
მეხუთე დაავადება, ინფექციური ერითემა, გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, უპირატესად ბავშვებში. ყველაზე ხშირად ეს დაავადება ვლინდება 5-14 წლის ასაკის ბავშვებში და არაიშვიათად ატარებს ეპიდემიურ ხასიათს;
მეხუთე ინფექციის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება ორ კვირამდე. გამომწვევია პარვოვირუსი B19. უპირატესი გადაცემის გზა-ჰაერ-წვეთოვანია, თუმცა შესაძლოა გადაცემა სხვა გზებითაც. მეხუთე ინფექცია არ გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით, არ ავადდება ყველა კონტაქტში მყოფი პირი;
დაავადების უმეტეს შემთხვევაში პროდრომალურ პერიოდში სიმპტომები ზოგადია, არამძაფრი და მინიმალური (ყელის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა, სახსრების ტკივილი);
მეხუთე ინფექციისთვის განსაკუთრებული მახასიათებელია გამოკვეთილი და სპეციფიური გამონაყარი კანზე, როგორიცაა მკვეთრი წითელი ლოყები და ,,მაქმანისებურად მოხატული“ ერითემული გამონაყარი კიდურებზე.
თავდაპირველად ლოყებზე სიმეტრიულად გაჩენილი წითელი ფერის წვრილი პაპულური გამონაყარი რამდენიმე საათში ერთიანდება, მცირედ შუპდება და ღებულობს ,,წითელი ლოყების“ ფორმას. ლოყები შეხებისას თბილია. მეხუთე ინფექციისთვის ასევე სპეციფიურად დამახასიათებელია ცხვირტუჩის ნაოჭისა და ტუჩების ირგვლივ არეების სიფერმკრთალე. სახეზე დაწყებული გამონაყარი დაახლოებით ოთხ დღემდე გრძელდება. პროცესში მალევე ერთვება კიდურები, სპეციფიური ,,მაქმანისებური“ ერითემული გამონაყარით, რომელიც ასევე ვრცელდება ტანსა და დუნდულებზე;
გამონაყარის გაჩენის შემდეგ დაავადება გადამდები აღარ არის;
მეხუთე დაავადების სპეციფიური მიმდინარეობა ვლინდება 2-3 კვირის განმავლობაში გამონაყარის პერიოდულად გამოვლენა- გაქრობით;
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სახსრების დაზიანებები (ხშირია მსხვილი სახსრების დაზიანება, როგორიცაა მუხლის, კოჭ-წვივის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის). სიმპტომები ხშირად ხანგრძლივდება;
გამონაყარი მთლიანად ლაგდება უკვალოდ;
რეკომენდაცია: საჭიროა ბავში მოვარიდოთ მზის სხივებს, არ ვაბანაოთ ცხელ წყალში და შევუნარჩუნოთ სიმშვიდე ( ავარიდოთ როგორც ემოციური, ისე ფიზიკური დატვირთვა).