მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

,,ობობასმაგვარი ანგიომა“ ბავშვებში

წითელი ფერის წარმონაქმნის გაჩენა სახის არეში განსხვავებული ფორმისა და უეცარი გამოვლენის გამო ხშირად არის მშობლების შიშის მიზეზი. Nevus araneus სუსტად პულსირებადი, კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნია, რომელიც გვხვდება ბავშვთა ასაკში.

Nevus araneus – ,,ტელეანგიექტაზიური ანგიომა” მოიცავს ორ კომპონენტს: წითელი ფერის ცენტრალურ არტერიოლას და მასთან დაკავშირებულ ტელეანგიექტაზიურ სისხლძარღვოვან ქსელს. ასეთი ფორმის გამო მას ,,ობობასმაგვარ ანგიომას“ უწოდებან.

Nevus araneus თანდაყოლილი წარმონაქმნი არ არის. ბავშვებში ის ხშირად ჩნდება სახის არეში, ძირითადად ერთეული დაზიანებების სახით და კეთილთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება. მრავლობითი ,,ობობისმაგვარი ანგიომების“ გაჩენა უკავშირდება შინაგან პათოლოგიებს, უპირატესად ღვიძლის დაავადებებს.

დიაგნოზის დასადასტურებლად და დინამიკაში დაკვირვებისთვის საუკეთესო კვლევის მეთოდს წარმოადგენს ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ქუნთრუშა და იმპეტიგო ბავშვებში

კანზე გამოვლენილი სტრეპტოკოკული ინფექციები ბავშვებში ადვილად გავრცელებად და მეტად კონტაგიოზურ დაავადებებს მოიცავს. კანზე გამოვლენილი გამონაყარი შესაძლოა იყოს როგორც ზოგადი სტრეპტოკოკული ინფექციის ნაწილი, ისე მხოლოდ კანის ინფექცია, პროცესში შინაგანი ორგანოების ჩართულობის გარეშე. გავრცელების გზები მოიცავს ინფექციის გადაცემას უშუალო კონტაქტის, სათამაშოებისა და სხვა საერთო მოხმარების საგნების გზით (ასევე ჰაერწვეთოვან გადაცემას ქუნთრუშის შემთხვევაში).

ქუნთრუშა გავრცელებული სტრეპტოკოკული ინფექციაა, რომელიც ხშირად არის მიკროეპიდემიების მიზეზი. ამ შემთხვევაში კანის გამონაყარი ზოგადი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ვითარდება და ინფექციისთვის განსაკუთრებული მახასიათებელია. ქუნთრუშას ახასიათებს მწვავე დაწყება მაღალი ტემპერატურით, ყელის ტკივილით, პირის ღრუსა და ხახის მკვეთრი სიწითლით, ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით. დამახასიათებელი ნიშანია წითელი ფერის ,,ჟოლოსებრი ენა.“ ქუნთრუშისთვის პათოგნომური მახასიათებელია გამონაყარი კანზე. ძალიან მცირე ზომის, მრავლობითი წვრილკვანძოვანი გამონაყარი ვითარდება მკვეთრად წითელ, ერითემულ კანზე. ამ სიწითლის ფონზე გამოირჩევა ფერმკრთალი, თეთრი ფერის ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი. კანზე გამოვლენილი გამონაყარის ალაგება ხდება მისი თვალსაჩინო აქერცვლით.

იმპეტიგო კანის ზერელე დაზიანებით მიმდინარე ბაქტერიული ინფექციაა, პროცესში შინაგანი ორგანოების ჩართულობის გარეშე. ხშირი გამომწვევია სტრეპტოკოკი. იმპეტიგოს შემთხვევები ბავშვებში მატულობს ზაფხულის პერიოდში. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება სახის, თავის თმიანი მიდამოსა და კიდურების არეები. წარმოიქმნება დიდი ზომის ბუშტები, ზოგჯერ შედარებით მცირე ზომის ჩირქის შემცველი პუსტულები, რომლებიც დაფარულია თხელი საფარველით. საფარველი ადვილად ირღვევა, რის შედეგადაც ვლინდება ღია ეროზიული, მოყვითალო ნადებით დაფარული გამონაყარი. მოგვიანებით ეს ადგილები იფარება კანთან მჭიდროდ მიმაგრებული მოყვითალო-ოქროსფერი ქერქით. დაავადების გავრცლებას ხელს უწყობს თბილი, ტენიანი კლიმატი და ჰიგიენის დაუცველობა.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ვირუსული დაავადებები ბავშვებში

