მარტივი ჰერპესი კანის ვირუსული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ორი განსხვავებული ტიპის ჰერპეს ვირუსი. პირველი ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციის დროს ე.წ ,,ლაბიალური“ ჰერპესის შემთხვევაში გამონაყარი ვლინდება პირის ღრუში, ტუჩებისა ან სადა კანის სხვა უბანზე. მეორე ტიპის ვირუსი იწვევს ,,გენიტალურ“ ჰერპესს. მარტივი ჰერპესის საწყის ეტაპზე ხდება პირველადი ინფიცირება (ხშირად ჰაერწვეთოვანი გზით) დაზიანებულ კერასთან კონტაქტის შედეგად. სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან რამდენიმე დღეში. მარტივი ჰერპესის ვირუსის ინოკულაციის ადგილზე გამონაყარის გამოვლენას წინ უსწრებს სუბიექტური ჩივილები ტკივლის, წვისა და მსუბუქი პარესთეზიის სახით. გამონაყარი ვითარდება ერითემატოზულ უბანზე წარმოქმნილი, ჯგუფად განლაგებული ბუშტუკების ფორმით. მარტივი ჰერპესი მორეციდივე კანის ვირუსული დაავადებაა. ვირუსის რეაქტივაციისა და რეციდივების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს კანის ლოკალური ტრავმა (მზით დამწვრობა, ნახეთქები, ნაკაწრები) ან სისტემური ცვლილებები (გადაღლა, ცხელება, მენსტრუალური ციკლი, სასუნთქი გზების ინფექციებით გამოწვეული იმუნური ცვლილებები).