კანის წარმონაქმნები

ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია

ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია ცხიმოვანი ჯირკვლების გადიდებით მიმდინარე კეთილთვისებიანი პათოლოგიაა. დაავადება ვლინდება სახის არეში. თავდაპირველად წარმოიქმნება მცირე ზომის, მოყვითალო ან კანისფერი პაპულები, რომლებიც ოდნავ ამოწეულია კანის დონიდან.  ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზიის მოგვიანებით პერიოდში ვლინდება ჩამოყალიბებული, მოყვითალო-ნარინჯისფერი, მკვეთრად შემოსაზღვრული და კანის დონიდან მნიშვნელოვნად ამოწეული პაპულები, ცენტრში ჭიპისერი ჩაღრმავებით. დაავადების სადიაგნოსტიკოდ ინფორმაციული მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია.

კანის წარმონაქმნები

ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსი Nevus sebaceous

ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსი არის წარმონაქმნი, რომელიც შედგება კანისა და მისი დანამატების კომპონენტებისგან. ეს პათოლოგია შესაძლოა გამოვლინდეს  დაბადებისთანავე ან განვითარდეს ბავშვთა ადრეულ ასაკში.  ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსი ხშირად ლოკალიზებულია თავის თმიან არესა ან სახის მიდამოში. კლინიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შემჩნევა დასაწყისში ხშირად რთულია და მხოლოდ მოგვიანებით, წარმონაქმნის განვითარებასთან ერთად ხდება დაფიქსირება.  ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსი თავდაპირველად ვლინდება როგორც ხაზოვანი ან ოვალური, მოვარდისფრო ან მოყავისფრო-მოყვითელი ფერის შემოფარგლული ბალთა, რომლის ზედაპირიც ხავერდოვანია. კერაში არ აღინიშნება თმების არსებობა. ასაკის მატებასთან ერთად  ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსში მიმდინარეობს სტრუქტურულ-ჰისტოლოგიური ცვლილებები, რაც შეესაბამება ცხიმოვანი ჯირკვლების განვითარების ეტაპებს. პუბერტატული (გარდატეხის) ასაკის პერიოდისთვის  იგი  უკვე ჩამოყალიბებულია  მოვარდისფრო ან მოყავისფრო-მოყვითელი ფერის ვერუკოზული წარმონაქმნის სახით. ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსის დიაგნოსტიკაში პირველი ეტაპია ციფრული დერმატოსკოპია. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია როგორც პირველადი დიაგნოზის დასმა, ასევე წარმონაქმნის განვითარებაზე დინამიკაში დაკვირვება. როდის არის საჭირო და რა მეთოდით ცხიმოვანი ჯირკვლების ნევუსის მოცილება, ამას განსაზღვრავს პაციენტის ასაკი და წარმონაქმნში მიმდინარე სტრუქტურულ-ჰისტოლოგიური ცვლილებები.

კანის წარმონაქმნები

სებორეული კერატოზი Seborrheic Keratosis

სებორეული კერატოზი კანის ფართოდ გავრცელებული, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. პაციენტების ყურადღებას იგი ხშირად იპყრობს როგორც კოსმეტიკური დეფექტი ან როგორც სიცოცხლისთვის საშიში ავთვისებიანი წარმონაქმნის იმიტატორი. სებორეული კერატოზი სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. იგი შესაძლოა ლოკალიზდეს კანის ნებისმიერ უბანზე, ხელისგულებისა და ფეხისგულების გარდა. სებორეული კერატოზი გამოირჩევა კლინიკური გამოვლინებების მრავალფეროვნებით. ხშირია მრავლობითი ფორმები. წარმონაქმნის ფერი შეიძლება იყოს მოვარდისფრო, მოყვითალო, ყავისფერი ან შავი. სებორეული კერატოზი ამოწეულია კანის დონიდან და მკვეთრად შემოსაზღვრულია. მისი ზედაპირი გლუვი, ხავერდოვანი ან მეჭეჭოვანია. სებორეული კერატოზი წარმოადგენს ეპიდერმალურ წარმონაქმნს და ხშირად მისი ზედაპირი გარქოვანებულია, აღინიშნება სხვადასხვა ფერის ქერცლის არსებობა. სებორეული კერატოზის სადიაგნოსტიკო მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია. მისი მოცილება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის კრიოდესტრუქციითა და ელექტროკოაგულაციით.

კანის წარმონაქმნები

პიოგენური გრანულომა Granuloma pyogenicum (ტელეანგიექტაზიური გრანულომა, ბოტრიომიკომა)

პიოგენური გრანულომა (ბოტრიომიკომა) კანის კეთილთვისებიანი, სწრაფად მზარდი წარმონაქმნია, რომელიც ხშირად წარმოიქმნება ტრავმის ადგილზე. კლინიკურად ვლინდება ერთეული, მუქი წითელი ან იისფერი, მომრგვალო ფორმის კვანძით. პიოგენური გრანულომისთვის (ბოტრიომიკომა) დამახასიათებელია დაწყლულება და სისხლდენები უმნიშვნელო ტრავმირების შედეგადაც კი,  ამიტომაც მის გლუვ ზედაპირზე ხშირად შეინიშნება ეროზიებისა და ქერქების არსებობაც. წარმონაქმნი ზოგჯერ შემოფარგლულია აშრევებული ეპიდერმისის ქობით.  პიოგენური გრანულომა (ბოტრიომიკომა) ხშირად ლოკალიზდება ხელისა და ფეხის თითებზე, ტანზე, ტუჩებსა და პირის ღრუში. დიაგნოზის დასადგენად ინფორმაციული მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია. პიოგენური გრანულომა  აუცილებლად საჭიროებს მოცილებას შემდგომი პათომორფოლოგიური გამოკვლევით.

კანის წარმონაქმნები

პიგმენტური ნევუსი

ხალი (პიგმენტური ნევუსი) ნევუსური უჯრედებისგან წარმოქმნილი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. თანდაყოლილ ხალზე ვსაუბრობთ, თუ იგი ვლინდება დაბადებისთანავე ან ადრეულ ნეონატალურ პერიოდში. შეძენილი პიგმენტური ნევუსების წარმოქმნა იწყება ბავშვთა ასაკში, გავრცელებისა და განვითარების პიკს კი გარდატეხის ასაკში აღწევს. ხალების რაოდენობა გარკვეულ კავშირშია გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან, თუმცა მათ წარმოქმნასა და ზომაში ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მზის სხივები. სწორედ ამიტომაც ხალების დიდი ნაწილი წარმოიქმნება კანის მზესთან უშუალო კონტაქტის უბნებში. ხალების შეფერილობა და ფორმა განსხვავებულია და დამოკიდებულია კანის შრეებში პიგმენტების ჩალაგების სიღრმესა და რაოდენობაზე. პიგმენტური ნევუსები შეიძლება იყოს ღია და მუქი ყავისფერი, შავი, ნაცრისფერი ლურჯი ან ვარდისფერი. გასათვალისწინებელია უპიგმენტო ხალების არსებობაც.  მნიშვნელოვან დაკვირვებას საჭიროებს მოგვიანებით (30 წლის შემდეგ) წარმოქმნილი ხალები, რომლებიც გაჩნდა მზისგან დაფარულ კანის უბნებზე, ასევე დიდი ზომის თანდაყოლილი პიგმენტური ნევუსები. წარმონაქმნის გარეგანი ცვლილებები (არასწორი კიდეები, არაერთგვაროვანი შეფერილობა, სხვადასხვაფერი პიგმენტები წარმონაქმნში), სუბიექტური ჩივილების (წვა, ტკივილი, ქავილი) გაჩენა, დაწყლულება ეს ის მონაცემებია, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს ექიმთან ვიზიტს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ხალის გარეგნული ცვლილებების შემჩნევა საწყის ეტაპზე მარტივი არ არის. დღეს უკვე არსებობს ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ხალში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება, შევაფასოთ თუ რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი ჯანმრთელობისთვის და ავირჩიოთ დაკვირვების ან დროული მოცილების ტაქტიკა.

კანის წარმონაქმნები

კანის ფიბრომა (რბილი ფიბრომა)

კანის ფიბრომა წარმოადგენს კანის კეთილთვისებიან პოლიპს. რბილი ფიბრომები (აკროხორდონები) მეტად გავრცელებული კანის წარმონაქმნებია, განსაკუთრებით 30 წელს გადაცილებულ პირებში. კანის ფიბრომები ხშირად გვხვდება ჭარბი წონის ადამიანებში. ვიზუალიზდება იშვიათად ერთეული, უფრო ხშირად კი მრავლობითი კანის წარმონაქმნების სახით. კანის რბილი ფიბრომა ძირითადად გამოვლინდება მომრგვალო ან ძაფისებრი, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, კანისფერი ან მოყავისფრო ელემენტის სახით. შეხებისას რბილი და ელასტიურია. კანის ფიბრომები ჩვეულებრივ სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. მხოლოდ წარმონაქმნის გაღიზიანების, ანთებითი პროცესების განვითარებისა და თრომბოზის შემთხვევაში  შესაძლოა განვითარდეს ტკივილი. კანის რბილი ფიბრომები ხშირად ლოკალიზებულია ინტერტრიგინოზულ ზონებში: იღლიის, კისრის, მკერდქვეშა და საზარდულის კანის ნაოჭებში. არაიშვითია მათი განვითარება ქუთუთოებსა და თვალის ირგვლივ მიდამოებშიც. სადიაგნოსტიკო, ინფორმაციული მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია.  კანის ფიბრომების მოცილების სხვადასხვა გზები არსებობს. მათ შორის განსაკუთრებით ეფექტურია ელექტროკოაგულაცია და კრიოთერაპია.

კანის წარმონაქმნები

დერმატოფიბრომა

დერმატოფიბრომა კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის სპონტანურად წარმოიქმნება, იზრდება ზომაში რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩამოყალიბების შემდეგ პერსისტირებს წლები. დერმატოფიბრომა სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. მხოლოდ იშვიათად აღინიშნება ახალწარმონაქმნზე ქავილი და შედარებით დიდი დიამეტრის მქონე ელემენტზე ზეწოლისას ტკივილი. დერმატოფიბრომა კლინიკურად გამოვლინდება ვარდისფერი, მუქი წითელი ან იისფერი შემოფარგლული წარმონაქმნის სახით, რომლის ზედაპირიც შესაძლოა იყოს სადა და პრიალა ან ხაოიანი. ეს კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ხშირად მკვეთრად ამოწეულია კანის დონიდან, თუმცა შესაძლოა კანის ზედაპირიდან ჩაღრმავებული ელემენტის სახით გამოვლინდეს. დერმატოფიბრომა შემოფარგლულია ღია ან მუქი არამკვეთრად გამოხატული ქობით. პალპაციით შეიგრძნობა როგორც მკვრივი, კანში ფიქსირებული წარმონაქმნი. დერმატოფიბრომა ძირითადად ლოკალიზდება  ხშირი ტრავმირების ადგილზე, სხეულის ნებისმიერ უბანზე, თუმცა ყველაზე ხშირად ვლინდება კიდურებზე. ეს კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ძირითადად ვიზუალიზდება ერთეული ელემენტის  სახით, თუმცა ქვედა კიდურებზე შესაძლოა მისი მრავლობითი წარმონაქმნის სახით გამოვლენა. დერმატოფიბრომის სადიაგნოსტიკო არაინვაზიური მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია. დერმატოფიბრომა სიცოცხლისთვის საშიშ წარმონაქმნს არ წარმოადგენს. მისი მოცილება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, თუ პაციენს აწუხებს როგორც კოსმეტიკური დეფექტი.