მეხუთე დაავადება (მეხუთე ინფექცია)

რჩევები მშობლებს!

მეხუთე დაავადება, ინფექციური ერითემა, გავრცელებული  ვირუსული დაავადებაა, უპირატესად ბავშვებში. ყველაზე ხშირად ეს დაავადება ვლინდება 5-14 წლის ასაკის ბავშვებში და არაიშვიათად ატარებს ეპიდემიურ ხასიათს;

მეხუთე ინფექციის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება ორ კვირამდე. გამომწვევია პარვოვირუსი B19. უპირატესი გადაცემის გზა-ჰაერ-წვეთოვანია, თუმცა შესაძლოა გადაცემა სხვა გზებითაც. მეხუთე ინფექცია არ გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით, არ ავადდება ყველა კონტაქტში მყოფი პირი;

დაავადების უმეტეს შემთხვევაში პროდრომალურ პერიოდში სიმპტომები ზოგადია, არამძაფრი და მინიმალური (ყელის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა, სახსრების ტკივილი);

მეხუთე ინფექციისთვის განსაკუთრებული მახასიათებელია გამოკვეთილი და სპეციფიური გამონაყარი კანზე, როგორიცაა მკვეთრი წითელი ლოყები და ,,მაქმანისებურად მოხატული“ ერითემული გამონაყარი კიდურებზე.

თავდაპირველად ლოყებზე სიმეტრიულად გაჩენილი წითელი ფერის წვრილი პაპულური გამონაყარი რამდენიმე საათში ერთიანდება, მცირედ შუპდება  და ღებულობს ,,წითელი ლოყების“ ფორმას. ლოყები შეხებისას თბილია. მეხუთე ინფექციისთვის ასევე სპეციფიურად დამახასიათებელია ცხვირტუჩის ნაოჭისა და ტუჩების ირგვლივ არეების სიფერმკრთალე. სახეზე დაწყებული გამონაყარი დაახლოებით ოთხ დღემდე გრძელდება. პროცესში მალევე ერთვება კიდურები, სპეციფიური ,,მაქმანისებური“ ერითემული გამონაყარით, რომელიც ასევე ვრცელდება ტანსა და დუნდულებზე;

გამონაყარის გაჩენის შემდეგ დაავადება გადამდები აღარ არის;

მეხუთე დაავადების სპეციფიური მიმდინარეობა ვლინდება 2-3 კვირის განმავლობაში გამონაყარის პერიოდულად გამოვლენა- გაქრობით;

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სახსრების დაზიანებები (ხშირია მსხვილი სახსრების დაზიანება, როგორიცაა მუხლის, კოჭ-წვივის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის). სიმპტომები ხშირად ხანგრძლივდება;

გამონაყარი მთლიანად ლაგდება უკვალოდ;

რეკომენდაცია: საჭიროა ბავში მოვარიდოთ მზის სხივებს, არ ვაბანაოთ ცხელ წყალში და შევუნარჩუნოთ სიმშვიდე ( ავარიდოთ როგორც ემოციური, ისე ფიზიკური დატვირთვა).

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ახალშობილთა აკნე

რჩევები მშობლებს!

