
ფსორიაზი უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, ფრჩხილებსა და სახსრებს.
კლინიკური ფორმები:
ბალთოვანი ფსორიაზი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. გამონაყარი ვლინდება მკვეთრად შემოფარგლული, მუქი წითელი ფერის, მომრგვალო-ოვალური ფორმის პაპულებით, რომლებიც ხშირად ერთიანდება დიდი ზომის ბალთებად. პაპულები იფარება მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის, კანთან მკვეთრად მიმაგრებული ქერცლებით. ყველაზე ხშირად ზიანდება იდაყვებისა და მუხლების გამშლელი ზედაპირები, თავის თმიანი არე, წელის მიდამო.
ლოკალიზებული პუსტულური ფსორიაზი ვლინდება პუსტულების განვითარებით ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.
გენერალიზებული პუსტულური ფსორიაზი მძიმედ მიმდინარე ფორმაა, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და მტკივნეულობა.
ინტერტრიგინოზული ფსორიაზი ვითარდება მომხრელ ან ინტერტრიგინოზულ არეებში, ხშირად საზარდულისა და მკერდქვეშა ნაოჭებში. დამახასიათებელია კანდიდოზური ინფექციის თანდართვა.
წვეთოვანი ფსორიაზის განვითარება ხშირად ასოცირდება სტრეპტოკოკულ ინფექციასთან.
ერითროდერმული ფსორიაზი განსაკუთრებით მძიმე ფორმაა, რომელიც ხასიათდება მთელი კანის სიწითლით, მტკივნეულობით, მაღალი ტემპერატურითა და შემცივნებებით.
ფრჩხილების დაზიანება ფსორიაზის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით: წერტილოვანი ჩანაჭდევები, ონიქოლიზისი, ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, ზეთოვანი ლაქის ფენომენი და ფრჩხილების დისტროფია.