რგოლისებრი გრანულომა ქრონიკულად მიმდინარე, ნელა პროგრესირებადი გრანულომატოზური დაავადებაა. იგი ძირითადად გამოვლინდება კანის ლოკალური დაზიანებებით, გენერალიზებული ფორმები შედარებით იშვიათია. გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება ხელის მტევნებისა და ტერფების მიდამოებში, კოჭ-წვივის სახსრის, წინამხრებისა და წვივების არეებში. რგოლისებრი გრანულომა იწყება კანისფერი პაპულის გაჩენით, რომლის ცენტრიც თანდათან განიცდის ინვოლუციას და ყალიბდება მცირე ზომის მკვრივი პაპულებისგან წარმოქმნილი რგოლი. თვეების განმავლობაში რგოლები ერთიანდება ერთ კონცენტრირებულ ბალთად. დაავადება სუბიექტურ შეგრძნებებს არ იწვევს. რგოლისებრი გრანულომა ზოგჯერ ასოცირდება შაქრიან დიაბეტთან.