კანის დაავადებები

    ჰიპერტროფული ნაწიბური

ჰიპერტროფული ნაწიბურის დამახასიათებელი ნიშანია ხანგრძლივი არსებობა. ნორმოტროფული ნაწიბურისგან განსხვავებით იგი პერსისტირებს უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე თვის განმავლობაში. გამოვლინდება როგორც კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამოწეული, მკვრივი, გლუვი, სადა ზედაპირის მქონე, კანისფერი, მოვარდისფრო ან წითელი წარმონაქმნი, რომლის საზღვრებიც შემოიფარგლება პირველადი დაზიანების უბნით.

კანის დაავადებები

ჰერპეტიფორმული დერმატიტი Dermatitis herpetiformis

ჰერპეტიფორმული დერმატიტი წარმოადგენს კანის ქრონიკულ, იშვიათ დაავადებას, რომელიც ასოცირებულია გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათიასთან. დაავადება მიმდინარეობს ძლიერი, შემაწუხებელი  ქავილით. ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს გამონაყარი უპირატესად ლოკალიზებულია სიმეტრიულად იდაყვების, მუხლების, კუდუსუნისა და თავის თმიან არეებში. კანზე გამონაყარი ძირითადად ვლინდება ვეზიკულების ფორმით, თუმცა არაიშვიათია ერითემული, ურტიკარული, პაპულური და ბულოზური ელემენტების არსებობაც.

კანის დაავადებები

ჰერპეს ზოსტერი                                              (სარტყლისებური ლიქენი) Herpes zoster

ჰერპეს ზოსტერი (სარტყლისებური ლიქენი) კანზე გამოვლენილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც დაკავშირებულია ჩუტყვავილას ვირუსის რეაქტივაციასთან. ჩუტყვავილას ვირუსის რეაქტივაციაში განსაზღვრულ როლს თამაშობს ასაკი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, გადაღლა, სტრესი და სხვა.  ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენის)  მნიშვნელოვანი მახასიათებელია ტკივილი, რომელიც  წინ უსწრებს კანზე გამონაყარის გამოვლენას და ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზიც ხდება. დაზიანებული ნერვული  ღეროს შესაბამისად ჰერპესულმა ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს პლევრიტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიებისა და სხვა დაავადებების სიმულირება. ტკივილისა ან პარესთეზიის ფონზე წარმოიქმნება ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენის) გამონაყარი, რომელიც გამოვლინდება  შეშუპებულ, ერითემატოზულ ფონზე  ჯგუფებად დალაგებული, სხვადასხვა ზომის ბუშტუკების სახით. გამონაყარი განლაგებულია კანზე დაზიანებული ნერვის გასწვრივ. ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენის) გართულება შესაძლოა იყოს კერის მეორადი დაინფიცირება ბაქტერიული ფლორით, კანის დაზიანებული უბნის დანეკროზება, პოსტჰერპესული ნევრალგიები.

კანის დაავადებები

ვარდისფერი პიტირიაზი (ჯიბერის დაავადება) Pityriasis rosea

კლინიკური თავისებურება, გამოვლენის ინფექციასთან და სეზონურობასთან კავშირი ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზის ინფექციურ-ალერგიული გენეზის ამსახველია. დაავადება ძირითადად ვლინდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მის აღმოცენებას ძალიან ხშირად წინ უსწრებს 3-4 კვირით ადრე გადატანილი ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. თავდაპირველად ჩნდება გამონაყარის მხოლოდ ერთი ელემენტი (დედისეული ბალთა),  რომელიც თანდათან იზრდება ზომაში. შემდეგ იწყება გამონაყარის ელემენტების ბიძგისებური გამოყრა მრავლობითი გამონაყარის გამოვლენით. ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით 4-8 კვირა. ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზის გამონაყარი წარმოადგენს პაპულურ-სქვამოზურ, მომრგვალო-ოვალური ფორმის, მოვარდისფრო-წითელი ფერის ელემენტს. იგი უპირატესად ლოკალიზებულია გულმკერდის, ზურგისა და ზედა კიდურების არეებში, თუმცა არაიშვიათია გამონაყარის გამოვლინება მუცლის ქვედა არის კანზეც. მკურნალობა სიმპტომურია.

კანის დაავადებები

 შემოფარგლული სკლეროდერმია (მორფეა) Morphea

შემოფარგლული სკლეროდერმია (მორფეა) წარმოადგენს იდიოპათიურ დაავადებას, რომელიც გამოვლინდება კანზე სკლეროზული ბალთების არსებობით. გავრცელების მიხედვით  მორფეა შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან გენერალიზებული. საწყისში შემოფარგლული სკლეროდერმიის (მორფეას) კერები ანთებითია და აქვს იისფერი ელფერი. მოგვიანებით დაზიანების კერებში ისახება  ჰიპერპიგმენტაცია, ფიბროზი და ატროფია. შემოფარგლული სკლეროდერმიის (მორფეას) კლინიკურ ფორმას წარმოადგენს ხაზოვანი სკლეროდერმია, რომელიც ძირითადად გამოვლინდება კიდურებისა და თავის ( შუბლისა და თავის თმიანი არის) მიდამოებში.

