მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ზამთარი და ბავშვის კანი

რჩევები მშობლებს!

ზამთარი ბავშვის კანისთვის ერთგვარი სტრესია. მშრალი, ნაკლებ ტენიანი, ცივი ჰაერი ბავშვის კანის მნიშვნელოვან გამოშრობას იწვევს. ვითარდება ნახეთქები ტუჩებზე, ზოგჯერ წითელი, გაღიზიანებული და აქერცლილი კერები სახეზე, ტანსა და კიდურებზე, რასაც თან ახლავს ქავილი. ზამთარში განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვები ატოპური დერმატიტით.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა მშობლებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუაროთ თქვენი პატარების კანს ზამთარში:

დამატენიანებელი საშუალებები: მეტი კომფორტისთვის უმჯობესია აირჩიოთ დამატენიანებელი საშუალების კრემის ან ლოსიონის ფორმა; საცხი უნდა იყოს სპეციფიური სუნის გარეშე (არომატიზატორებისგან თავისუფალი), რათა თავიდან ავიცილოთ კანის ზედმეტი გაღიზიანება. არ გამოიყენოთ სპირტზე დამზადებული ადგილობრივი საცხები. ისინი იწვევს კანის გამოშრობას. დამატენიანებელი საშუალებები ბავშვს კანზე წაუსვით ბანაობის დამთავრებისთანავე, სანამ კანი ჯერ კიდევ ნოტიოა.

დაბანა: ჩვილი ბავშვებისთვის წყალში ყოფნა და ბანაობა განსაკუთრებით სასიამოვნო რუტინული პროცესია. ზამთრის პერიოდში შეამცირეთ ბანაობის ხანგრძლივობა, რადგან დიდი ხნით წყალქვეშ ყოფნა ხელს უწყობს კანის გამოშრობას. მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურაც. მოკლე ხანგრძლივობის აბაზანები თბილ წყალში თქვენი პატარებისთვის საუკეთესოა. სასურველია გამოვიყენოთ აბაზანის პროდუქტები სპეციფიური დანამატებისა და საპნის გარეშე;

მზესთან კონტაქტი: მზესთან კონტაქტი ზამთარშიც ისევე აქტუალურია, როგორც ზაფხულში. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ჩვილებთან მიმართებაში. 6 თვემდე ბავშვები მაქსიმალურად მოარიდეთ მზის სხივებთან პირდაპირ კონტაქტს. ამყოფეთ ბუნებრივ ჩრდილში, ეტლით გასეირნებისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი ეტლის ფარი. არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი 6 თვემდე ასაკის ჩვილებში. 6 თვეზე უფროსი ასაკის ჩვილებისთვის მზისგან დამცავი კრემის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ მზეზე გატარებული დრო მაინც შეზღუდული უნდა იყოს. როცა ბავშვი ციგით ან თხილამურებით სრიალებს, იგი ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდილი რისკის ქვეშ არის, ამიტომაც აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.

მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ტანსაცმელი. თუ თქვენი პატარა ძალიან თბება და იწყებს ოფლიანობას, ამან შეიძლება გააღიზიანოს მისი კანი. გამოიყენეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი რბილი, სუნთქვადი ქსოვილებით, რომლებიც არ აღიზიანებს კანს.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სახლში გამათბობლების გამოყენება ძალიან აშრობს ჰაერს, ამიტომაც იზრუნეთ სახლში ჰაერის დატენიანებაზეც. #ბავშვისკანიდაზამთარი

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

კანის სოკოვანი ინფექციები ბავშვებში

რჩევები მშობლებს!

