
ჰერპეს ზოსტერი (სარტყლისებური ლიქენი) კანზე გამოვლენილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც დაკავშირებულია ჩუტყვავილას ვირუსის რეაქტივაციასთან. ჩუტყვავილას ვირუსის რეაქტივაციაში განსაზღვრულ როლს თამაშობს ასაკი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, გადაღლა, სტრესი და სხვა. ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენის) მნიშვნელოვანი მახასიათებელია ტკივილი, რომელიც წინ უსწრებს კანზე გამონაყარის გამოვლენას და ხშირად დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზიც ხდება. დაზიანებული ნერვული ღეროს შესაბამისად ჰერპესულმა ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს პლევრიტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიებისა და სხვა დაავადებების სიმულირება. ტკივილისა ან პარესთეზიის ფონზე წარმოიქმნება ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენის) გამონაყარი, რომელიც გამოვლინდება შეშუპებულ, ერითემატოზულ ფონზე ჯგუფებად დალაგებული, სხვადასხვა ზომის ბუშტუკების სახით. გამონაყარი განლაგებულია კანზე დაზიანებული ნერვის გასწვრივ. ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენის) გართულება შესაძლოა იყოს კერის მეორადი დაინფიცირება ბაქტერიული ფლორით, კანის დაზიანებული უბნის დანეკროზება, პოსტჰერპესული ნევრალგიები.