
როზაცეა უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სახის მიდამოს კანს. გამონაყარი ვლინდება შუბლზე, ლოყებზე, ცხვირსა და თვალების ირგვლივ არეებში სხვადასხვა რაოდენობის პაპულებითა და პუსტულებით (დაავადების სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე). როზაცეის დროს კომედონები არ ვითარდება. დაავადებისთვის დამახასიათებელი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია სისხლძარღვოვანი კომპონენტების უპირატესი გამოვლინება. როზაცეის სხვადასხვა ეტაპზე არსებული ჰიპერემია, ერითემა და ტელეანგიექტაზები შესაძლოა მისი ერთადერთი გამოვლინება იყოს. ქრონიკული ღრმა ანთებითი პროცესის შემთხვევაში, ძირითადად მამაკაცებში, ცხვირის არეში ვითარდება კანის შეუქცევადი გასქელება – რინოფიმა. დაავადებას ხშირად თან ერთვის სხვადასხვა ოფთალმოლოგიური სიმპტომებიც (კონიუქტივიტი, მტკივნეულობა და შავი წერტილების შეგრძნება, ცრემლდენა).