
პიოგენური გრანულომა (ბოტრიომიკომა) კანის კეთილთვისებიანი, სწრაფად მზარდი წარმონაქმნია, რომელიც ხშირად წარმოიქმნება ტრავმის ადგილზე. კლინიკურად ვლინდება ერთეული, მუქი წითელი ან იისფერი, მომრგვალო ფორმის კვანძით. პიოგენური გრანულომისთვის (ბოტრიომიკომა) დამახასიათებელია დაწყლულება და სისხლდენები უმნიშვნელო ტრავმირების შედეგადაც კი, ამიტომაც მის გლუვ ზედაპირზე ხშირად შეინიშნება ეროზიებისა და ქერქების არსებობაც. წარმონაქმნი ზოგჯერ შემოფარგლულია აშრევებული ეპიდერმისის ქობით. პიოგენური გრანულომა (ბოტრიომიკომა) ხშირად ლოკალიზდება ხელისა და ფეხის თითებზე, ტანზე, ტუჩებსა და პირის ღრუში. დიაგნოზის დასადგენად ინფორმაციული მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია. პიოგენური გრანულომა აუცილებლად საჭიროებს მოცილებას შემდგომი პათომორფოლოგიური გამოკვლევით.