თავის თმიანი არის მიკოზი ბავშვთა ასაკში გავრცელებული ინფექციაა. ეს დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომების საფუძველია. კლინიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თავის თმიანი არის მიკოზი შესაძლოა როგორც ბაქტერიული ინფექციის (ფურუნკულის, კარბუნკული), ისე ბუდობრივი ალოპეციის, თავის თმიანი არის ფსორიაზის, აზბესტისებური ლიქენის, სებორეული დერმატიტის იმიტატორად მოგვევლინოს. თუ გაწუხებთ თავის თმიან არეში ერთი ან რამდენიმე შემოფარგლული, ანთებითი, მტკივნეული უბანი, ზედაპირზე მრავლობითი პუსტულებით, რომელშიც თმის ღერები ადვილად ძვრება და ალოპეციის კერა ყალიბდება (მისი გამოსავალი შესაძლოა იყოს ნაწიბუროვანი ალოპეცია) ან ერთი ან რამდენიმე ნაკლებად ანთებითი ქერცლით დაფარული უბანი, კერაში გადამტვრეული თმის ღერებით, ნუ დაგვავიწყდებათ თავის თმიანი არის მიკოზის არსებობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, კონკრეტული გამომწვევის იდენტიფიცირება და სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება. დაავადება გადამდებია და გასათვალისწინებელია არამხოლოდ კონკრეტული პაციენტის გართულებების პრევენცია, არამედ კონტაქტში მყოფი პირების დაცვის უზრუნველყოფაც. საქართველოში ეს დაავადება თავისებური ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მახასიათებლებით ხასიათდება. ჩემი მრავალწლიანი კვლევის შედეგები ასახულია სადისერტაციო ნაშრომში: ,,თავის თმიანი არის მიკოზების კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური ანალიზი.“
ხათუნა კუდავა
ექიმი დერმატოლოგი
მედიცინის აკადემიური დოქტორი
ასოც. პროფესორი