აკნეს გამონაყარი ძირითადად ასოცირდება პუბერტატულ (,,გარდატეხის“ ასაკი) პერიოდთან, თუმცა ეს დაავადება შესაძლოა განვითარდეს ადრეულ ბავშვთა ასაკშიც, მათ შორის ახალშობილებშიც. ახალშობილთა აკნე ნეონატალური პერიოდის დერმატოზია და მშობლების წუხილს ხშირად იწვევს.  გამონაყარი ძირითადად ვლინდება დაბადებისთანავე ან პირველი თვის განმავლობაში სახეზე, გულმკერდისა და ზურგის არეებში ანთებითი პაპულებისა და პუსტულების სახით. დაავადების განვითარება აიხსნება იმით, რომ ტრანსპლაცენტარული გზით მოხვედრილი დედის ანდროგენული ჰორმონები იწვევს ნაყოფის ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივაციას და კომედონების ფორმირებას. ახალშობილთა აკნე   არ უკავშირდება კვებას და არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას. ახალშობილთა აკნე კეთილთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება და ხშირად სპონტანურად უკუვითარდება პირველი სამი თვის განმავლობაში. მხოლოდ ზოგჯერ საჭიროებს სიმპტომურ მკურნალობას.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჩუტყვავილა და ჰერპეს ზოსტერი

ჩუტყვავილა ბავშვებში ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც Varicella zoster-ის ვირუსი იწვევს. გამომდინარე იქიდან რომ დაავადება მეტად კონტაგიოზურია, ის ხშირად მიკროეპიდემიების მიზეზიც ხდება. ინფექციის გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ,,პირობითია“: ბავშვს განმეორებით ჩუტყვავილა არ ემართება, თუმცა მოზრდილ ასაკში მას ჰერპეს ზოსტერის განვითარების დიდი რისკი აქვს.

როდის არის გადამდები ჩუტყვავილა?

ინფექცია გადამდებია გამონაყარის გამოვლენამდე ორი-სამი დღით ადრეც. ამ პერიოდში ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს ტემპერატურა, თავის ტკივილი და სხვა ზოგადი სიმპტომები. ინფექცია გადამდებია ჩუტყვავილისთვის დამახასიათებელი მრავლობითი ბუშტუკოვანი გამონაყარის არსებობის მთელს პერიოდში, სანამ ეს ელემენტები არ დაიფარება ქერქით. ჩუტყვავილის გავრცელების გზა არის ჰაერწვეთვანი, თუმცა ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს გამონაყარის შიგთავსითაც დაავადებულ ბავშვთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში.

გასათვალისწინებელია, რომ გამონაყარი ვლინდება როგორც კანზე, ასევე ლორწოვან გარსებზეც (პირის ღრუში, სასქესო ორგანოების ლორწოვანზე, სადაც ბუშტუკები ადვილად სკდება). შესაძლოა სტრეპტო-სტაფილოკოკური ინფექციებით გართულება.

როდის ხდება ვირუსის ხელახალი კლინიკური გამოვლენა?

Varicella zoster სრული ელიმინაცია ორგანიზმიდან არ ხდება. სხვადასხვა პირობების არსებობისას, როცა ხდება იმუნიტეტის დაქვეითება, ვირუსი რეაქტივაციას განიცდის და გამოვლინდება ჰერპეს ზოსტერის ფორმით. ეს დაავადება ზრდასრულ ადამიანებში ვითარდება (თუმცა შესაძლოა ბავშვებშიც). ხასაითდება ერითემულ (წითელ) ფონზე განვითარებული ჯგუფებად განლაგებული ბუშტუკოვანი გამონაყარით და ძლიერი ტკივილით. გამონაყარი ყოველთვის ცალმხრივია და მოიცავს კონკრეტული ნერვული ღეროების გასწვრივ უბნებს, რაც მას სპეციფიურ ფორმას აძლევს (აქედან გამომდინარე ამ დაავადებას უწოდებენ სარტყლისებრ ლიქენსაც). გამონაყარი ხშირად ლოკალიზდება გულმკერდის, ნეკნების არეებში, კიდურების მიმდებარედ, სახეზე.