ბავშვებში კანის სოკოვანი დაავადების მრავალი ფორმა არსებობს, დაკავშირებული სხვადასხვა გამომწვევთან და გამოვლენილი განსხვავებული კლინიკური ფორმით. ერთერთი მეტად გავრცელებული ფორმაა სხეულის დერმატომიკოზი. კანის სოკოვანი დაავადების დროს გამონაყარი შესაძლოა განვითარდეს სახეზე, ტანსა და კიდურებზე. დამახასიათებელია მომრგვალო-ოვალური ფორმის ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც შემოსაზღვრულია მკვეთრი წითელი ფერის, კანის დონიდან ამოწეული ქობით და ხასიათდება ღია ფერის ცენტრით. გამონაყარს ახასიათებს ზედაპირული აქერცვლა. მკურნალობის გარეშე კანის სოკოვანი დაავადების ცალკეული გამონაყარი შესაძლოა გაერთიანდეს დიდ კერებად. დერმატომიკოზები (კანის სოკოვანი დაავადებები) ბავშვთა ასაკში ხშირად არის დიაგნოსტიკური შეცდომებისა და მეორადი გართულებიბის მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი თვითნებურად მკურნალობს კორტიკოსტეროიდული მალამოებით ან კრემებით. დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდეგ შედეგი მალევე ხდება თვალსაჩინო. სოკოვანი ინფექცია სრულად განკურნებადია და არ ტოვებს კვალს კანზე. კანის სოკოვანი დაავადების მკურნალობის მედიკამენტოზური ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის გავრცელებული გამონაყარი და სხეულის რა უბნებს მოიცავს.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

კონტაგიოზური მოლუსკი ბავშვებში

რჩევები მშობლებს!

კონტაგიოზური მოლუსკი კანის ვირუსული ინფექციაა, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებში. ხშირად ვლინდება სახეზე, ტანზე, სასქესო არეებზე, ზედა კიდურებისა და ბარძაყების არეებში. გამონაყარი არ ვითარდება ხელისა და ფეხისგულებზე. კონტაგიოზური მოლუსკი გადამდები ინფექციაა. დაავადებული ბავშვი წარმოადგენს ინფექციის წყაროს სხვა ბავშვებისთვისაც. მისი გავრცელება ხდება როგორც პირდაპირი (კანის კანთან კონტაქტი), ისე არაპირდაპირი (საგნების, როგორიცაა მაგ. აქსესუარები შხაპისთვის)  კონტაქტის გზითაც. აუტოინოკულაციიის  შედეგად დაავადებული პაციენტის კანზე ვირუსი ადვილად ვრცელდება. ჩვეულებრივ კონტაგიოზური მოლუსკის გამონაყარი არ იწვევს ქავილს და ტკივილს. იგი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ხშირია ჯგუფად განლაგებული გამონაყარის ელემენტების გამოვლენა. კონტაგიოზური მოლუსკი კლინიკურად წარმოადგენს მოვარდისფრო ან კანისფერ მომრგვალო-ოვალური ფორმის პაპულას, ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. ზომაში მატებასთან ერთად მისი ფორმა უფრო გამოხატული ხდება. შეიცავს ,,ხაჭოსებრ შიგთვსს“, ამიტომაც შეხებით რბილია. კონტაგიოზური მოლუსკის ანთების ან ტრავმის შედეგად იცვლება მისი სახე და შესაძლოა გაჩნდეს სუბიექტური ჩივილებიც (მტკივნეულობა და ქავილი). ეს ვირუსული დაავადება შემოიფარგლება მხოლოდ კანის დაზიანებით, არ იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას, არ საჭიროებს სპეციფიურ სისხლის ანალიზებს და ბიოფსიას. ატიპური გამოვლენის შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად საკმარისია ციფრული დერმატოსკოპია.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!

დერმატოლო ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჰალო ნევუსი ( სეტონის ხალი, რეგრესული ხალი) ბავშვებში

ხალების  ირგვლივ თეთრი ქობის გაჩენა ყურადღების გარეშე არასდროს  რჩება და ხშირად მელანომის შიშსაც იწვევს. ასეთი ცვლილება ხშირად ვითარდება ბავშვებში და არცთუ იშვიათად მოიცავს რამდენიმე ხალს. რა არის ჰალო ნევუსი და არის თუ არა ხალის ასეთი ცვლილება საშიში?

