
კავასაკის დაავადება უცნობი ეტიოლოგიის, მწვავედ მიმდინარე, მულტისისტემური ვასკულიტია. ეს პათოლოგია გვხვდება ძირითადად 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, უპირატესად ხუთ წლამდე.
დაავადება ხასიათდება ცხელებით, ცერვიკალური (კისრის ლიმფური ჯირკვლების) ლიმფადენოპათიით, კონიუქტივიტითა და პათოლოგიური ცვლილებებით პირის ღრუში (ხშირად ვითარდება ,,ჟოლოსებრი ენა).“ დაავადების გართულებების მხრივ საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. კავასაკის დაავადებით ბავშვებში ხშირად ვითარდება მიოკარდიტი, სხვადასხვა სახის რითმის დარღვევები და ზოგჯერ ანევრიზმებიც.
კავასაკის დაავადებისთვის დამახასიათებელი ერთერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი კანზე გამონაყარია. პოლიმორფული გამონაყარი კანზე ჩნდება დაავადების დაწყებიდან მალევე. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ურტიკარული და დიფუზური მუქი წითელი ფერის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი. ვითარდება მკვეთრად გამოხატული ანთების სიმპტომები საფენის მიდამოში. აღინიშნება ხელისგულებისა და ტერფების კანის სიწითლე, თითებისა და ტერფების მკვეთრად გამოხატული შესიებით. შესაძლოა გამოვლინდეს მტკივნეულობა თითების მოძრაობისა და სიარულის გაძნელებითაც. ტუჩები ხდება მშრალი და აქერცვლადი.