კანის დაავადებები

ვიტილიგო Vitiligo

ვიტილიგო ქრონიკულად მიმდინარე, უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დეპიგმენტური ლაქების გამოვლენით კანზე. პაციენტების დაახლოებით 30% შემთხვევაში აღინიშნება დაავადების ოჯახური ანამნეზი. ვიტილიგოს პირველი გამოვლინება ხშირად უკავშირდება ემოციურ სტრესს ან კანის ტრავმას (მზის სხივებით დამწვრობა). არსებობს ვიტილიგოს ორი ტიპი. A ტიპის ვიტილიგო ხშირად ასოცირდება ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან. იგი გამოვლინდება მკვეთრად შემოფარგლული, სიმეტრიულად განლაგებული, სხვადასხვა ზომის დეპიგმენტური უბნებით. ლაქების კიდეები  შესაძლოა წარმოდგენილი იყოს წითელი ანთებითი ქობით ან  ჰიპერპიგმენტური საზღვრებით.  ამ ტიპის ვიტილიგო ხშირად ლოკალიზდება ხელის მტევნებზე, სახეზე, ნაოჭებზე, გენიტალიუმის მიდამოში, ბუნებრივი ხვრელების ირგვლივმდებარე კანის უბნებზე. B ტიპის ვიტილიგო გავრცელებულია უპირატესად ბავშვთა ასაკში. იგი ცნობილია როგორც სეგმენტური ვიტილიგო, რადგან დაზიანების კერა შემოფარგლულია კონკრეტული სეგმენტით. იწყება და ვითარდება სწრაფად, შემდეგ სტაბილიზდება და ძალიან იშვიათად ვრცელდება.

კანის დაავადებები

ვირუსული მეჭეჭები

                                                     ვულგარული მეჭეჭები                                                                                                                          Verrucae vulgaris

ვულგარული მეჭეჭები გავრცელებული ინფექციაა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. მას დნმ-შემცველი პაპილომა ვირუსი იწვევს. იმისათვის რომ ვირუსი კანში მოხვდეს და დაავადება განვითარდეს, აუცილებელია კანის მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრის, ნახეთქის, სხვადასხვა ტრავმის არსებობა). ეპიდერმალური პროლიფერაციის შედეგად ვითარდება მომრგვალო ფორმის, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, კანისფერი, შეხებისას მკვრივი ჰიპერკერატოზული პაპულა. პაპულის ზედაპირზე ხშირად ისახება შავი წერტილები – დათრომბილი კაპილარები. მეჭეჭი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ყველაზე ხშირად ვლინდება   ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების არეებში, ასევე იდაყვებისა და მუხლების მიდამოებში. თავისებური ფორმით გამოირჩევა ძაფისებრი ფორმის მეჭეჭები, რომლებიც ხშირად ლოკალიზდება სახეზე. ვულგარული მეჭეჭები ხასიათდება გამრავლებითა და გავრცელებით. მკურნალობის აპარატურული მეთოდებია: კრიოდესტრუქცია, ელექტროკოაგულაცია, ლაზეროთერაპია.

 

                                                     ბრტყელი მეჭეჭები

                                                          Verrucae plana

ბრტყელი მეჭეჭები გავრცელებული დაავადებაა ბავშვებსა და მოზარდებში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. იგი წარმოადგენს პაპილომა ვირუსით გამოწვეულ ინფექციას. ბრტყელი მეჭეჭები გამოვლინდება ვარდისფერი, ღია ყავისფერი ან მოყვითალო ფერის, კანის დონიდან ოდნავ ამოწეული, ბრტყელი, მცირე ზომის პაპულებით. ადვილად მრავლდება კანის დაზიანების შემთხვევაში. ხშირად მრავლობითია და განლაგებულია ჯგუფებად. ბრტყელი მეჭეჭები არ იწვევს სუბიექტურ შეგრძნებებს. ხშირად ვლინდება სახეზე, ხელის მტევნებზე, კისრის არესა და ქვედა კიდურებზე. საჭიროებს ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობას გავრცელებისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით.

