
ხალი (პიგმენტური ნევუსი) ნევუსური უჯრედებისგან წარმოქმნილი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. თანდაყოლილ ხალზე ვსაუბრობთ, თუ იგი ვლინდება დაბადებისთანავე ან ადრეულ ნეონატალურ პერიოდში. შეძენილი პიგმენტური ნევუსების წარმოქმნა იწყება ბავშვთა ასაკში, გავრცელებისა და განვითარების პიკს კი გარდატეხის ასაკში აღწევს. ხალების რაოდენობა გარკვეულ კავშირშია გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან, თუმცა მათ წარმოქმნასა და ზომაში ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მზის სხივები. სწორედ ამიტომაც ხალების დიდი ნაწილი წარმოიქმნება კანის მზესთან უშუალო კონტაქტის უბნებში. ხალების შეფერილობა და ფორმა განსხვავებულია და დამოკიდებულია კანის შრეებში პიგმენტების ჩალაგების სიღრმესა და რაოდენობაზე. პიგმენტური ნევუსები შეიძლება იყოს ღია და მუქი ყავისფერი, შავი, ნაცრისფერი ლურჯი ან ვარდისფერი. გასათვალისწინებელია უპიგმენტო ხალების არსებობაც. მნიშვნელოვან დაკვირვებას საჭიროებს მოგვიანებით (30 წლის შემდეგ) წარმოქმნილი ხალები, რომლებიც გაჩნდა მზისგან დაფარულ კანის უბნებზე, ასევე დიდი ზომის თანდაყოლილი პიგმენტური ნევუსები. წარმონაქმნის გარეგანი ცვლილებები (არასწორი კიდეები, არაერთგვაროვანი შეფერილობა, სხვადასხვაფერი პიგმენტები წარმონაქმნში), სუბიექტური ჩივილების (წვა, ტკივილი, ქავილი) გაჩენა, დაწყლულება ეს ის მონაცემებია, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს ექიმთან ვიზიტს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ხალის გარეგნული ცვლილებების შემჩნევა საწყის ეტაპზე მარტივი არ არის. დღეს უკვე არსებობს ციფრული დერმატოსკოპული გამოკვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ხალში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება, შევაფასოთ თუ რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი ჯანმრთელობისთვის და ავირჩიოთ დაკვირვების ან დროული მოცილების ტაქტიკა.