განსაკუთრებული შემთხვევები:

აუცილებლად უნდა დავიცვათ წესები ინფექციის თავიდან ასარიდებლად. ჩუტყვავილით დაავადებულ ბავშვთან კონტაქტის შემდეგ უფროს ასაკოვან ოჯახის წევრს შესაძლოა დაემართოს ჰერპეს ზოსტერი, ჰერპეს ზოსტერით დაავადებულ ზრდასრულთან კონტაქტის შემდეგ კი ბავშვს – გამოუვლინდეს ჩუტყვავილა.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა.

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

მუნი ბავშვებში

რა უნდა ვიცოდეთ ინფექციის შესახებ

რჩევები მშობლებს!

მუნი კანის პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც იწვევს Sarcoptes scabiei hominis სახის ტკიპა; დაავადება მეტად კონტაგიოზურია და ადვილად ვრცელდება. ინფექციის დადგენის შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის წევრებისა და დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირების შემოწმება;  მუნი ხასიათდება ძლიერი ქავილით, უპირატესად ღამის პერიოდში. გამონაყარი ხშირად ლოკალიზდება ხელის მტევნების კანზე, თითებშუა ნაოჭების, თითების გვერდითი ზედაპირების, სხივ-მაჯის სახსრების მიდამოების, სასქესო არეების, მუცლისა და დუნდულების კანზე;

 მცირეწლოვან ბავშვებში, უპირატესად წლამდე ასაკის ჩვილებში დამახასიათებელ ლოკალიზაციებთან ერთად გამონაყარი აღინიშნება სახის მიდამოს, ხელისგულებისა და ფეხისგულების კანზეც, რაც ზრდასრულებში არ გვხვდება;  ზრდასრულებში მუნის გამონაყარი ძირითადად ვლინდება მცირე ზომის, წყვილად განლაგებული პაპულების ფორმით. ჩვილებში კი დამახასიათებელ გამონაყართან ერთად არაიშვიათია დიდი ზომის კვანძების არსებობა და თანდართული ალერგიული რეაქციებიც;

მუნის დროული მკურნალობა მეტად მნიშვნელოვენია ინფექციის გავრცელებისა და მეორადი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა


მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ატოპიური დერმატიტი ბავშვებში

რჩევები მშობლებს!

ატოპიური დერმატიტი ერთერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა ბავშვთა ასაკში. ხშირი კითხვა მშობლებისგან: არის თუ არა ატოპიური დერმატიტი ეგზემა? ატოპიური დერმატიტი ეგზემის ერთერთი ფორმაა. დაავადების ,,გასაღები სიმპტომი“ არის ქავილი, რომელიც მეტად შემაწუხებელია დღის ნებისმიერ დროს. ატოპიური დერმატიტის პირველი ეპიზოდი ხშირად ვლინდება ორი-სამი თვის ასაკში. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დაზიანების კერები უპირატესად მოიცავს სახეს, კისრის არეს და ზოგჯერ კიდურების გამშლელ ზედაპირებს. ლოყების არეებში ვითარდება სიწითლე, ხშირად ზედაპირზე წვრილბუშტუკოვანი გამონაყარით;  ზოგჯერ კი გამონაყარი განისაზღვრება მკვეთრი სიმშრალითა და სიწითლით. უფრო დიდი ასაკის ბავშვებში განვითარებული ატოპიური დერმატიტი ძირითადად ვლინდება იდაყვებისა და მუხლების მომხრელ ზედაპირებზე მოვარდისფრო-იისფერი ლაქოვანი, ოდნავ გასქელებული (ლიქენიფიცირებული კანი) გამონაყარის კერებით, რომელიც ხშირი და ხანგრძლივი ქავილის შედეგია. ამ არეებში  შეინიშნება ქავილის შემდგომ განვითარებული ზედაპირული ნაკაწრებიც. სპეციფიური ლოკალიზაციების გარდა ატოპური დერმატიტის გამონაყარი შესაძლოა განვითარდეს კანის სხვა უბნებშიც ვარდისფერი, მსუბუქად აქერცლილი ლაქების სახით.

ატოპიური დერმატიტი ხშირად ასოცირდება  ალერგიულ დაავადებებთან.  მისი განვითარების საფუძველია კანის ბარიერული ფუნქციის განმსაზღვრელი ცილის, ფილაგრინის დეფიციტი, რაც იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს.  ატოპიური დერმატიტის დროს კანი კარგავს წყალს, ხდება მშრალი და ადვილად შეღწევადი სხვადასხვა მიკრობებისა და ალერგენებისთვის. დაავადების გამწვავებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება გარემო პირობების ცვლილება (ტენიანობის, ტემპერატურის ცვლილებები), კანის კონკრეტულ ნივთიერებებთან კონტაქტი (არომატიზატორების შემცველი კოსმეტიკური, მოვლის საშუალებები), უხეში ტანსაცმლის ტარება და სხვა.

რჩევები მშობლებს:

თუ თქვენს პატარას აქვს ატოპური დერმატიტი, იზრუნეთ მისი კანის მუდმივ დატენიანებაზე;

არ გამოიყენოთ სტეროიდული (ჰორმონული) და სხვა სპეციფიური ანთების საწინააღმდეგო მალამოები და კრემები ექიმის დანიშნულების გარეშე. გახსოვდეთ, მათი არასწორი მოხმარების შედეგად შესაძლოა განვითარდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

რატომ არის ბავშვის კანის დატენიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზამთარში

რჩევები მშობლებს!

ზამთრის პერიოდში ბავშვებში ხშირია მშრალ კანთან დაკავშირებული პრობლემები.  მიუხედავად განსხვავებული მიზეზებისა თითქმის ყველა შემთხვევას თან ახლავს დისკომფორტისა და სხვადასხვა ინტენსივობით გამოხატული ქავილის შეგრძნება. კანის ზოგად გამოშრობასთან ერთად ზოგჯერ ვლინდება ლოკალურად გამოხატული დერმატიტის ნიშნებიც. მსგავსი პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზებია

ატოპიური დერმატიტის გამწვავება და სიცივის ალერგია.

ატოპიური დერმატიტის შემთხვევებში სამი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებში გამონაყარი განსაკუთრებით ინტენსიურად ვლინდება სახისა და კისრის არეში, რასაც თან ახლავს სხეულსა და კიდურებზე ერთეული ან მრავლობითი არამკვეთრად შემოფარგლული ვარდისფერი ოდნავ აქერცლილი ლაქოვანი გამონაყარი.

სიცივის ალერგიის გამონაყარი ხშირად  ვლინდება სახესა და ხელის მტევნებზე.

დერმატიტის შემთხვევებში ბავშვის კანი ვარდისფერი ან მოწითალო შეფერილობის ხდება, ზედაპირზე აღინიშნება მსუბუქი აქერცვლა და ზოგჯერ ნახეთქებიც. ასეთ მდგომარეობას თან ახლავს ქავილის და ზოგჯერ წვის შეგრძნებაც. ნახეთქების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კანის სხვადასხვა ინფექციაც.

მატენიანებელი საცხების რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს როგორც სიმშრალის კორექციას, ისე კანის ბარიერული ფუნქციის შენარჩუნებას და თავიდან აგვარიდებს  მეორად გართულებებსაც.

გამოიყენეთ დამატენიანებელი საცხები ერთ ან ორჯერ დღეში; დამატენიანებელი საშუალებები ბავშვს კანზე წაუსვით ბანაობის დამთავრებისთანავე, სანამ კანი ჯერ კიდევ ნოტიოა; დილით დამატენიანებელი საცხის გამოყენების შემთხვევაში, თუ ბავშვის ბუნებაში გასეირნებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ დამატენიანებელი კრემები გამოყენებულ უნდა იქნას გარეთ გასვლამდე ერთი საათით ადრე მაინც.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჩვილბავშვთა ჰემანგიომა

ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა ხშირად არის მშობლებისთვის მრავალი კითხვის მომცველი პრობლემა. რა არის ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა და არის თუ არა ეს სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი ჩვენი შვილებისთვის საშიში?

