პერიორალური დერმატიტი ძირითადად ქალებში გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული კლინიკური სურათით. ზიანდება პირის, ცხვირისა და თვალების ირგვლივ კანის არეები. ტუჩების მოსაზღვრე უბნები არ ზიანდება. გამონაყარი გამოვლინდება მცირე ზომის აქერცვლადი პაპულებისა და პუსტულების სახით. პერიორალური დერმატიტი ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ქავილი. ადგილობრივად გამონაყარზე სტეროიდული მალამოების გამოყენება იძლევა მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას და შესაძლოა ხელი შეუწყოს დაზიანების პროგრესს. დაავადება ხშირად მიმდინარეობს ქრონიკულად, პერიოდული გამწვავებებით.
კანის წარმონაქმნები
ნაწიბური
ჰიპერტროფული ნაწიბური
ჰიპერტროფული ნაწიბურის დამახასიათებელი ნიშანია ხანგრძლივი არსებობა. ნორმოტროფული ნაწიბურისგან განსხვავებით იგი პერსისტირებს უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე თვის განმავლობაში. გამოვლინდება როგორც კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამოწეული, მკვრივი, გლუვი, სადა ზედაპირის მქონე, კანისფერი, მოვარდისფრო ან წითელი წარმონაქმნი, რომლის საზღვრებიც შემოიფარგლება პირველადი დაზიანების უბნით.
კელოიდური ნაწიბური
Keloidum
კელოიდური ნაწიბური პაციენტებს ძირითადად აწუხებთ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. სუბიექტურ ჩივილებს ის ძალიან იშვიათად იწვევს. ვითარდება კანის დაზიანების ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი განვითარების შედეგად. შესაძლოა წარმოიქმნას ტრავმის, დამწვრობის, აკნეს შემდგომ პეროიდში. უფრო ხშირია მისი განვითარება ახალგაზრდა ასაკში. კელოიდური ნაწიბური გამოვლინდება როგორც მოწითალო-იისფერი, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, მკვეთრად შემოსაზღვრული, გლუვი ზედაპირისა და მკვრივი კონსისტენციის მქონე წარმონაქმნი. იგი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის. კელოიდური ნაწიბურის საზღვრები სცილდება პირველადი დაზიანების არეს. პრაქტიკულად არ განიცდის უკუგანვითარებას. მკურნალობის მეთოდებიდან ეფექტურია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ინექციები და ფრაქციული ლაზეროთერაპია.
მუნი Scabies

მუნი კანის პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც იწვევს Sarcoptes scabiei hominis გვარის ტკიპა. დაავადება სწრაფად ვრცელდება და ხასიათდება ძლიერი ქავილით. იშვიათი გამონაკლისია მისი ერთეული შემთხვევები. ძირითადად აღინიშნება მუნის ინფექციის გამოვლენა ოჯახის წევრებსა და დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებშიც. გამონაყარის მნიშვნელოვანი ელემენტია მუნის სავალი, რომელიც ხშირად ლოკალიზდება თითებშუა ნაოჭებში, თითების გვერდით ზედაპირებზე, სხივ-მაჯის სახსრის მიდამოებში, სასქესო არეებზე, მუცელსა და დუნდულებზე. მცირეწლოვან ბავშვებში აღინიშნება თავის მიდამოს, ხელისგულებისა და ფეხისგულების დაზიანებაც. მუნის გამონაყარი ძირითადად ვლინდება ვეზიკულების, პაპულებისა და დიდი ზომის კვანძების სახით. მკვეთრი ქავილის გამო ხშირია კანის დაინფიცირება ბაქტერიული ფლორით და შედეგად პუსტულების განვითარება.
მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა Erythema exudativa multiformis

მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა კანის ანთებითი დაავადებაა. მიზეზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება, თუმცა არაიშვიათია მისი კავშირი მორეციდივე მარტივ ჰერპესთან, სასუნთქი გზების ინფექციებთან ან წამლისმიერ ინტოქსიკაციასთან. დაავადება მწვავედ მიმდინარეობს. ზოგჯერ აღინიშნება მისი ქრონიკული მიმდინარეობა პერიოდული რეციდივებით. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის გამონაყარი გამოვლინდება სხვადასხვა სახის ელემენტებით: ერითემატოზული ლაქებით, ურტიკებით, სამიზნისებრი ელემენტებით, ვეზიკულებითა და ბუშტებით. დაავადებას თან ახლავს კანის დაზიანებულ უბნებში მკვეთრად გამოხატული წვისა და ქავილის შეგრძნება. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის გამონაყარი უპირატესად ლოკალიზდება ზედა და ქვედა კიდურებზე (ხელის მტევნებსა და ტერფებზე), ხშირად სიმეტრიულად და სახეზე. არაიშვიათია პირის ღრუსა და სასქესო არეების ლორწოვანი გარსების დაზიანება. მკურნალობის კურსი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.
მარტივი ჰერპესი Herpes simplex
მარტივი ჰერპესი კანის ვირუსული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ორი განსხვავებული ტიპის ჰერპეს ვირუსი. პირველი ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციის დროს ე.წ ,,ლაბიალური“ ჰერპესის შემთხვევაში გამონაყარი ვლინდება პირის ღრუში, ტუჩებისა ან სადა კანის სხვა უბანზე. მეორე ტიპის ვირუსი იწვევს ,,გენიტალურ“ ჰერპესს. მარტივი ჰერპესის საწყის ეტაპზე ხდება პირველადი ინფიცირება (ხშირად ჰაერწვეთოვანი გზით) დაზიანებულ კერასთან კონტაქტის შედეგად. სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან რამდენიმე დღეში. მარტივი ჰერპესის ვირუსის ინოკულაციის ადგილზე გამონაყარის გამოვლენას წინ უსწრებს სუბიექტური ჩივილები ტკივლის, წვისა და მსუბუქი პარესთეზიის სახით. გამონაყარი ვითარდება ერითემატოზულ უბანზე წარმოქმნილი, ჯგუფად განლაგებული ბუშტუკების ფორმით. მარტივი ჰერპესი მორეციდივე კანის ვირუსული დაავადებაა. ვირუსის რეაქტივაციისა და რეციდივების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს კანის ლოკალური ტრავმა (მზით დამწვრობა, ნახეთქები, ნაკაწრები) ან სისტემური ცვლილებები (გადაღლა, ცხელება, მენსტრუალური ციკლი, სასუნთქი გზების ინფექციებით გამოწვეული იმუნური ცვლილებები).
მარტივი ქრონიკული ლიქენი (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) Lichen simplex chronicus
მარტივი ქრონიკული ლიქენი (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) გამოვლინდება კანის კონკრეტული შემოფარგლული უბნების ქავილით. შეტევითი ხასიათის ქავილი წარმოადგენს სწორედ პაციენტის ძირითად ჩივილს. ქავილის მაპროვოცირებელი მიზეზი შეიძლება იყოს მეტად მარტივი: ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა, მაკიაჟის მოცილება (კანზე ხახუნის გამო) ან სითბოს ზემოქმედება. მარტივი ქრონიკული ლიქენის (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) დროს კანზე კლინიკურად ვლინდება შემოფარგლული, ლიქენიფიცირებული ბალთები ზედაპირზე უმნიშვნელო აქერცვლით. პალპაციით კანი გამკვრივებულია. დათვალიერებით აღინიშნება კანის სურათის გაძლიერება. მარტივი ქრონიკული ლიქენის (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) გამონაყარის კერები უპირატესად ლოკალიზებულია კისრის უკანა ზედაპირზე, კოჭ-წვივის სახსრის, წვივების, წინამხრების, საზარდულის ან პერიანალურ არეებში. დაავადება შესაძლოა გაგრძელდეს წლები სათანადო მკურნალობის გარეშე.
კონტაგიოზური მოლუსკი Molluscum contagiosum

კონტაგიოზური მოლუსკი კანის ვირუსული ინფექციაა, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებში. ხშირად ვლინდება სახეზე, თავის თმიან მიდამოში, ტანზე, სასქესო არეებზე, ზედა კიდურებისა და ბარძაყების არეებში. გამონაყარის გავრცელება ხდება პირდაპირი კონტაქტის ან აუტოინოკულაციიის შედეგად. ზრდასრულებში ბოქვენის არისა და გენიტალიუმის მიდამოში ლოკალიზებული გამონაყარი შესაძლოა გავრცელდეს სქესობრივი გზით. ჩვეულებრივ კონტაგიოზური მოლუსკის გამონაყარი სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. იგი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ხშირია ჯგუფად განლაგებული ელემენტების გამოვლენა. კონტაგიოზური მოლუსკის გამონაყარის ელემენტი წარმოადგენს მოვარდისფრო ან კანისფერ ოვალური ფორმის პაპულას, ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. ზომაში მატებასთან ერთად მისი ფორმა უფრო გამოხატული ხდება. შეიცავს ხაჭოსებრ შიგთვსს. მოლუსკის ანთების ან ტრავმის შედეგად იცვლება მისი სახე და შესაძლოა გაჩნდეს სუბიექტური ჩივილებიც (მტკივნეულობა და ქავილი).