ჰალო ნევუსი ( სეტონის ხალი, რეგრესული ხალი) არის ხალი, რომლის ირგვლივაც როგორც სიმეტრიული ქობა ვითარდება დეპიგმენტური (თეთრი) ლაქა. ასეთი ხალების უმრავლესობა კეთილთვისებიანი დერმალური ნევუსია. შედეგად ხალი თანდათან უფერულდება და ბოლოს სრულიად ქრება, ხოლო დეპიგმენტური უბანი აღიდგენს ფერს. ხალის ასეთი ცვლილება ხშირად ასოცირდება აუტოიმუნურ პროცესებთან და დაავადებებთან, ზოგჯერ შესაძლოა იყოს ვიტილიგოს გამოვლინება. თუმცა იშვიათად ვლინდება როგორც მელანომის თანმხლები ცვლილება. ამიტომაც აუცილებელია შეფასდეს არა მხოლოდ დეპიგმენტური ლაქა, არამედ ხალი სტრუქტურულად მასში მიმდინარე ცვლილებებით და მოხდეს დინამიკაში დაკვირვება. მსგავს შემთხვევაში კვლევის საუკეთესო მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

მეჭეჭები ბავშვებში

რჩევები მშობლებს!

ვულგარული (ჩვეულებრივი) მეჭეჭები გავრცელებული ინფექციაა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. მას დნმ-შემცველი პაპილომა ვირუსი იწვევს. იმისათვის რომ ვირუსი კანში მოხვდეს და დაავადება განვითარდეს, აუცილებელია კანის მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრის, ნახეთქის, სხვადასხვა ტრავმის არსებობა). მეჭეჭი კლინიკურად ვლინდება მომრგვალო ფორმის, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, კანისფერი, შეხებისას მკვრივი ჰიპერკერატოზული პაპულით. პაპულის ზედაპირზე ხშირად ისახება შავი წერტილები – დათრომბილი კაპილარები.  დიდი ზომის მეჭეჭის ზედაპირზე შესაძლოა განვითარდეს ნახეთქები. მეჭეჭი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ყველაზე ხშირად ვლინდება  ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების თითების არეებში, ასევე იდაყვებისა და მუხლების მიდამოებში. თავისებური ფორმით გამოირჩევა ძაფისებრი ფორმის მეჭეჭები, რომლებიც ხშირად ლოკალიზდება სახესა და თავის თმიან მიდამოში. ვულგარული მეჭეჭები ხასიათდება გამრავლებითა და გავრცელებით. პაპილომა ვირუსით გამოწვეული, კანზე გამოვლენილი ,,ჩვეულებრივი“ მეჭეჭები მხოლოდ კანის პათოლოგიაა და არ შეიცავს ავთვისებიანობის რისკებს, არ ასოცირდება შინაგანი ორგანოების პათოლოგიებთან. ატიპურ შემთხვევებში დიაგნოზის დასადასტურებლად საკმარისია ციფრული დერმატოსკოპია. მკურნალობის პროცედურული მეთოდებია: კრიოდესტრუქცია, ელექტროკოაგულაცია, ლაზეროთერაპია.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

რა არის მეხუთე დაავადება ( მეხუთე ინფექცია, ინფექციური ერითემა) და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

მეხუთე დაავადება, ინფექციური ერითემა, გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, უპირატესად ბავშვებში. ყველაზე ხშირად ეს დაავადება ვლინდება 5-14 წლის ასაკის ბავშვებში და არაიშვიათად ატარებს ეპიდემიურ ხასიათს;

მეხუთე ინფექციის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება ორ კვირამდე. გამომწვევია პარვოვირუსი B19. უპირატესი გადაცემის გზა-ჰაერ-წვეთოვანია, თუმცა შესაძლოა გადაცემა სხვა გზებითაც. მეხუთე ინფექცია არ გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით, არ ავადდება ყველა კონტაქტში მყოფი პირი;

დაავადების უმეტეს შემთხვევაში პროდრომალურ პერიოდში სიმპტომები ზოგადია, არამძაფრი და მინიმალური (ყელის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა, სახსრების ტკივილი);

მეხუთე ინფექციისთვის განსაკუთრებული მახასიათებელია გამოკვეთილი და სპეციფიური გამონაყარი კანზე, როგორიცაა მკვეთრი წითელი ლოყები და ,,მაქმანისებურად მოხატული“ ერითემული გამონაყარი კიდურებზე.

