პერიორალური დერმატიტი ძირითადად ქალებში გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული კლინიკური სურათით. ზიანდება პირის, ცხვირისა და თვალების ირგვლივ კანის არეები. ტუჩების მოსაზღვრე უბნები არ ზიანდება. გამონაყარი გამოვლინდება მცირე ზომის აქერცვლადი პაპულებისა და პუსტულების სახით. პერიორალური დერმატიტი ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ქავილი. ადგილობრივად გამონაყარზე სტეროიდული მალამოების გამოყენება იძლევა მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას და შესაძლოა ხელი შეუწყოს დაზიანების პროგრესს. დაავადება ხშირად მიმდინარეობს ქრონიკულად, პერიოდული გამწვავებებით.