ჩვილ ბავშვთა (ინფანტილური) ჰემანგიომა წლამდე ასაკის პატარებში კანზე გამოვლენილი ერთერთი ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მშობლების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახალშობილის კანზე მისი აღმოჩენა უპირატესად ხდება ბავშვის დაბადებისთანავე ან დაბადებიდან რამდენიმე კვირაში. ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეა, რომელიც შესაძლოა განსხვავებული კლინიკით გამოვლინდეს კანზე. ზედაპირული ფორმა მკვეთრი წითელი ფერით გამოირჩევა, უფრო ღრმა ფორმის შემთხვევაში წარმონაქმნს მოლურჯო ელფერი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა არის სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, ადვილად სისხლმდენია ტრავმირების შემთხვევაში და შესაძლოა დაწყლულდეს კიდეც. ახასიათებს უკუგანვითარება, რომელიც შესამჩნევი ხდება დაახლოებით 1-2 წლის ასაკიდან. უკუგანვითარების პროცესი 5-6 წლის ასაკისთვის მთავრდება, ზოგჯერ კი 10 წლამდე ხანგრძლივდება. ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომის ადგილას რჩება მოყვითალო ელფერის კანის შეცვლილი ტექსტურით წარმოდგენილი კერა ხშირად ტელეანგიექტაზიური (ადგილობრივად გაფართოვებული სისხლძართვოვანი ქსელი) ჩანართით. ჰემანგიომის შესაფასებლად და მასში მიმდინარე ცვლილებებზე დინამიკაში დასაკვირვებლად სასარგებლო და ინფორმაციული სადიაგნოსტიკო მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომის ლოკალიზაცია. თუ ეს წარმონაქმნი მდებარეობს სპეციფიურ ადგილას (თვალთან, ცხვირთან, საშარდე სისტემასთან და ა.შ) და ხელს უშლის ბავშვის ფუნქციურ განვითარებას, აუცილებელია დავგეგმოთ მისი დროული მოცილება.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჰერპესი ბავშვებში

რჩევები მშობლებს!

ჰერპესული ინფექციების სხვადასხვა ფორმებს შორის ერთ-ერთი გავრცელებული  ბავშვებში არის მარტივი ჰერპესის პირველი ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია. გამონაყარი ხშირად ვლინდება სახეზე (თუმცა შესაძლოა განვითარდეს კანის ნებისმიერ არეში), უპირატესად ტუჩების არეებში, ხშირია ლოყის ლოკალიზაციაც.  ზოგადად მარტივი ჰერპესის ინფექცია ქრონიკულია, თუმცა ბავშვებში ხშირია ინფექციის ერთჯერადად გამოვლენილი მწვავე ფორმა. გამონაყარი ვითარდება ერითემულ ზედაპირზე (წითელი ლაქოვანი გამონაყარი) განვითარებული მრავლობითი, ჯგუფურად განლაგებული წვრილი ბუშტუკების ფორმით, რომლებიც რამდენიმე დღეში იხსნება და იფარება ქერქით. კანზე გამონაყარის გამოვლენას  წინ უსწრებს პროდრომული პერიოდი ტკივილითა და წვის შეგრძნებით. ეს ჩივილები გრძელდება გამონაყარის განვითარების შემდეგაც. მარტივი ჰერპესის ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი.  გამონაყარი ხშირად ვითარდება სხვადასხვა, ზოგადი, ტემპერატურით მიმდინარე ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ. უპირატესად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირია პირის ღრუში განვითარებული ჰერპესული გინგივო-სტომატიტი, რომელიც ვლინდება მცირე ზომის, მრავლობითი ზერელე წყლულოვანი გამონაყარით. დაავადება იწვევს მკვეთრ ტკივილს, ხშირად ყლაპვის გაძნელებას. ბავშვებში ჰერპესის მკურნალობისთვის საჭირო ანტივირუსული პრეპარატები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ბავშვის ასაკის, დაავადების ხანგრძლივობისა და სიმწვავის გათვალისწინებით.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!

დერმატოლოგი ხათუნა კუდავა