ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ვითარდება კანის სხვადასხვა ალერგენებთან კონტაქტის შედეგად. დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს მეტალთან, კოსმეტიკურ საშუალებებთან, საღებავებთან, გარეგანად გამოსაყენებელ სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა კანის შეხება. ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დროს განვითარებული კლინიკური სურათი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, ალერგენის კონცენტრაციაზე, მოქმედების არეალსა და ხანგრძლივობაზე. თავდაპირველად დერმატიტი ვითარდება ალერგენის უშუალო მოქმედების არეში, შემდეგ კი სცილდება მას და სხვა მიდამოებსაც მოიცავს. ალერგიული კონტაქტური დერმატიტისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ქავილი და გამონაყარი. გამონაყარი ვლინდება შეშუპებულ კანზე გამოვლენილი ბუშტუკებით ან შემოფარგლული ერითემული უბნებით, ზედაპირზე გამოხატული აქერცვლით. შესაძლოა ბუშტების განვითარებაც. პირველ ეტაპზე აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა და მასთან კონტაქტის შეწყვეტა. ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სამკურნალოდ პრეპარატები ინიშნება დაავადების სიმძიმისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით.
გაღიზიანებითი კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარის გამოვლენა შემოიფარგლება კანის ალერგენთან უშუალო შეხების არეალით.