მთავარი

ხალი (ნევუსი) რა არის ხალი (ნევუსი) და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ


ხალი (ნევუსი) ნევუსური უჯრედებისგან წარმოქმნილი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. თანდაყოლილ ხალზე ვსაუბრობთ, თუ იგი ვლინდება დაბადებისთანავე ან ადრეულ ნეონატალურ პერიოდში. შეძენილი ხალების წარმოქმნა იწყება ბავშვთა ასაკში, გავრცელებისა და განვითარების პიკს კი პუბერტატულ ასაკში აღწევს. ხალების რაოდენობა გარკვეულ კავშირშია გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან, თუმცა მათ წარმოქმნასა და ზომაში ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მზის სხივები. სწორედ ამიტომაც ხალების დიდი ნაწილი წარმოიქმნება კანის მზესთან უშუალო კონტაქტის უბნებში. ხალების შეფერილობა და ფორმა განსხვავებულია და დამოკიდებულია კანის შრეებში პიგმენტების ჩალაგების სიღრმესა და რაოდენობაზე. მნიშვნელოვან დაკვირვებას საჭიროებს მოგვიანებით ( 30 წლის შემდეგ) წარმოქმნილი ხალები, რომლებიც გაჩნდა მზისგან დაფარულ კანის უბნებზე, ასევე დიდი ზომის თანდაყოლილი ნევუსები.

დერმატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია წარმონაქმნის გარეგანი ცვლილებებისა (არასწორი კიდეები, არაერთგვაროვანი შეფერილობა, სხვადასხვაფერის პიგმენტები წარმონაქმნში) და სუბიექტური ჩივილების (წვა, ტკივილი, ქავილი) გაჩენისთანავე. მეტად საყურადღებოა ხალის დაზიანება, დამწვრობა და დაწყლულებაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ნევუსის გარეგნული ცვლილებების შემჩნევა საწყის ეტაპზე მარტივი არ არის. დღეს უკვე არსებობს ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ხალში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება, შევაფასოთ თუ რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი ჯანმრთელობისთვის და ავირჩიოთ დაკვირვების ან დროული მოცილების ტაქტიკა.

მთავარი

თავის თმიანი არის მიკოზი Tinea capitis

თავის თმიანი არის მიკოზი ბავშვთა ასაკში გავრცელებული ინფექციაა. ეს დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომების საფუძველია. კლინიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თავის თმიანი არის მიკოზი შესაძლოა როგორც ბაქტერიული ინფექციის (ფურუნკულის, კარბუნკული), ისე ბუდობრივი ალოპეციის, თავის თმიანი არის ფსორიაზის, აზბესტისებური ლიქენის, სებორეული დერმატიტის იმიტატორად მოგვევლინოს. თუ გაწუხებთ თავის თმიან არეში ერთი ან რამდენიმე შემოფარგლული, ანთებითი, მტკივნეული  უბანი, ზედაპირზე მრავლობითი პუსტულებით, რომელშიც თმის ღერები ადვილად ძვრება და ალოპეციის კერა ყალიბდება (მისი გამოსავალი შესაძლოა იყოს ნაწიბუროვანი ალოპეცია) ან ერთი ან რამდენიმე ნაკლებად ანთებითი ქერცლით დაფარული უბანი, კერაში გადამტვრეული თმის ღერებით, ნუ დაგვავიწყდებათ  თავის თმიანი არის მიკოზის არსებობა.  ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, კონკრეტული გამომწვევის იდენტიფიცირება და სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება. დაავადება გადამდებია და გასათვალისწინებელია არამხოლოდ კონკრეტული პაციენტის გართულებების პრევენცია, არამედ კონტაქტში მყოფი პირების დაცვის უზრუნველყოფაც. საქართველოში ეს დაავადება თავისებური ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მახასიათებლებით ხასიათდება. ჩემი მრავალწლიანი კვლევის შედეგები ასახულია  სადისერტაციო ნაშრომში: ,,თავის თმიანი არის მიკოზების კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური ანალიზი.“

                                                                                                               ხათუნა კუდავა

                                                                                                          ექიმი დერმატოლოგი

                                                                                            მედიცინის აკადემიური დოქტორი

                                                                                                                ასოც. პროფესორი

მთავარი

დერმატოსკოპია – სკრინინგი კანის წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში

დერმატოსკოპია კანის წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში პირველი ეტაპია. ეს უახლესი მეთოდი საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც პიგმენტური, ისე არაპიგმენტური წარმონაქმნის მდგომარეობა. სპეციფიური სტრუქტურის განსაზღვრა, ზომის, საზღვრების, პიგმენტური ჩანართების ფერისა და განაწილების ვიზუალიზაცია, განსხვავებული სისხლძარღვოვანი ელემენტების გამოვლენა დიაგნოზის დასმის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. წარმონაქმნის ავთვისებიანობის გამოსავლენად შექმნილი სისტემები მახასიათებლების ციფრობრივი დამუშავების მეშვეობით საშუალებას იძლევა განისაზღვროს კონკრეტული წარმონაქმნი უსაფრთხოა, საჭიროებს კონტროლსა და დაკვირვებას თუ აუცილებელია მისი მოცილება. ABCD, 7-POINT CHECK-LIST, MOLE EXPERT MICRO მონაცემების გათვალისწინებით იგეგმება მომდევნო ეტაპები. ციფრული დერმატოსკოპი საშუალებას იძლევა შევინახოთ სრული ინფორმაცია წარმონაქმნის არსებული მდგომარეობის შესახებ და შევაფასოთ ცვლილებები დროში. დინამიკაში დაკვირვების შემთხვევაში კონტროლის ვადები ირჩევა ინდივიდუალურად. საჭიროების მიხედვით იგეგმება ციტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევები. დერმატოსკოპია ინფორმაციულია ხალების, მელანომების, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომების, აქტინური კერატოზების, სებორეული კერატომების, ჰემანგიომების, ანგიოკერატომების, პიოგენური გრანულომის, ფიბრომების, დერმატოფიბრომების, ვირუსული მეჭეჭების, კონტაგიოზური მოლუსკების სადიაგნოსტიკოდ. ეს არაინვაზიური და ხელმისაწვდომი გამოკვლევა წარმოადგენს სკრინინგ – მეთოდს კანის წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში.

                                                                                                                ხათუნა კუდავა

                                                                                                          ექიმი დერმატოლოგი

                                                                                            მედიცინის აკადემიური დოქტორი

                                                                                                                ასოც. პროფესორი