
კანზე გამოვლენილი სტრეპტოკოკული ინფექციები ბავშვებში ადვილად გავრცელებად და მეტად კონტაგიოზურ დაავადებებს მოიცავს. კანზე გამოვლენილი გამონაყარი შესაძლოა იყოს როგორც ზოგადი სტრეპტოკოკული ინფექციის ნაწილი, ისე მხოლოდ კანის ინფექცია, პროცესში შინაგანი ორგანოების ჩართულობის გარეშე. გავრცელების გზები მოიცავს ინფექციის გადაცემას უშუალო კონტაქტის, სათამაშოებისა და სხვა საერთო მოხმარების საგნების გზით (ასევე ჰაერწვეთოვან გადაცემას ქუნთრუშის შემთხვევაში).
ქუნთრუშა გავრცელებული სტრეპტოკოკული ინფექციაა, რომელიც ხშირად არის მიკროეპიდემიების მიზეზი. ამ შემთხვევაში კანის გამონაყარი ზოგადი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ვითარდება და ინფექციისთვის განსაკუთრებული მახასიათებელია. ქუნთრუშას ახასიათებს მწვავე დაწყება მაღალი ტემპერატურით, ყელის ტკივილით, პირის ღრუსა და ხახის მკვეთრი სიწითლით, ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით. დამახასიათებელი ნიშანია წითელი ფერის ,,ჟოლოსებრი ენა.“ ქუნთრუშისთვის პათოგნომური მახასიათებელია გამონაყარი კანზე. ძალიან მცირე ზომის, მრავლობითი წვრილკვანძოვანი გამონაყარი ვითარდება მკვეთრად წითელ, ერითემულ კანზე. ამ სიწითლის ფონზე გამოირჩევა ფერმკრთალი, თეთრი ფერის ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი. კანზე გამოვლენილი გამონაყარის ალაგება ხდება მისი თვალსაჩინო აქერცვლით.
იმპეტიგო კანის ზერელე დაზიანებით მიმდინარე ბაქტერიული ინფექციაა, პროცესში შინაგანი ორგანოების ჩართულობის გარეშე. ხშირი გამომწვევია სტრეპტოკოკი. იმპეტიგოს შემთხვევები ბავშვებში მატულობს ზაფხულის პერიოდში. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება სახის, თავის თმიანი მიდამოსა და კიდურების არეები. წარმოიქმნება დიდი ზომის ბუშტები, ზოგჯერ შედარებით მცირე ზომის ჩირქის შემცველი პუსტულები, რომლებიც დაფარულია თხელი საფარველით. საფარველი ადვილად ირღვევა, რის შედეგადაც ვლინდება ღია ეროზიული, მოყვითალო ნადებით დაფარული გამონაყარი. მოგვიანებით ეს ადგილები იფარება კანთან მჭიდროდ მიმაგრებული მოყვითალო-ოქროსფერი ქერქით. დაავადების გავრცლებას ხელს უწყობს თბილი, ტენიანი კლიმატი და ჰიგიენის დაუცველობა.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა