კანის წარმონაქმნები

კანის დაავადებები

ფოლიკულური კერატოზი პილარული კერატოზი

ფოლიკულური კერატოზი (პილარული კერატოზი) ფართოდ გავრცელებული კანის პათოლოგიაა, უპირატესად ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.  ყველაზე ხშირად ზიანდება მხრების, ბარძაყებისა და დუნდულების არეები. ფოლიკულური კერატოზი (პილარული კერატოზი) კლინიკურად ვლინდება მრავლობითი, მონომორფული, მცირე ზომის, აქერცვლადი პაპულებით. გამონაყარის გაჩენა დაკავშირებულია ფოლიკულებთან და განპირობებულია კერატინული საცობების წარმოქმნითა და პერიფოლიკულური ანთებით.

კანის დაავადებები

ფოლიკულიტი Folliculitis

ფოლიკულიტი თმის ფოლიკულის ანთებითი დაავადებაა, რომელიც კლინიკურად ვლინდება  ერითემატოზული ქობით შემოფარგლული კონუსისებრი პუსტულებით. გამონაყარი ვითარდება უეცრად, ზოგჯერ მტკივნეულია. გამომწვევი მიზეზის  მიხედვით გამოიყოფა ფოლიკულიტის შემდეგი ფორმები:

მექანიკური ფოლიკულიტი

ბაქტერიული ფოლიკულიტი

სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფოლიკულიტი

სტეროიდული ფოლიკულიტი

ოკლუზიური ფოლიკულიტი

,,ცხელი აბაზანის“ ფოლიკულიტი

ეოზინოფილური ფოლიკულიტი

კანის დაავადებები

ტერფის მეჭეჭები Verrucae plantaris

ტერფის მეჭეჭები პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ლოკალიზდება ტერფებზე. გამოვლინდება ერთეული ან მრავლობითი, კანისფერი, გარქოვანებული პაპულების სახით. გამონაყარის ელემენტები ხშირად ერთიანდება. პაპულებს უპირატესად აქვს ჩაზნექილი ფორმა, მათ ზედაპირზე კი ისახება შავი წერტილები – დათრომბილი კაპილარები. ტერფის მეჭეჭები ხშირად ვითარდება ტერფების მაქსიმალური დატვირთვის უბნებზე, ზეწოლისასას მტკივნეულია. მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.

კანის დაავადებები

სხვადასხვაფერი პიტირიაზი Pityriasis versicolor

სხვადასხვაფერი პიტირიაზი გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს Pityrosporum orbiculare (Malassezia furfur) სახეობის სოკო. დაავადება სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს, პაციენტებს ძირითადად აწუხებთ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. გამონაყარი გამოვლინდება სხვადასხვა ზომის, შემოსაზღვრული, მრავლობითი, მომრგვალო ფორმის ლაქებით. ზოგჯერ მცირე ზომის ლაქები გაერთიანებულია დიდი ზომის ფესტონური მოხაზულობის კერებად. სხვადასხვაფერი პიტირიაზის გამონაყარის ზედაპირზე აღინიშნება აქერცვლა. ლაქების ფერი განსხვავებულია, თუმცა კონკრეტულ პაციენტს აქვს მხოლოდ ერთი შეფერილობის გამონაყარი. სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს წარმოქმნილი ლაქები შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი ან მოყვითალო-ყავისფერი. თეთრი ფერის გამონაყარი ხშირად გამოვლინდება გარუჯულ კანზე.  გამოკვლევის სადიაგნოსტიკო მეთოდებია: კანიდან აღებული მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა და ვუდის ნათურით დიაგნოსტიკა.

კანის დაავადებები

სხეულის დერმატომიკოზი Tinea corporis

სხეულის დერმატომიკოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც აზიანებს სადა კანსა და თმის ფოლიკულებს. გამონაყარი გამოვლინდება ტანსა და კიდურებზე. სხეულის დერმატომიკოზი შესაძლოა გამოვლინდეს კანის ზერელე ან ღრმა დაზიანებით. კანის ზერელე დაზიანება იწყება მცირე ზომის პაპულის განვითარებით, რომლის ირგვლივაც თანდათან ვრცელდება პროცესი. საბოლოოდ ყალიბდება შემოფარგლული, მომრგვალო ფორმის, მკვეთრად შემოსაზღვრული კერა, რომელსაც აქვს გამოსახული ქობა. ქობის დამახასიათებელი ნიშნებია მკვეთრი აქერცვლა, პაპულებისა და ვეზიკულების არსებობა. კერის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს ზომიერად აქერცლილ მოყავისფრო ლაქას ერთეული პაპულებით. სუბიექტური ჩივილებიდან გამოხატულია მსუბუქი ქავილი. ღრმა დაზიანების შემთხვევაში ვლინდება მკვეთრად ანთებითი კერა, რომელიც ამოწეულია კანის დონიდან, წარმოდგენილია მრავლობითი წითელი პაპულებითა და პუსტულებით. ფოლიკულური პუსტულების გამოვლენა ინფექციის ღრმად, თმის ფოლიკულებამდე გავრცელებაზე მიუთითებს. განსაკუთრებული ფორმაა მაიოკის გრანულომა, რომელიც წარმოადგენს ღრმა სოკოვან ინფექციას და ლოკალიზებულია წვივებზე.

კანის დაავადებები

სტრიები

სტრიები კანის მეტად გავრცელებული დაზიანებაა. მისი გამომწვევი მიზეზებია: ჰორმონული ცვლილებები, წონაში სწრაფი და მკვეთრი მატება, კანის მნიშვნელოვანი გამოშრობა. სტრიები ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ორსულობის პერიოდში, თუმცა არაიშვიათია მისი გამოვლენა გარდატეხის ასაკშიც. ძირითადად ვლინდება მუცლის, თეძოების, ბარძაყებისა და მკერდის მიდამოებში. ისახება როგორც ვარდისფერი, იისფერი ან თეთრი ჯგუფად განლაგებული კანის ხაზოვანი ატროფიული დაზიანებები. სტრიების ფერი დამოკიდებულია მისი არსებობის ხანგრძლივობაზე. ისინი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი მიდამოს კანზე ადგილობრივად სტეროიდული მალამოების ხანგრძლივი და არასწორი გამოყენების შედეგადაც. მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია ფრაქციული ლაზეროთერაპია. პროცედურის პერიოდში ადგილობრივი მიკროინვაზიებით პროვოცირებული კანის დამცველობითი რეაქცია გამოიხატება კოლაგენის სინთეზის სტიმულირებაში.

კანის დაავადებები

 სკლეროზული ლიქენი

სკლეროზული ლიქენი უცნობი ეტიოლოგიის, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება კანი და უპირატესად სასქესო არის ლორწოვანი გარსები. კანზე გამოვლენილი კერები ხშირად უსიმპტომოა, თუმცა ლორწოვანზე არსებული დაზიანების უბნები ხშირად იწვევს პაციენტთა დისკომფორტს, დაავადების პროგრესირების შემთხვევაში კი – მნიშვნელოვან ფუნქციურ შეზღუდვებს. სკლეროზული ლიქენი თავდაპირველად გამოვლინდება მცირე ზომის, ბრტყელი, მოთეთრო ფერის ატროფიული პაპულებით, რომლებიც შემოსაზღვრულია ვარდისფერი ქობით. ისინი შემდეგ ერთიანდებიან მცირე ზომის ბალთებად. ბალთებს შორის აღინიშნება მცირე ზომის კეროვანი ჰემორაგიის უბნები.  სკლეროზული ლიქენისთვის მეტად დამახასიათებელია ქავილი და ამიტომაც შესაძლებელია კერის მეორადად დაინფიცირება.

კანის დაავადებები

სებორეული დერმატიტი

სებორეული დერმატიტი მეტად გავრცელებული კანის  ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ნერვული სისტემის პათოლოგიებითა და იმუნოდეფიციტით დაავადებულ პაციენტებში. მის გამომწვევ მიზეზად განიხილება Pityrosporum-ის ჯგუფის სოკო. სებორეული დერმატიტი კანზე გამოვლინდება პაპულო-სქვამოზური დაზიანებით. გამონაყარი ლოკალიზებულია უპირატესად ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ მიდამოებში (თავის თმიანი არე, სახე, გულმკერდის მიდამო). სებორეული დერმატიტის დროს ხშირად ზიანდება წარბების, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, ყურის ნიჟარის უბნები. მსგავსი გამონაყარის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია კანის სოკოვანი დაავადების, წითელი მგლურას, ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების გამორიცხვა.

კანის დაავადებები

როზაცეა Rozacea

როზაცეა უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სახის მიდამოს კანს. გამონაყარი ვლინდება შუბლზე, ლოყებზე, ცხვირსა და თვალების ირგვლივ არეებში სხვადასხვა რაოდენობის პაპულებითა და პუსტულებით (დაავადების სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე).  როზაცეის დროს კომედონები არ ვითარდება. დაავადებისთვის დამახასიათებელი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია სისხლძარღვოვანი კომპონენტების უპირატესი გამოვლინება. როზაცეის სხვადასხვა ეტაპზე არსებული ჰიპერემია, ერითემა და ტელეანგიექტაზები შესაძლოა მისი ერთადერთი გამოვლინება იყოს. ქრონიკული ღრმა ანთებითი პროცესის შემთხვევაში, ძირითადად მამაკაცებში, ცხვირის არეში ვითარდება კანის შეუქცევადი გასქელება – რინოფიმა. დაავადებას ხშირად თან ერთვის  სხვადასხვა ოფთალმოლოგიური სიმპტომებიც (კონიუქტივიტი, მტკივნეულობა  და შავი წერტილების შეგრძნება, ცრემლდენა).

კანის დაავადებები

რგოლისებრი გრანულომა Granuloma annulare

რგოლისებრი გრანულომა ქრონიკულად მიმდინარე, ნელა პროგრესირებადი გრანულომატოზური დაავადებაა. იგი ძირითადად გამოვლინდება კანის ლოკალური დაზიანებებით, გენერალიზებული ფორმები შედარებით იშვიათია. გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება ხელის მტევნებისა და ტერფების მიდამოებში, კოჭ-წვივის სახსრის, წინამხრებისა და წვივების არეებში. რგოლისებრი გრანულომა იწყება კანისფერი პაპულის გაჩენით, რომლის ცენტრიც თანდათან განიცდის ინვოლუციას და ყალიბდება მცირე ზომის მკვრივი პაპულებისგან წარმოქმნილი რგოლი. თვეების განმავლობაში რგოლები ერთიანდება ერთ კონცენტრირებულ ბალთად. დაავადება სუბიექტურ შეგრძნებებს არ იწვევს. რგოლისებრი გრანულომა ზოგჯერ ასოცირდება შაქრიან დიაბეტთან.