 

                                                      ტერფის მეჭეჭები

                                                       Verrucae plantaris

ტერფის მეჭეჭები პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ლოკალიზდება ტერფებზე. გამოვლინდება ერთეული ან მრავლობითი, კანისფერი, გარქოვანებული პაპულების სახით. გამონაყარის ელემენტები ხშირად ერთიანდება. პაპულებს უპირატესად აქვს ჩაზნექილი ფორმა, მათ ზედაპირზე კი ისახება შავი წერტილები – დათრომბილი კაპილარები. ტერფის მეჭეჭები ხშირად ვითარდება ტერფების მაქსიმალური დატვირთვის უბნებზე, ზეწოლისასას მტკივნეულია. მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.

კანის დაავადებები

ექსფოლიაციური კერატოლიზი Keratolysis exfoliativa

უცნობი ეტიოლოგიის, ქრონიკულად მიმდინარე დერმატოზია, რომელიც ვლინდება ხელისგულებისა და ფეხისგულების კანის აქერცვლით. დაავადება ხშირად უკავშირდება მომატებულ ოფლიანობას და ვლინდება ძირითადად ზაფხულის პერიოდში. ზოგ შემთხვევაში მიმდინარეობს რეციდივებით. აუცილებელია კანის აქტიური დატენიანება.

კანის დაავადებები

ბრტყელი ლიქენი (Lichen planus)

ბრტყელი ლიქენი უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ფრჩხილებს, თმებსა და ლორწოვან გარსებს.  გამონაყარი ვლინდება მკვეთრად შემოსაზღვრული,  პოლიგონალური მოხაზულობის, სხვადასხვა ზომის, მუქი წითელი-მოიისფრო ბრტყელი პაპულებით.  ბრტყელი ლიქენის გამონაყარის ზედაპირზე აღინიშნება თეთრი ფერის მაქმანისებური ბადის არსებობა (უიკხემის ბადე). გამონაყარის ელემენტები ხშირად ვლინდება კანის დაზიანების (ტრავმის) უბნებში (კებნერის ფენომენი).  ბრტყელი ლიქენის კლინიკური ფორმებიდან ყველაზე გავრცელებულია პაპულოზური ფორმა. ამ დროს გამონაყარის ელემენტები ძირითადად განლაგებულია ხელის მტევნების, წინამხრების, კოჭ-წვივისა და კუდუსუნის არის კანზე. ბრტყელი ლიქენის ჰიპერტროფული ფორმის დროს პერსისტირებადი პაპულები ერთიანდებიან და წარმოქმნიან სხვადასხვა ფორმის, დიდი ზომის, მუქი წითელი ფერის კერებს. ამ დროს გამონაყარი ლოკალიზებულია ძირითადად წვივებზე. ბრტყელი ლიქენის ფოლიკულური ფორმის დროს პაპულები ვითარდება თავის თმიან არეში, დაზიანებულ უბნებში იწყება თმის ცვენა და ყალიბდება ნაწიბუროვანი ალოპეციის კერები. ბრტყელი ლიქენი შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე არაეროზიული(თეთრი, მაქმანისებური ხაზოვანი სურათით) ან ეროზიული(მტკივნეული კერები უხვი აქერცვლით) ფორმით. ყველაზე ხშირად ზიანდება ლოყები და ენის გვერდითი ზედაპირების ლორწოვანი გარსები. ბრტყელი ლიქენის გამოვლინება შესაძლოა მხოლოდ ფრჩხილების სხვადასხვა სახის დაზიანებით შემოიფარგლოს. დაავადება განკურნებადია. ამისათვის აუცილებელია მხოლოდ  ზუსტად დადგენილი დიაგნოზი და სწორად შერჩეული მკურნალობის კურსი.