თავდაპირველად ლოყებზე სიმეტრიულად გაჩენილი წითელი ფერის წვრილი პაპულური გამონაყარი რამდენიმე საათში ერთიანდება, მცირედ შუპდება  და ღებულობს ,,წითელი ლოყების“ ფორმას. ლოყები შეხებისას თბილია. მეხუთე ინფექციისთვის ასევე სპეციფიურად დამახასიათებელია ცხვირტუჩის ნაოჭისა და ტუჩების ირგვლივ არეების სიფერმკრთალე. სახეზე დაწყებული გამონაყარი დაახლოებით ოთხ დღემდე გრძელდება. პროცესში მალევე ერთვება კიდურები, სპეციფიური ,,მაქმანისებური“ ერითემული გამონაყარით, რომელიც ასევე ვრცელდება ტანსა და დუნდულებზე;

გამონაყარის გაჩენის შემდეგ დაავადება გადამდები აღარ არის;

მეხუთე დაავადების სპეციფიური მიმდინარეობა ვლინდება 2-3 კვირის განმავლობაში გამონაყარის პერიოდულად გამოვლენა- გაქრობით;

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სახსრების დაზიანებები (ხშირია მსხვილი სახსრების დაზიანება, როგორიცაა მუხლის, კოჭ-წვივის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის). სიმპტომები ხშირად ხანგრძლივდება;

გამონაყარი მთლიანად ლაგდება უკვალოდ;

რეკომენდაცია: საჭიროა ბავში მოვარიდოთ მზის სხივებს, არ ვაბანაოთ ცხელ წყალში და შევუნარჩუნოთ სიმშვიდე ( ავარიდოთ როგორც ემოციური, ისე ფიზიკური დატვირთვა).

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჩვილ ბავშვთა (ინფანტილური) ჰემანგიომა

ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა ხშირად არის მშობლებისთვის საინტერესო და მრავალი კითხვის მომცველი პრობლემა. რა არის ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა და არის თუ არა ეს სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი ჩვენი შვილებისთვის საშიში?  

ჩვილ ბავშვთა (ინფანტილური) ჰემანგიომა წლამდე კანზე გამოვლენილი ერთერთი ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მშობლების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახალშობილის კანზე მისი აღმოჩენა  უპირატესად ხდება ბავშვის დაბადებისთანავე ან დაბადებიდან რამდენიმე კვირაში. ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეა, რომელიც შესაძლოა განსხვავებული კლინიკით გამოვლინდეს კანზე. ზედაპირული ფორმა მკვეთრი წითელი ფერით გამოირჩევა, უფრო ღრმა ფორმის შემთხვევაში წარმონაქმნს მოლურჯო ელფერი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა არის სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, ადვილად სისხლმდენია ტრავმირების შემთხვევაში და შესაძლოა დაწყლულდეს კიდეც. იგი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და ხასიათდება კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. ახასიათებს უკუგანვითარება, რომელიც შესამჩნევი ხდება დაახლოებით 1-2 წლის ასაკიდან. 5-6 წლის ასაკში წარმონაქმნთა დაახლოებით ნახევარი უკუგანვითარებულია, უმეტესი ნაწილი კი დაახლოებით 10 წლისთვის უკუვითარდება.  ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომის ადგილას რჩება მოყვითალო ელფერის კანის შეცვლილი ტექსტურით წარმოდგენილი კერა ხშირად ტელეანგიექტაზიური (ადგილობრივად გაფართოვებული სისხლძართვოვანი ქსელი) ჩანართით. ამ პროცესზე დაკვირვებისთვის მეტად სასარგებლო და ინფორმაციულია ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ დინამიკაში წარმონაქმნის განვითარებას და ვაწარმოოთ შედარება ადრე არსებულ მდგომარეობასთან.

აქვე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომის მდებარეობა! თუ ეს წარმონაქმნი მდებარეობს სპეციფიურ ადგილას (თვალთან, ცხვირთან, საშარდე სისტემასთან და ა.შ) და ხელს უშლის ბავშვის ფუნქციურ განვითარებას, აუცილებელია დავგეგმოთ მისი დროული მოცილება.

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჩვილ ბავშვთა დერმატიტები

საფენის დერმატიტი

საფენის დერმატიტი ჩვილ ბავშვთა მეტად გავრცელებული დერმატოზია. ხელოვნურად შექმნილი ოკლუზიური პირობები, რომელიც წარმოიქმნება საფენისა და პამპერსის გამოყენების შედეგად,  ხელსაყრელ გარემოს ქმნის დაავადების განვითარებისთვის. სველი საფენის დიდი ხნით ტარების შემთხვევაში, როცა ხდება შარდისა და განავლის შერევა, იზრდება კანის pH-ის დონე და ირღვევა კანის ბარიერული ფუნქცია. მაცერაციის ფორმით კანის დაზიანებას თან ახლავს ანთებითი სიმპტომებისა და ინფექციის თანდართვა. საფენის დერმატიტი შესაძლოა გამოვლინდეს ირიტაციული(გაღიზიანებითი) კონტაქტური დერმატიტის ან კანდიდოზური დერმატიტის ფორმით.