კვანძოვანი ერითემა (Erythema nodosum)

კვანძოვანი ერითემა კანქვეშა უჯრედისის ალერგიული და გრანულომატოზური ანთებითი ცვლილებების გამოვლინებაა. მისი ეტიოლოგია შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფექციას (ტუბერკულოზი, სტრეპტოკოკული ინფექცია, კოკციდიოიდოზი, იერსინოზი, ვენერიული ლიმფოგრანულომა და სხვა), მედიკამენტებს (სულფანილამიდების ჯგუფი, პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა) ან კონკრეტულ პათოლოგიებს (სარკოიდოზი, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, ბეხჩეტის დაავადება და სხვა). ხშირად კვანძოვანი ერითემის მიზეზის დადგენა ვერ ხდება. გამოვლინდება ერითემატოზული მტკივნეული კვანძებით რომლებიც დასაწყისში მუქი წითელი ფერისაა, შემდეგ კი ხდება იისფერი. კვანძოვანი ერითემის დროს დაზიანება ორმხრივია. კვანძები გაფანტულად მდებარეობს წვივებზე, მუხლებზე, წინამხრებზე. კვანძოვანი ერითემის მიმდინარეობა დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე. მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
კელოიდური ნაწიბური Keloidum
კელოიდური ნაწიბური პაციენტებს ძირითადად აწუხებთ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. სუბიექტურ ჩივილებს ის ძალიან იშვიათად იწვევს. ვითარდება კანის დაზიანების ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი განვითარების შედეგად. შესაძლოა წარმოიქმნას ტრავმის, დამწვრობის, აკნეს შემდგომ პეროიდში. უფრო ხშირია მისი განვითარება ახალგაზრდა ასაკში. კელოიდური ნაწიბური გამოვლინდება როგორც მოწითალო-იისფერი, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, მკვეთრად შემოსაზღვრული, გლუვი ზედაპირისა და მკვრივი კონსისტენციის მქონე წარმონაქმნი. იგი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის. კელოიდური ნაწიბურის საზღვრები სცილდება პირველადი დაზიანების არეს. პრაქტიკულად არ განიცდის უკუგანვითარებას. მკურნალობის მეთოდებიდან ეფექტურია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ინექციები და ფრაქციული ლაზეროთერაპია.
კანდიდოზი Candidosis
კანის ნაოჭების კანდიდოზი
ნაოჭების არე სწორედ ის მიდამოა, სადაც ხელშემწყობი პირობები იქმნება კანდიდოზის განვითარებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება კანის მსხვილ ნაოჭებს (საზარდულის, იღლიის, მკერდქვეშა). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მომატებული ტენიანობა, ვიწრო ტანსაცმლის ტარება, ჭარბი წონა, დიაბეტი, ჰიგიენის დაუცველობა, ამ არეებში განვითარებული კანის ანთებითი დაავადებები, ადგილობრივად სტეროიდული მალამოების გამოყენება და ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია. თავდაპირველად წარმოქმნილი პუსტულები კანის ხახუნის შედეგად მალევე იხსნება და წარმოიქმნება წითელი, მბრწყინავი ზედაპირის მქონე ზერელე ეროზიები, რომელთა გარშემოც, საღ კანზე აღინიშნება სატელიტური პაპულების არსებობა.
საფენის დერმატიტი
კანდიდოზის ამ ფორმის შემთხვევაში გამონაყარი ვლინდება საფენის მიდამოში. უპირატესად ზიანდება ნაოჭები (საზარდულისა და დუნდულათაშორისი). გამონაყარი გამოვლინდება მკვეთრი წითელი ფერის ბალთებით, მათ ირგვლივ კი ადვილად რღვევადი სატელიტური პუსტულებია. არასწორი და არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად დერმატიტი შესაძლოა გართულდეს გრანულომატოზური კვანძების წარმოქმნით.
კანდიდოზური ონიქია და პარონიქია
ფრჩხილების კანდიდოზური ინფექციით ხშირად ავადდებიან დიასახლისები. არჩევითად ზიანდება ხელის მტევნების მესამე და მეოთხე თითების ფრჩხილები, რასაც თან ახლავს ფრჩხილის მორგვების შეშუპება. ამავდროულად ვლინდება მუქი წითელი ფერის ეროზიული უბანი თითებშორის ნაოჭში.