჩენა მიუთითებს, რომ იმ უბანზე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. კანის ჩირქოვანი დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებებიც, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

– რომელ დაავადებას გამოყოფდით?

– პიოდერმიის ხელშემწყობი შეიძლება გახდეს: კუჭ-ნაწლავის, ცენტრალური ნერვული სისტემის, ღვიძლისა და სისხლის დაავადებები, ვიტამინების ცვლის დარღვევა, ჰიპოვიტამინოზი და გადაღლა, ხშირია პიოდერმიების გამოვლენა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში. კანის ჩირქოვანი დაავადებების კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლიკულიტებს, ვულგარულ სიკოზს (სინონიმი – სტაფილოკოკური სიკოზი), ფურუნკულს (ძირმაგარა). ფურუნკული სტაფილოდერმიის ღრმა ფორმაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თმის ბუდისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ჩირქოვან-ნეკროზული ანთება, კარბუნკული (ეს არის ფურუნკულის გროვა, რომელიც ვითარდება კანქვეშ) და სხვა. პიოდერმიის ერთ-ერთი ძალზე გავრცელებული ფორმაა იმპეტიგო. კანის ეს პათოლოგია განსაკუთრებით მომატებული სიხშირით ზაფხულის პერიოდში და უპირატესად ბავშვებში გამოირჩევა. კანზე გამოვლინდება როგორც ზერელე ფორმის ჩირქოვანი დაზიანება, მეტად ფლიქტენების ფორმით, რომლებიც მოგვიანებით იფარება მოყვითალო ფერის ქერქით. განსაკუთებით ხშირად ზიანდება სახე, ტანი და კიდურები, თუმცა არც ასე იშვიათია გამონაყარი თავის თმიან არეში. დაავადება სწრაფად ვრცელდება ბავშვებში პირდაპირი კონტაქტის გზით ან საერთო დაინფიცირებული სათამაშოებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. წყალი იმპეტიგოს გამომწვევი არ არის, თუმცა ხშირი ბანაობა ხელს უწყობს გამონაყარის გავრცელებას, ისევე, როგორც საერთოდ, თბილი ტენიანი კლიმატი და ჰიგიენის დაუცველობა.

პიოდერმიების ფართოდ გავრ­ცელებულ ჯგუფს მიეკუთვნება ფოლიკულიტებიც ანუ თმის ფოლიკულის ანთება. თუმცა, ამ დაავადებაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავსი კლინიკური გამოვლინებით მიმდინარე განსხვავებული ეტიოლოგიის პათოლოგიები (მექანიკური ფოლიკულიტი, სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფოლიკულიტი, სტეროიდული ფოლიკულიტი, ოკლუზიური ფოლიკულიტი, “ცხელი აბაზანის” ფოლიკულიტი, ეოზინოფილური ფოლიკულიტი). მისი გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციაა. თავდაპირველ ეტაპებზე დაზიანება გამოიყურება როგორც მცირე ზომის წითელი ამობურცულობა ან თეთრთავიანი მუწუკი თმის ფოლიკულის გარშემო. თმის ფოლიკულა მცირე ზომის ჯიბისებრი სხეულია, რომელშიც თმა იზრდება. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს და გარდაიქმნას ძნელად სამკურნალო, ფუფხიან მუწუკებად. მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში. თუმცა ფოლიკულიტი იწვევს ქავილს, ტკივილსა და უხერხულობას. მძიმე ინფექციები კი იწვევს თმის სამუდამო დაკარგვასა და ნაწიბურის გაჩენას. თუ პაციენტს აღენიშნება მსუბუქი ფორმა, მოსალოდნელია, რომ სახლის პირობებში მკურნალობის შედეგად, რამდენიმე დღეში ფოლიკულიტი გაქრეს. თუმცა ფოლიკულიტის უფრო სერიოზული შემთხვევების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პიოდერმია ასევე შეიძლება იყოს ქავილით მიმდინარე კანის სხვა დაავადებების (მუნი, ატოპიური დერმატიტი და სხვა) გართულებაც, მეორადი დაინფიცირების შემთხვევაში.

დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ჰიგიენისა და კანის მოვლის სწორი წესების დაცვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიოდერმიის გამონაყარი ადვილად ვრცელდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია გამონაყარის გამოვლენისთანავე მიმართოთ დერმატოლოგს. ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში, პრობლემის გადაწყვეტა გაცილებით მარტივია და მკურნალობა ხშირად, ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებით შემოიფარგლება. გავრცელებული პიოდერმიები და ღრმა დაზიანებები კი მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას ანტიბიოტიკებთან ერთად. თუ გამონაყარი გართულდა, ჯობს, შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს, რადგან თვითმკურნალობით გამოწვეული დაზიანების მკურნალობა ხშირად, უფრო რთულია, ვიდრე დაავადების.

– რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ მის შვილს კანზე გამონაყარი ხშირად უჩნდება?

– როგორც გითხარით, ბავშვებში პიოდერმია კონტაქტით ვრცელდება, ამიტომ თუ ოჯახში გამონაყარი ერთ ბავშვს აქვს, სხვები უნდა მოერიდონ მის საწოლში ჩაწოლას, ჩახუტებას, მისი ტანსაცმლის გამოყენებას. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ გამონაყარი არ გავრცელდეს. ბავშვებმა ხშირად იციან იმ ყავისფერი ქერქის მოგლეჯა, რომლის ქვეშაც ქსოვილების შეხორცება მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში პროცესი, რომელიც 8-10 დღეში დასრულდებოდა, შეიძლება მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

– კანის სიმშრალე ბევრ ადამიანს აწუხებს, რა იწვევს ამას?

– კანის სიმშრალე ანუ ქსეროზი კანის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც დამოუკიდებელი პრობლემა და დაკავშირებული იყოს კანის სხვა პათოლოგიებთან ან სხვა დაავადებებთან თუ მდგომარეობასთან (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, არასრულფასოვანი კვება, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი). ასეთ დროს პროცესი ვითარდება თანდათან. დეჰიდრატაციის შედეგად კანი ხდება გაღიზიანებული და ანთებითი, ზედაპირი გაუხეშებული და მცირედ აქერცვლადია. აღინიშნება ამ უბნის გაწითლება და ქავილი. მშრალ კანზე ხშირად ჩნდება ნახეთქები. ღრმა ნახეთქები სისხლმდენია და მტკივნეული. მშრალი კანი დაუცველია და ადვილად შეღწევადია როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციებისთვის. მშრალი კანის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო ფაქტორებს. ტენიანობის შემცირება გარემოში ხელს უწყობს ამ პრობლემის განვითარებას, აქედან გამომდინარე, მშრალი კანი ხშირად დაკავშირებულია სეზონთან. დაბალი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა ზამთარში იწვევს კანის რქოვანა შრეში წყლის რაოდენობის შემცირებას. მაღალი ტემპერატურა მშრალ გარემოში ასევე უარყოფითად აისახება კანზე. ერთ-ერთი ფაქტორია ასაკიც. ასაკოვან ადამიანებში მიმდინარე მეტაბოლური სინდრომები, შემცირებული სითხის მოთხოვნილება, კანის მიმდინარე ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი, საოფლე ჯირკვლების დაქვეითებული ფუნქციები – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც განაპირობებს კანის სიმშრალესა და დაქვეითებულ ელასტიკურობას. კანის დროებით გამოშრობა კი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთანაც.

– ასეთი შემთხვევებისთვის რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს?

– მშრალი კანი უნდა დავიბანოთ თბილი და არა ცხელი წყლით. დავიბანოთ მარტივი დასაბანი საშუალებებით, არომატიზატორების გარეშე. გამოვიყენოთ დამატენიანებელი საშუალება უშუალოდ დაბანის შემდეგ, რამდენიმე წუთში. არჩევანი უნდა გავაკეთოთ ემოლიენტებისა და კრემების ადგილობრივ მოხმარებაზე. ბუნებრივი საშუალებებიდან, ლოკალური გამოყენებისთვის სასარგებლოა ზეითუნის ზეთისა და შიის კარაქის გამოყენება. ძალზე ეფექტიანია რძის მჟავას, შარდოვანას, ჰიალურონის მჟავას შემცველი დამატენიანებელი კრემები, ასევე, ლანოლინის შემცველი პროდუქტები. ვეცადოთ ჩვენი კვების რაციონი ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი იყო.


ჟურნალისტი – თეა ხურცილავა

http://gza.kvirispalitra.ge/life/7856-ra-itsvevs-kanze-gamonayaris-gachenas.html?fbclid=IwAR34gKiLG-G43Jwe82vH67dL2YgjRio-97jPJaH6kp9wnk4molY93eSK-ew