რჩევები მშობლებს!

ზამთრის პერიოდში ბავშვებში ხშირია მშრალ კანთან დაკავშირებული პრობლემები. მიუხედავად განსხვავებული მიზეზებისა თითქმის ყველა შემთხვევას თან ახლავს დისკომფორტისა და სხვადასხვა ინტენსივობით გამოხატული ქავილის შეგრძნება. კანის ზოგად გამოშრობასთან ერთად ზოგჯერ ვლინდება ლოკალურად გამოხატული დერმატიტის ნიშნებიც. მსგავსი პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზებია
ატოპიური დერმატიტის გამწვავება და სიცივის ალერგია.
ატოპიური დერმატიტის შემთხვევებში სამი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებში გამონაყარი განსაკუთრებით ინტენსიურად ვლინდება სახისა და კისრის არეში, რასაც თან ახლავს სხეულსა და კიდურებზე ერთეული ან მრავლობითი არამკვეთრად შემოფარგლული ვარდისფერი ოდნავ აქერცლილი ლაქოვანი გამონაყარი.
სიცივის ალერგიის გამონაყარი ხშირად ვლინდება სახესა და ხელის მტევნებზე.
დერმატიტის შემთხვევებში ბავშვის კანი ვარდისფერი ან მოწითალო შეფერილობის ხდება, ზედაპირზე აღინიშნება მსუბუქი აქერცვლა და ზოგჯერ ნახეთქებიც. ასეთ მდგომარეობას თან ახლავს ქავილის და ზოგჯერ წვის შეგრძნებაც. ნახეთქების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კანის სხვადასხვა ინფექციაც.
მატენიანებელი საცხების რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს როგორც სიმშრალის კორექციას, ისე კანის ბარიერული ფუნქციის შენარჩუნებას და თავიდან აგვარიდებს მეორად გართულებებსაც.
გამოიყენეთ დამატენიანებელი საცხები ერთ ან ორჯერ დღეში; დამატენიანებელი საშუალებები ბავშვს კანზე წაუსვით ბანაობის დამთავრებისთანავე, სანამ კანი ჯერ კიდევ ნოტიოა; დილით დამატენიანებელი საცხის გამოყენების შემთხვევაში, თუ ბავშვის ბუნებაში გასეირნებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ დამატენიანებელი კრემები გამოყენებულ უნდა იქნას გარეთ გასვლამდე ერთი საათით ადრე მაინც.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა