რჩევები მშობლებს!

ატოპიური დერმატიტი ერთერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა ბავშვთა ასაკში. ხშირი კითხვა მშობლებისგან: არის თუ არა ატოპიური დერმატიტი ეგზემა? ატოპიური დერმატიტი ეგზემის ერთერთი ფორმაა. დაავადების ,,გასაღები სიმპტომი“ არის ქავილი, რომელიც მეტად შემაწუხებელია დღის ნებისმიერ დროს. ატოპიური დერმატიტის პირველი ეპიზოდი ხშირად ვლინდება ორი-სამი თვის ასაკში. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დაზიანების კერები უპირატესად მოიცავს სახეს, კისრის არეს და ზოგჯერ კიდურების გამშლელ ზედაპირებს. ლოყების არეებში ვითარდება სიწითლე, ხშირად ზედაპირზე წვრილბუშტუკოვანი გამონაყარით; ზოგჯერ კი გამონაყარი განისაზღვრება მკვეთრი სიმშრალითა და სიწითლით. უფრო დიდი ასაკის ბავშვებში განვითარებული ატოპიური დერმატიტი ძირითადად ვლინდება იდაყვებისა და მუხლების მომხრელ ზედაპირებზე მოვარდისფრო-იისფერი ლაქოვანი, ოდნავ გასქელებული (ლიქენიფიცირებული კანი) გამონაყარის კერებით, რომელიც ხშირი და ხანგრძლივი ქავილის შედეგია. ამ არეებში შეინიშნება ქავილის შემდგომ განვითარებული ზედაპირული ნაკაწრებიც. სპეციფიური ლოკალიზაციების გარდა ატოპური დერმატიტის გამონაყარი შესაძლოა განვითარდეს კანის სხვა უბნებშიც ვარდისფერი, მსუბუქად აქერცლილი ლაქების სახით.
ატოპიური დერმატიტი ხშირად ასოცირდება ალერგიულ დაავადებებთან. მისი განვითარების საფუძველია კანის ბარიერული ფუნქციის განმსაზღვრელი ცილის, ფილაგრინის დეფიციტი, რაც იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს. ატოპიური დერმატიტის დროს კანი კარგავს წყალს, ხდება მშრალი და ადვილად შეღწევადი სხვადასხვა მიკრობებისა და ალერგენებისთვის. დაავადების გამწვავებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება გარემო პირობების ცვლილება (ტენიანობის, ტემპერატურის ცვლილებები), კანის კონკრეტულ ნივთიერებებთან კონტაქტი (არომატიზატორების შემცველი კოსმეტიკური, მოვლის საშუალებები), უხეში ტანსაცმლის ტარება და სხვა.
რჩევები მშობლებს:
თუ თქვენს პატარას აქვს ატოპური დერმატიტი, იზრუნეთ მისი კანის მუდმივ დატენიანებაზე;
არ გამოიყენოთ სტეროიდული (ჰორმონული) და სხვა სპეციფიური ანთების საწინააღმდეგო მალამოები და კრემები ექიმის დანიშნულების გარეშე. გახსოვდეთ, მათი არასწორი მოხმარების შედეგად შესაძლოა განვითარდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა