მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

რა არის მეხუთე დაავადება ( მეხუთე ინფექცია, ინფექციური ერითემა) და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

მეხუთე დაავადება, ინფექციური ერითემა, გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, უპირატესად ბავშვებში. ყველაზე ხშირად ეს დაავადება ვლინდება 5-14 წლის ასაკის ბავშვებში და არაიშვიათად ატარებს ეპიდემიურ ხასიათს;

მეხუთე ინფექციის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება ორ კვირამდე. გამომწვევია პარვოვირუსი B19. უპირატესი გადაცემის გზა-ჰაერ-წვეთოვანია, თუმცა შესაძლოა გადაცემა სხვა გზებითაც. მეხუთე ინფექცია არ გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით, არ ავადდება ყველა კონტაქტში მყოფი პირი;

დაავადების უმეტეს შემთხვევაში პროდრომალურ პერიოდში სიმპტომები ზოგადია, არამძაფრი და მინიმალური (ყელის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა, სახსრების ტკივილი);

მეხუთე ინფექციისთვის განსაკუთრებული მახასიათებელია გამოკვეთილი და სპეციფიური გამონაყარი კანზე, როგორიცაა მკვეთრი წითელი ლოყები და ,,მაქმანისებურად მოხატული“ ერითემული გამონაყარი კიდურებზე.

თავდაპირველად ლოყებზე სიმეტრიულად გაჩენილი წითელი ფერის წვრილი პაპულური გამონაყარი რამდენიმე საათში ერთიანდება, მცირედ შუპდება  და ღებულობს ,,წითელი ლოყების“ ფორმას. ლოყები შეხებისას თბილია. მეხუთე ინფექციისთვის ასევე სპეციფიურად დამახასიათებელია ცხვირტუჩის ნაოჭისა და ტუჩების ირგვლივ არეების სიფერმკრთალე. სახეზე დაწყებული გამონაყარი დაახლოებით ოთხ დღემდე გრძელდება. პროცესში მალევე ერთვება კიდურები, სპეციფიური ,,მაქმანისებური“ ერითემული გამონაყარით, რომელიც ასევე ვრცელდება ტანსა და დუნდულებზე;

გამონაყარის გაჩენის შემდეგ დაავადება გადამდები აღარ არის;

მეხუთე დაავადების სპეციფიური მიმდინარეობა ვლინდება 2-3 კვირის განმავლობაში გამონაყარის პერიოდულად გამოვლენა- გაქრობით;

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სახსრების დაზიანებები (ხშირია მსხვილი სახსრების დაზიანება, როგორიცაა მუხლის, კოჭ-წვივის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის). სიმპტომები ხშირად ხანგრძლივდება;

გამონაყარი მთლიანად ლაგდება უკვალოდ;

რეკომენდაცია: საჭიროა ბავში მოვარიდოთ მზის სხივებს, არ ვაბანაოთ ცხელ წყალში და შევუნარჩუნოთ სიმშვიდე ( ავარიდოთ როგორც ემოციური, ისე ფიზიკური დატვირთვა).

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჩვილ ბავშვთა (ინფანტილური) ჰემანგიომა

ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა ხშირად არის მშობლებისთვის საინტერესო და მრავალი კითხვის მომცველი პრობლემა. რა არის ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა და არის თუ არა ეს სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი ჩვენი შვილებისთვის საშიში?  

ჩვილ ბავშვთა (ინფანტილური) ჰემანგიომა წლამდე კანზე გამოვლენილი ერთერთი ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მშობლების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახალშობილის კანზე მისი აღმოჩენა  უპირატესად ხდება ბავშვის დაბადებისთანავე ან დაბადებიდან რამდენიმე კვირაში. ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნეა, რომელიც შესაძლოა განსხვავებული კლინიკით გამოვლინდეს კანზე. ზედაპირული ფორმა მკვეთრი წითელი ფერით გამოირჩევა, უფრო ღრმა ფორმის შემთხვევაში წარმონაქმნს მოლურჯო ელფერი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომა არის სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, ადვილად სისხლმდენია ტრავმირების შემთხვევაში და შესაძლოა დაწყლულდეს კიდეც. იგი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და ხასიათდება კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. ახასიათებს უკუგანვითარება, რომელიც შესამჩნევი ხდება დაახლოებით 1-2 წლის ასაკიდან. 5-6 წლის ასაკში წარმონაქმნთა დაახლოებით ნახევარი უკუგანვითარებულია, უმეტესი ნაწილი კი დაახლოებით 10 წლისთვის უკუვითარდება.  ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომის ადგილას რჩება მოყვითალო ელფერის კანის შეცვლილი ტექსტურით წარმოდგენილი კერა ხშირად ტელეანგიექტაზიური (ადგილობრივად გაფართოვებული სისხლძართვოვანი ქსელი) ჩანართით. ამ პროცესზე დაკვირვებისთვის მეტად სასარგებლო და ინფორმაციულია ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ დინამიკაში წარმონაქმნის განვითარებას და ვაწარმოოთ შედარება ადრე არსებულ მდგომარეობასთან.

აქვე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომის მდებარეობა! თუ ეს წარმონაქმნი მდებარეობს სპეციფიურ ადგილას (თვალთან, ცხვირთან, საშარდე სისტემასთან და ა.შ) და ხელს უშლის ბავშვის ფუნქციურ განვითარებას, აუცილებელია დავგეგმოთ მისი დროული მოცილება.

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ჩვილ ბავშვთა დერმატიტები

საფენის დერმატიტი

საფენის დერმატიტი ჩვილ ბავშვთა მეტად გავრცელებული დერმატოზია. ხელოვნურად შექმნილი ოკლუზიური პირობები, რომელიც წარმოიქმნება საფენისა და პამპერსის გამოყენების შედეგად,  ხელსაყრელ გარემოს ქმნის დაავადების განვითარებისთვის. სველი საფენის დიდი ხნით ტარების შემთხვევაში, როცა ხდება შარდისა და განავლის შერევა, იზრდება კანის pH-ის დონე და ირღვევა კანის ბარიერული ფუნქცია. მაცერაციის ფორმით კანის დაზიანებას თან ახლავს ანთებითი სიმპტომებისა და ინფექციის თანდართვა. საფენის დერმატიტი შესაძლოა გამოვლინდეს ირიტაციული(გაღიზიანებითი) კონტაქტური დერმატიტის ან კანდიდოზური დერმატიტის ფორმით.

საფენის ირიტაციული კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი გამოვლინდება წითელი ფერის, მტკივნეული, აქერცვლადი, ეროზიული ბალთების ფორმით ნაოჭების დაზიანების გარეშე.

კანდიდოზური საფენის დერმატიტის გამომწვევი მიზეზია კანდიდას ჯგუფის სოკო. ამ ფორმის შემთხვევაში უპირატესად ზიანდება ნაოჭები (საზარდულისა და დუნდულათაშორისი). გამონაყარი გამოვლინდება მკვეთრი წითელი ფერის ბალთებით, მათ ირგვლივ კი ადვილად რღვევადი სატელიტური პუსტულებია. არასწორი და არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად დერმატიტი შესაძლოა გართულდეს გრანულომატოზური კვანძების წარმოქმნით.

სებორეული დერმატიტი ჩვილ ბავშვთა ასაკში  თავის  თმიანი არის დაზიანებასთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს ნაოჭების არეებშიც, მათ შორის საფენის არეშიც. გამონაყარი ვლინდება სასქესო არეებზე, საზარდულისა და დუნდულათაშორის ნაოჭების მიდამოებში წითელი აქერცვლადი ბალთების სახით.

ფსორიაზი, გამოვლენილი ჩვილ ბავშვთა ასაკში, შესაძლოა შემოიფარგლოს მხოლოდ საფენის არით.

საფენის არეში გამოვლენილი ინფექციური ეროზიები შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ მიდამოში განვითარებულ ჰერპესულ ან ბაქტერიულ (ბულოზური იმპეტიგო) ინფექციებს.

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ორსულთა ჰერპესი (Herpes gestationis)

ორსულთა ჰერპესი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვლინდება პოლიმორფული გამონაყარითა და მკვეთრად გამოხატული ქავილით. ეს დერმატოზი  უფრო ხშირად იწყება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, თუმცა შესაძლებელია მისი განვითარება როგორც ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ისე მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. ორსულთა ჰერპესის რეციდივები ზოგჯერ ვლინდება  განმეორებითი ორსულობების პერიოდში და ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს.  ორსულთა ეს დერმატოზი იწვევს კანზე გამონაყარს.  ლორწოვანი გარსების, თმებისა და ფრჩხილების დაზიანება არ აღინიშნება. გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება ტანზე, მუცელსა და გვერდით ზედაპირებზე. ძირითადად აღინიშნება პაპულებისა და ვეზიკულების არსებობა, აგრეთვე ვლინდება ურტიკარული გამონაყარი, ბუშტების, ეროზიებისა და ქერქების არსებობა. გამონაყარის ჯგუფურად განლაგებას უკავშირდება ამ დერმატოზის სახელწოდება – ,,ორსულთა ჰერპესი.“

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ორსულთა ქავანა ურტიკარული პაპულები

ორსულთა ყველაზე გავრცელებული დერმატოზია ქავანა ურტიკარული პაპულები. ეს დაავადება ხასიათდება მრავლობითი გამონაყარის სწრაფი გამოვლენით და გამოხატული ქავილით. გამონაყარი უპირატესად ლოკალიზდება მუცლის, ბარძაყების, დუნდულების, გულმკერდისა და ზურგის მიდამოებში. დაავადებისთვის მეტად დამახასიათებელია სტრიებისა და მის ირგვლივ არეებში გამონაყარის აღმოცენება. გამონაყარის ელემენტებია მკრთალი ქობით შემოსაზღვრული წითელი პაპულები, რომლებიც ზოგჯერ ერთიანდებიან ურტიკარულ ბალთებად. დაავადება უფრო ხშირად ვლინდება ორსულობის მესამე ტრიმესტრში და უკუვითარდება მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ან მშობიარობიდან ერთი კვირის განმავლობაში.