კანის დაავადებები

შავი აკანტოზი Acanthosis nigricans

უსიმპტომო, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც არჩევითად აზიანებს კანის ნაოჭებს. შავი აკანტოზის  დროს ზიანდება კისრის, იღლიების, საზარდულის ნაოჭები,  მუხლქვეშა და იდაყვების სახსრების მომხრელი ზედაპირების კანი. დაავადებისთვის დამახასიათებელია სიმეტრიული გამოვლინება. პაციენტებს ხშირად აწუხებთ ,,ჭუჭყისფრი“ ლაქები, რომელთა მოცილებასაც ვერ ახერხებენ ბანაობის დროს. შავი აკანტოზის დროს კანის დაზიანებული უბანი გასქელებულია, ყავისფრი, ხავერდოვანი ელფერით. ზედაპირი შესაძლოა იყოს ხორკლიანი ან პაპილომატოზური.  დაავადება ხშირად ასოცირდება ენდოკრინულ დაავადებებთან, ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატების (ესტროგენები, ნიკოტინის მჟავა) მიღებასთან.

კანის დაავადებები

ფსორიაზი Psoriazis

ფსორიაზი უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ფრჩხილებსა და სახსრებს.

კლინიკური ფორმები:

ბალთოვანი ფსორიაზი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. გამონაყარი ვლინდება მკვეთრად შემოფარგლული, მუქი წითელი ფერის, მომრგვალო-ოვალური ფორმის პაპულებით, რომლებიც ხშირად ერთიანდება დიდი ზომის ბალთებად. პაპულები იფარება მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის, კანთან მკვეთრად მიმაგრებული ქერცლებით. ყველაზე ხშირად ზიანდება იდაყვებისა და მუხლების გამშლელი ზედაპირები, თავის თმიანი არე, წელის მიდამო.

ლოკალიზებული პუსტულური ფსორიაზი ვლინდება პუსტულების განვითარებით ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.

გენერალიზებული პუსტულური ფსორიაზი მძიმედ მიმდინარე ფორმაა, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და მტკივნეულობა.

ინტერტრიგინოზული ფსორიაზი ვითარდება მომხრელ ან ინტერტრიგინოზულ არეებში, ხშირად საზარდულისა და მკერდქვეშა ნაოჭებში. დამახასიათებელია კანდიდოზური ინფექციის თანდართვა.

წვეთოვანი ფსორიაზის განვითარება ხშირად ასოცირდება სტრეპტოკოკულ ინფექციასთან.

ერითროდერმული ფსორიაზი  განსაკუთრებით მძიმე ფორმაა, რომელიც ხასიათდება მთელი კანის სიწითლით, მტკივნეულობით, მაღალი ტემპერატურითა და შემცივნებებით.

ფრჩხილების დაზიანება ფსორიაზის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით: წერტილოვანი ჩანაჭდევები, ონიქოლიზისი, ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, ზეთოვანი ლაქის ფენომენი და ფრჩხილების დისტროფია.

კანის დაავადებები

ფოლიკულური კერატოზი პილარული კერატოზი

ფოლიკულური კერატოზი (პილარული კერატოზი) ფართოდ გავრცელებული კანის პათოლოგიაა, უპირატესად ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.  ყველაზე ხშირად ზიანდება მხრების, ბარძაყებისა და დუნდულების არეები. ფოლიკულური კერატოზი (პილარული კერატოზი) კლინიკურად ვლინდება მრავლობითი, მონომორფული, მცირე ზომის, აქერცვლადი პაპულებით. გამონაყარის გაჩენა დაკავშირებულია ფოლიკულებთან და განპირობებულია კერატინული საცობების წარმოქმნითა და პერიფოლიკულური ანთებით.

კანის დაავადებები

ფოლიკულიტი Folliculitis

ფოლიკულიტი თმის ფოლიკულის ანთებითი დაავადებაა, რომელიც კლინიკურად ვლინდება  ერითემატოზული ქობით შემოფარგლული კონუსისებრი პუსტულებით. გამონაყარი ვითარდება უეცრად, ზოგჯერ მტკივნეულია. გამომწვევი მიზეზის  მიხედვით გამოიყოფა ფოლიკულიტის შემდეგი ფორმები:

მექანიკური ფოლიკულიტი

ბაქტერიული ფოლიკულიტი

სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფოლიკულიტი

სტეროიდული ფოლიკულიტი

ოკლუზიური ფოლიკულიტი

,,ცხელი აბაზანის“ ფოლიკულიტი

ეოზინოფილური ფოლიკულიტი

კანის დაავადებები

ტერფის მეჭეჭები Verrucae plantaris

ტერფის მეჭეჭები პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ლოკალიზდება ტერფებზე. გამოვლინდება ერთეული ან მრავლობითი, კანისფერი, გარქოვანებული პაპულების სახით. გამონაყარის ელემენტები ხშირად ერთიანდება. პაპულებს უპირატესად აქვს ჩაზნექილი ფორმა, მათ ზედაპირზე კი ისახება შავი წერტილები – დათრომბილი კაპილარები. ტერფის მეჭეჭები ხშირად ვითარდება ტერფების მაქსიმალური დატვირთვის უბნებზე, ზეწოლისასას მტკივნეულია. მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.