რჩევები მშობლებს!

ჰერპესული ინფექციების სხვადასხვა ფორმებს შორის ერთ-ერთი გავრცელებული ბავშვებში არის მარტივი ჰერპესის პირველი ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია. გამონაყარი ხშირად ვლინდება სახეზე (თუმცა შესაძლოა განვითარდეს კანის ნებისმიერ არეში), უპირატესად ტუჩების არეებში, ხშირია ლოყის ლოკალიზაციაც. ზოგადად მარტივი ჰერპესის ინფექცია ქრონიკულია, თუმცა ბავშვებში ხშირია ინფექციის ერთჯერადად გამოვლენილი მწვავე ფორმა. გამონაყარი ვითარდება ერითემულ ზედაპირზე (წითელი ლაქოვანი გამონაყარი) განვითარებული მრავლობითი, ჯგუფურად განლაგებული წვრილი ბუშტუკების ფორმით, რომლებიც რამდენიმე დღეში იხსნება და იფარება ქერქით. კანზე გამონაყარის გამოვლენას წინ უსწრებს პროდრომული პერიოდი ტკივილითა და წვის შეგრძნებით. ეს ჩივილები გრძელდება გამონაყარის განვითარების შემდეგაც. მარტივი ჰერპესის ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი. გამონაყარი ხშირად ვითარდება სხვადასხვა, ზოგადი, ტემპერატურით მიმდინარე ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ. უპირატესად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირია პირის ღრუში განვითარებული ჰერპესული გინგივო-სტომატიტი, რომელიც ვლინდება მცირე ზომის, მრავლობითი ზერელე წყლულოვანი გამონაყარით. დაავადება იწვევს მკვეთრ ტკივილს, ხშირად ყლაპვის გაძნელებას. ბავშვებში ჰერპესის მკურნალობისთვის საჭირო ანტივირუსული პრეპარატები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ბავშვის ასაკის, დაავადების ხანგრძლივობისა და სიმწვავის გათვალისწინებით.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა