თავის თმიანი არე და ფრჩხილები

ფსორიაზული ონიქოდისტროფია (ფრჩხილის ფსორიაზული დაზიანება)

ფრჩხილების ფსორიაზული დაზიანება ვლინდება ძირითადად კანის დაზიანებასთან ერთად დაავადებულთა 10-80%. დაახლოებით 5%-ში ის შეიძლება გამოვლინდეს დამოუკიდებლად.  ფსორიაზული ართრიტით დაავადებულებში ფსორიაზული ონიქოდისტროფია ვლინდება 70-80%-ში.

ფსორიაზული ონიქოდისტროფიის ძირითადი მახასიათებლები:

უფრო ხშირად ზიანდება ხელის მტევნების ფრჩხილები. ფრჩხილის ფირფიტის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევით არ ვლინდება სოკოს მიცელიუმებისა და სპორების არსებობა, იკვეთება ფრჩხილის საწოლის ჰიპერპლაზია და ჰიპერგრანულოზი. მიკროსკოპული და კულტურალური გამოკვლევა სოკოზე ნეგატიურია. დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდია ონიქოსკოპია.

ფსორიაზული ონიქოდისტროფიის ძირითადი კლინიკური გამოვლინებანი:

წერტილოვანი ჩანაჭდევები

ბოს ხაზები

ჰიპერკერატოზი

ონიქოლიზისი

ლეიკონიქია

ზეთოვანი წვეთის ფენომენი

თავის თმიანი არე და ფრჩხილები

ფრჩხილების მედიალური ღაროვანი დისტროფია Dystrophia unguium canaliformis media

ფრჩხილების დაზიანება შესაძლოა უკავშირდებოდეს მავნე ჩვევას. კვნეტისა და ხახუნის მავნე ჩვევა ზოგჯერ იწვევს ფრჩხილის ფირფიტის შუა ნაწილში სიგრძივი ღარის გაჩენას, რომელიც წარმოადგენს  ჰორიზონტალური ნაპრალებით შექმნილ ზოლისებრ დაზიანებას. მუდმივ ტრავმას თან სდევს ფრჩხილის მატრიცის დაზიანება და ზრდის დარღვევა.

თავის თმიანი არე და ფრჩხილები

ტელოგენური თმის ცვენა

ტელოგენური თმის ცვენა წარმოადგენს თმის დიფუზურ ცვენას, რომლის დროსაც არ აღინიშნება ნაწიბურის არსებობა და თავის თმიანი არის ანთებითი პროცესები. ის ხშირად იწყება სტრესიდან რამდენიმე თვეში უეცრად. ტელოგენური თმის ცვენის ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს მშობიარობა, მკაცრი დიეტა, მძიმე, ცხელებით მიმდინარე დაავადებები, ოპერაციული ჩარევები და სხვა. მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა კომპიუტერული დიაგნოსტიკა ტრიქოსკანის მეშვეობით. ამ მეთოდით ხდება სრულფასოვანი ვიზუალიზაცია და  ტრიქოგრამის მაჩვენებლების განსაზღვრა (თმის ღერის სიხშირე, ანაგენის და ტელოგენის პროცენტული თანაფარდობა, თმის ღერის საშუალო სიგრძე, ღინღლოვანი და ტერმინალური თმის ღერების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლების თანაფარდობა). გამოკვლევის შემდეგ იგეგმება საჭირო მკურნალობის კურსი.

თავის თმიანი არე და ფრჩხილები

ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი) Onychomycosis

ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი) ფრჩხილის ინფექციური დაზიანებაა, რომელსაც იწვევს  სხვადასხვა სახეობის სოკო, ხშირად Trichopyton rubrum, Trichopyton mentagrophytes და Candida albicans.

ეს პათოლოგია ხშირად ასოცირდება ტერფის დერმატომიკოზთან  და უპირატესად აზიანებს ტერფის ფრჩხილებს, თუმცა არაიშვიათია ხელის მტევნის ფრჩხილების დაზიანებაც. ონიქომიკოზის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ფრჩხილების ტრავმული დაზიანება.

დაავადების დიაგნოსტირება ხდება ლაბორატორიულად. ონიქომიკოზის დროს ფრჩხილის ფირფიტასა და ჰიპონიხიუმში ვლინდება სოკოს სპორები და მიცელიუმები. პირველ ეტაპზე ტარდება ფრჩხილის ფირფიტიდან აღებული მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა სოკოს მიცელიუმებისა და სპორების აღმოსაჩენად. მეორე ეტაპზე ტარდება კულტურალური კვლევა, რომლითაც ხდება სოკოს სახეობრივი იდენტიფიცირება.

ონიქომიკოზის თანდართული ტერფის სოკოვანი ინფექცია გამოვლინდება ამ არეში კანის შემოფარგლული, მოვარდისფრო აქერცლილი უბნებით. თითებშუა ნაოჭების ცენტრში ხშირია ნაპრალების განვითარება.

ფრჩხილების კანდიდოზური ინფექციით ხშირად ავადდებიან დიასახლისები. არჩევითად ზიანდება ხელის მტევნების მესამე და მეოთხე თითების ფრჩხილები, რასაც თან ახლავს ფრჩხილის მორგვების შეშუპება. კანდიდოზური ონიქომიკოზის ასეთ დაზიანებას ხშირად თან ახლავს მუქი წითელი ფერის ეროზიული უბნის გაჩენა ამავე  თითებშორის ნაოჭში.

ონიქომიკოზის კლინიკური ფორმები:

დისტალური სუბუნგუალური ონიქომიკოზი ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მეტად გავრცელებული ფორმაა, რომლის დროსაც ფრჩხილის დისტალური ნაწილი იცვლის როგორც შეფერილობას, ასევე სტრუქტურას. ფრჩხილის ფირფიტა ხდება მოყვითალო ან თეთრი გაუმჭვირვალე, გასქელებული, ფშვნადი.

პროქსიმალური სუბუნგუალური ონიქომიკოზი ხშირია პაციენტებში, რომელთაც აქვთ იმუნური სისტემის პრობლემები. პროცესი იწყება კუტიკულას არეში და თანდათან ვრცელდება ფრჩხილის ფირფიტაზე. ამ ფორმის ონიქომიკოზის ხშირი გამომწვევებია: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes.

თეთრი ზერელე ონიქომიკოზი უპირატესად აზიანებს ტერფის ფრჩხილებს.  ყველაზე ხშირი გამომწვევია Trichophyton mentagrophytes. ონიქომიკოზის ეს ფორმა ხასიათდება ფრჩხილის ფირფიტის ზედაპირული ინვაზიით, რაც გამოიხატება ზერელე აქერცვლაში.

ენდონიქსი ონიქომიკოზის ფორმაა, რომლის დროსაც ვლინდება რძისფერი, გაუფერულებული უბანი ფრჩხილში ფირფიტის ზედაპირის ცვლილების გარეშე. მისი ხშირი გამომწვევებია: Trichophyton violaceum, Trichophyton soudanense, Trichophyton tonsurans. ონიქომიკოზის ეს ფორმა ზოგჯერ ვლინდება როგორც თავის თმიანი არის მიკოზის თანმხლები პათოლოგია.

ონიქომიკოზი ასევე შეიძლება გამოვლინდეს სოკოვანი მელანონიქიის, შერეული ფორმის დაზიანების ან  ტოტალური დისტროფიის სახით.

ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მკურნალობა ეფექტიანია კომპლექსური მკურნალობის შედეგად. ონიქომიკოზის მკურნალობა მოიცავს როგორც ანტიმიკოზურ პერორალურ პრეპარატებს, ისე ფრჩხილების ადგილობრივი დამუშავებისა  და სადეზინფექციო პროცედურებს.

თავის თმიანი არე და ფრჩხილები

მელანონიქია Melanonychia

ფრჩხილის ფირფიტაში პიგმენტური ლაქების გაჩენას მრავალი მიზეზი აქვს. ხაზოვანი მელანონიქია ხშირად კეთილთვისებიანი პიგმენტური ფრჩხილქვეშა ნევუსის გამოვლინებაა, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ავთვისებიანი მელანომის განვითარების შესაძლებლობაც. მელანომის წარმოქმნა შესაძლებელია როგორც ფრჩხილქვეშა არეში, ისე ფრჩხილის ირგვლივ. ფრჩხილქვეშა მელანომის შემთხვევაში ფრჩხილის ფირფიტაში განვითარებული მელანონიქია თანდათან ფართოვდება, თან ერთვის ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილება (ხშირად ფირფიტის დაშლა) და მოყავისფრო-შავი პიგმენტური ლაქების გაჩენა ფრჩხილის მორგვის არეში – გეტჩინსონის ნიშანი. ზოგჯერ ხაზოვანი პიგმენტური ჩანართები ვლინდება არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე ფრჩხილზე. ასეთი პათოლოგია ხშირად უკავშირდება გარკვეული რიგის პრეპარატების მიღებას, ზოგჯერ კი მისი მიზეზი უცნობია.

თავის თმიანი არე და ფრჩხილები

ბუდობრივი ალოპეცია ბუდობრივი თმის ცვენა

ბუდობრივი ალოპეცია აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კონკრეტულ შემოფარგლულ უბანზე თმის დაცვენით. დაავადება ხშირად იწყება უეცრად ერთი ან რამდენიმე, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, არანაწიბუროვანი თმაგაცვენილი კერის წარმოქმნით.  შესაძლოა გამოვლინდეს თმის ცვენა მთელს თავის თმიან არეზე (ტოტალური ალოპეცია) ან აღინიშნოს თმის დაცვენა მთელს სხეულზე (უნივერსალური ალოპეცია). ბუდობრივი ალოპეციისთვის კანის ანთებითი ცვლილებები დამახასიათებელი არ არის. თუ ვლინდება შემოფარგლული ანთებითი კერა, რომლის ზედაპირზეც აღინიშნება აქერცვლა და გადამტვრეული თმის ღერები ან  კანის მკვეთრად ინფილტრირებული უბანი, რომელშიც თმის ღერები ადვილად ძვრება, აუცილებელია გამოირიცხოს თავის თმიანი არის სოკოვანი დაავადებები.

თავის თმიანი არე და ფრჩხილები

ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენული თმის ცვენა)

ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენული თმის ცვენა) წარმოადგენს ანდროგენებით გამოწვეულ თმის ცვენას გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში.  მამაკაცებში ის ხშირად  გარდატეხის ასაკის შემდეგ იწყება, თანდათან პროგრესირებს და საფეთქლისა და თხემის არეებს მოიცავს.

ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენული თმის ცვენა)  ქალებში უპირატესად პოსტმენოპაუზის პერიოდში გამოვლინდება. მოიცავს თხემის არეს ისე, რომ შუბლისა და თხემის მოსაზღვრე უბანზე თმის ნორმალური საფარველი შენარჩუნებულია და არც საფეთქლის არეებია პროცესში ჩართული.