კანის დაავადებები

ბრტყელი მეჭეჭები Verrucae plana

ბრტყელი მეჭეჭები გავრცელებული დაავადებაა ბავშვებსა და მოზარდებში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. იგი წარმოადგენს პაპილომა ვირუსით გამოწვეულ ინფექციას. ბრტყელი მეჭეჭები გამოვლინდება ვარდისფერი, ღია ყავისფერი ან მოყვითალო ფერის, კანის დონიდან ოდნავ ამოწეული, ბრტყელი, მცირე ზომის პაპულებით. ადვილად მრავლდება კანის დაზიანების შემთხვევაში. ხშირად მრავლობითია და განლაგებულია ჯგუფებად. ბრტყელი მეჭეჭები არ იწვევს სუბიექტურ შეგრძნებებს. ხშირად ვლინდება სახეზე, ხელის მტევნებზე, კისრის არესა და ქვედა კიდურებზე. საჭიროებს ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობას გავრცელებისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით.

კანის დაავადებები

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი Allergic contact dermatitis

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ვითარდება კანის სხვადასხვა ალერგენებთან კონტაქტის შედეგად.  დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს მეტალთან, კოსმეტიკურ საშუალებებთან, საღებავებთან, გარეგანად გამოსაყენებელ სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა კანის შეხება. ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დროს განვითარებული კლინიკური სურათი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, ალერგენის კონცენტრაციაზე, მოქმედების არეალსა და ხანგრძლივობაზე. თავდაპირველად დერმატიტი ვითარდება ალერგენის უშუალო მოქმედების არეში, შემდეგ კი სცილდება მას და სხვა მიდამოებსაც მოიცავს.  ალერგიული კონტაქტური დერმატიტისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ქავილი და გამონაყარი. გამონაყარი ვლინდება შეშუპებულ კანზე გამოვლენილი ბუშტუკებით ან შემოფარგლული ერითემული უბნებით, ზედაპირზე გამოხატული აქერცვლით. შესაძლოა ბუშტების განვითარებაც. პირველ ეტაპზე აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა და მასთან კონტაქტის შეწყვეტა. ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სამკურნალოდ პრეპარატები ინიშნება დაავადების სიმძიმისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით.

გაღიზიანებითი კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარის გამოვლენა შემოიფარგლება კანის ალერგენთან უშუალო შეხების არეალით.

კანის დაავადებები

ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმტიტი კანის ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული ქავილი. დაავადება იწყება ადრეულ ასაკში და ხშირად ასოცირდება ატოპიასთან პირად თუ ოჯახურ ანამნეზში (ასთმა, ალერგიული რინოკონიუქტივიტი და სხვა). ატოპიური დერმტიტის მწვავე კერები  ძირითადად ვლინდება ვეზიკულებით. ქვემწვავე პროცესის დროს ვითარდება კანის აქერცლილი და ქერქებით დაფარული უბნები, ქრონიკულ კერებს კი მუქი წითელი ლიქენიფიცირებული კანის სახე აქვს. ატოპიური დერმტიტის კლინიკური სურათის გამოვლენა ვარირებს ასაკის ცვლილებებთან ერთად. ადრეულ ბავშვთა ასაკში ხშირია ექსუდაციური, სველი კერების წარმოქმნა კანზე. განსაკუთრებით ზიანდება სახისა (ლოყები, პერიორალური უბანი) და თავის თმიანი არეები. მოგვიანებით პროცესში ერთვება კიდურების მომხრელი ზედაპირები, ხშირად თვალის ქუთუთოებიც. დაავადება ხშირად ასოცირდება კანის ისეთ პათოლოგიებთან როგორიცაა მშრალი კანის დერმატიტი, ვულგარული იქტიოზი და ფოლიკულური კერატოზი. ატოპიური დერმატიტი ხშირად რთულდება სტაფილოკოკური ინფექციით, კანის ვირუსული ინფექციებით, კანის სოკოვანი ინფექციებით. დაავადების თანმხლები შემაწუხებელი ქავილი არაიშვიათად ემოციური დაძაბულობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზი ხდება.