საფენის ირიტაციული კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი გამოვლინდება წითელი ფერის, მტკივნეული, აქერცვლადი, ეროზიული ბალთების ფორმით ნაოჭების დაზიანების გარეშე.

კანდიდოზური საფენის დერმატიტის გამომწვევი მიზეზია კანდიდას ჯგუფის სოკო. ამ ფორმის შემთხვევაში უპირატესად ზიანდება ნაოჭები (საზარდულისა და დუნდულათაშორისი). გამონაყარი გამოვლინდება მკვეთრი წითელი ფერის ბალთებით, მათ ირგვლივ კი ადვილად რღვევადი სატელიტური პუსტულებია. არასწორი და არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად დერმატიტი შესაძლოა გართულდეს გრანულომატოზური კვანძების წარმოქმნით.

სებორეული დერმატიტი ჩვილ ბავშვთა ასაკში  თავის  თმიანი არის დაზიანებასთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს ნაოჭების არეებშიც, მათ შორის საფენის არეშიც. გამონაყარი ვლინდება სასქესო არეებზე, საზარდულისა და დუნდულათაშორის ნაოჭების მიდამოებში წითელი აქერცვლადი ბალთების სახით.

ფსორიაზი, გამოვლენილი ჩვილ ბავშვთა ასაკში, შესაძლოა შემოიფარგლოს მხოლოდ საფენის არით.

საფენის არეში გამოვლენილი ინფექციური ეროზიები შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ მიდამოში განვითარებულ ჰერპესულ ან ბაქტერიულ (ბულოზური იმპეტიგო) ინფექციებს.

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ორსულთა ჰერპესი (Herpes gestationis)

ორსულთა ჰერპესი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვლინდება პოლიმორფული გამონაყარითა და მკვეთრად გამოხატული ქავილით. ეს დერმატოზი  უფრო ხშირად იწყება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, თუმცა შესაძლებელია მისი განვითარება როგორც ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ისე მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. ორსულთა ჰერპესის რეციდივები ზოგჯერ ვლინდება  განმეორებითი ორსულობების პერიოდში და ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს.  ორსულთა ეს დერმატოზი იწვევს კანზე გამონაყარს.  ლორწოვანი გარსების, თმებისა და ფრჩხილების დაზიანება არ აღინიშნება. გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება ტანზე, მუცელსა და გვერდით ზედაპირებზე. ძირითადად აღინიშნება პაპულებისა და ვეზიკულების არსებობა, აგრეთვე ვლინდება ურტიკარული გამონაყარი, ბუშტების, ეროზიებისა და ქერქების არსებობა. გამონაყარის ჯგუფურად განლაგებას უკავშირდება ამ დერმატოზის სახელწოდება – ,,ორსულთა ჰერპესი.“

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ორსულთა ქავანა ურტიკარული პაპულები

ორსულთა ყველაზე გავრცელებული დერმატოზია ქავანა ურტიკარული პაპულები. ეს დაავადება ხასიათდება მრავლობითი გამონაყარის სწრაფი გამოვლენით და გამოხატული ქავილით. გამონაყარი უპირატესად ლოკალიზდება მუცლის, ბარძაყების, დუნდულების, გულმკერდისა და ზურგის მიდამოებში. დაავადებისთვის მეტად დამახასიათებელია სტრიებისა და მის ირგვლივ არეებში გამონაყარის აღმოცენება. გამონაყარის ელემენტებია მკრთალი ქობით შემოსაზღვრული წითელი პაპულები, რომლებიც ზოგჯერ ერთიანდებიან ურტიკარულ ბალთებად. დაავადება უფრო ხშირად ვლინდება ორსულობის მესამე ტრიმესტრში და უკუვითარდება მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ან მშობიარობიდან ერთი კვირის განმავლობაში.