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ორსულთა დერმატოზები

                                   ორსულთა ქავანა ურტიკარული პაპულები

ორსულთა ყველაზე გავრცელებული დერმატოზია ქავანა ურტიკარული პაპულები. ეს დაავადება ხასიათდება მრავლობითი გამონაყარის სწრაფი გამოვლენით და გამოხატული ქავილით. გამონაყარი უპირატესად ლოკალიზდება მუცლის, ბარძაყების, დუნდულების, გულმკერდისა და ზურგის მიდამოებში. დაავადებისთვის მეტად დამახასიათებელია სტრიებისა და მის ირგვლივ არეებში გამონაყარის აღმოცენება. გამონაყარის ელემენტებია მკრთალი ქობით შემოსაზღვრული წითელი პაპულები, რომლებიც ზოგჯერ ერთიანდებიან ურტიკარულ ბალთებად. დაავადება უფრო ხშირად ვლინდება ორსულობის მესამე ტრიმესტრში და უკუვითარდება მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ან მშობიარობიდან ერთი კვირის განმავლობაში.

 

                                    ორსულთა ჰერპესი (Herpes gestationis)

ორსულთა ჰერპესი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვლინდება პოლიმორფული გამონაყარითა და მკვეთრად გამოხატული ქავილით. ეს დერმატოზი  უფრო ხშირად იწყება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, თუმცა შესაძლებელია მისი განვითარება როგორც ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ისე მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. ორსულთა ჰერპესის რეციდივები ზოგჯერ ვლინდება  განმეორებითი ორსულობების პერიოდში და ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს.  ორსულთა ეს დერმატოზი იწვევს კანზე გამონაყარს.  ლორწოვანი გარსების, თმებისა და ფრჩხილების დაზიანება არ აღინიშნება. გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება ტანზე, მუცელსა და გვერდით ზედაპირებზე. ძირითადად აღინიშნება პაპულებისა და ვეზიკულების არსებობა. აგრეთვე ვლინდება ურტიკარული გამონაყარი, ბუშტების, ეროზიებისა და ქერქების არსებობა. გამონაყარის ჯგუფურად განლაგებას უკავშირდება ამ დერმატოზის სახელწოდება – ,,ორსულთა ჰერპესი.“

ამ დერმატოზის სახელწოდება – ,,ორსულთა ჰერპესი.“

 

ამ დერმატოზის სახელწოდება – ,,ორსულთა ჰერპესი.“

 

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

მილიუმები ბავშვებში

მილიუმები კანზე  წარმოადგენს ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში   ფართოდ გავრცელებულ გამონაყარს. მათი გამოვლენა უკავშირდება  ეპიდერმისის ზედაპირზე კერატინით სავსე რეტენციული კისტების ფორმირებას. მილიუმები ვლინდება შუბლზე, ლოყებზე, ცხვირზე ერთეული ან მრავლობითი მოყვითალო ან თეთრი ფერის 1-2მმ ზომის პაპულებისა და ზერელე კისტების ფორმით. მილიუმები შესაძლოა აღმოცენდეს პირის ღრუშიც (,,ეპშტეინის მარგალიტები’’). ჩარევას საჭიროებს ძალიან იშვიათად შიგთავსის ელიმინაციის მიზნით.

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ახალშობილთა ტოქსიური ერითემა Erythema toxicum neonatorum

ახალშობილთა ტოქსიური ერითემა უცნობი ეტიოლოგიის, კეთილთვისებიანი, გავრცელებული გამონაყარია ჯანმრთელ ახალშობილებში. გამოვლინდება ერთეული ან მრავლობითი, სხვადასხვა ზომის  ერითემული გამონაყარით, რომელთა  ზედაპირზეც ხშირად ვითარდება პაპულები და პუსტულები. ახალშობილთა ტოქსიური ერითემა გრძელდება რამდენიმე საათიდან სამ კვირამდე. გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია გამოირიცხოს კანის ბაქტერიული ინფექცია (პიოდერმია),  კანის სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი), კანის ვირუსული ინფექცია (ჰერპესი), მუნი, ახალშობილთა გარდამავალი პუსტულოზური მელანოზი.

მშობლებისათვის და მომავალი მშობლებისათვის

ახალშობილთა აკნე

ახალშობილთა აკნე ნეონატალური პერიოდის ხშირი დერმატოზია. გამონაყარი ძირითადად ვლინდება დაბადებიდან პირველი თვის განმავლობაში სახეზე, გულმკერდზე, ზურგსა და საზარდულის არეებში ანთებითი პაპულებისა და პუსტულების სახით. ახალშობილთა აკნე კეთილთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება და ხშირად სპონტანურად უკუვითარდება. გახანგრძლივების შემთხვევაში საჭიროებს გამოკვლევას დიაგნოზის დასადასტურებლად და მკურნალობის კურსის შესარჩევად.