
ზაფხულის პერიოდში მეტად აქტუალური ხდება კანის სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემები. გარემოს მაღალი ტემპერატურა, მომატებული ტენიანობა და დაუფარავი კანის ხშირი მიკროტრავმები თუ სოკოვანი ინფექციით დაავადებულ ცხოველთან უშუალო კონტაქტი მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება. ღია ფეხსაცმლის ტარებასთან ერთად ხშირად მივიწყებული ფრჩხილის სოკოვანი დაავადებაც გვახსენებს თავს. დამოუკიდებლად ეს პრობლემა სუბიექტური შეგრძნებების არარსებობის გამო ხშირად როგორც კოსმეტიკური დეფექტი ისე ხდება შემაწუხებელი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფრჩხილების სოკოვანი დაავადება ინფექციის წყაროა როგორც პაციენტის კანისთვის, ისე გარშემომყოფთათვის. განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ერთობიან მშობლების ფეხსაცმელების ტარებით. ფრჩხილების მკვეთრი გასქელება, ფშვნადობა, მოყვითალო-მღვრიე ან მოყვითალო-მორუხო ელფერი აუცილებლად საჭირობს სათანადო ყურადღებას. კანზე გამოვლენილი სოკოვანი ინფექცია სხვადასხვა სახის გამონაყარით ვლინდება, რაც გამომწვევის სახეობაზეა დამოკიდებული.
განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩევა კანის ნაოჭებში განვითარებული კანდიდოზური ინფექცია. წითელი, მბრწყინავი ზედაპირის მქონე ზერელე ეროზიები, რომელთა გარშემოც, საღ კანზე აღინიშნება სატელიტური პაპულების არსებობა, ხშირად ვითარდება მსხვილი ნაოჭების არეებში (საზარდულის, იღლიის, მკერდქვეშა). ვიწრო ტანსაცმლის ტარება, ჭარბი წონა, დიაბეტი, ჰიგიენის დაუცველობა, ადგილობრივად სტეროიდული მალამოების გამოყენება თუ ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია ამ ინფექციის ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება.
გარუჯვის შემდეგ ზოგი პაციენტი ვიტილიგოს დიაგნოზს თავად უსვამს საკუთარ თავს. ზოგჯერ არ ახსოვს, ზოგჯერ კარგი დაფიქრების შემდეგ ახსენდება კანის ამ უბნებზე არსებული ლაქები, რომელიც განსხვავებულად გამოიყურებოდა. კანის სოკოვანი დაავადების ამ სახეობის სახელწოდებაც ხომ მის მრავალფეროვან გამოვლინებას ასახავს. სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს წარმოქმნილი ლაქები შეიძლება იყოს ვარდისფერი, მოყვითალო-ყავისფერი ან თეთრი. თეთრი ფერის გამონაყარი ხშირად გამოვლინდება გარუჯულ კანზე.
კანის სოკოვანი დაავადებების კლინიკური გამოვლინებების შესახაებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე Dermalife.ge.
ერთად ვიზრუნოთ თქვენი კანის ჯანმრთელობაზე!
კეთილი სურვილებით,
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა