რჩევები მშობლებს!

კონტაგიოზური მოლუსკი კანის ვირუსული ინფექციაა, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებში. ხშირად ვლინდება სახეზე, ტანზე, სასქესო არეებზე, ზედა კიდურებისა და ბარძაყების არეებში. გამონაყარი არ ვითარდება ხელისა და ფეხისგულებზე. კონტაგიოზური მოლუსკი გადამდები ინფექციაა. დაავადებული ბავშვი წარმოადგენს ინფექციის წყაროს სხვა ბავშვებისთვისაც. მისი გავრცელება ხდება როგორც პირდაპირი (კანის კანთან კონტაქტი), ისე არაპირდაპირი (საგნების, როგორიცაა მაგ. აქსესუარები შხაპისთვის) კონტაქტის გზითაც. აუტოინოკულაციიის შედეგად დაავადებული პაციენტის კანზე ვირუსი ადვილად ვრცელდება. ჩვეულებრივ კონტაგიოზური მოლუსკის გამონაყარი არ იწვევს ქავილს და ტკივილს. იგი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ხშირია ჯგუფად განლაგებული გამონაყარის ელემენტების გამოვლენა. კონტაგიოზური მოლუსკი კლინიკურად წარმოადგენს მოვარდისფრო ან კანისფერ მომრგვალო-ოვალური ფორმის პაპულას, ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. ზომაში მატებასთან ერთად მისი ფორმა უფრო გამოხატული ხდება. შეიცავს ,,ხაჭოსებრ შიგთვსს“, ამიტომაც შეხებით რბილია. კონტაგიოზური მოლუსკის ანთების ან ტრავმის შედეგად იცვლება მისი სახე და შესაძლოა გაჩნდეს სუბიექტური ჩივილებიც (მტკივნეულობა და ქავილი). ეს ვირუსული დაავადება შემოიფარგლება მხოლოდ კანის დაზიანებით, არ იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას, არ საჭიროებს სპეციფიურ სისხლის ანალიზებს და ბიოფსიას. ატიპური გამოვლენის შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად საკმარისია ციფრული დერმატოსკოპია.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!
დერმატოლო ხათუნა კუდავა