იმპეტიგო კანის გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით. დაავადებას იწვევს სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ბაქტერიები. იმპეტიგო ვლინდება კანის ზერელე დაზიანებით. გამოიყოფა ორი კლინიკური ფორმა: ბულოზური და არაბულოზური. გამონაყარი შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან გავრცელებული. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება სახის, თავის თმიანი მიდამოსა და კიდურების არეები. ბულოზური ფორმის დროს წარმოიქმნება დიდი ზომის ბუშტები, რომლებიც დაფარულია თხელი საფარველით. ბუშტის საფარველი ადვილად ირღვევა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ეროზიული უბანი. მოგვიანებით ეროზია იფარება მოყვითალო ფერის ქერქით. არაბულოზური ფორმის შემთხვევაში პირველადი გამონაყარი შედარებით მცირე ზომის პუსტულებით არის წარმოდგენილი, საბოლოოდ კი ვითარდება კანთან მჭიდროდ მიმაგრებული მოყვითალო-ოქროსფერი ან ღია ყავისფერი ქერქები. იმპეტიგო ხშირად ვლინდება დაზიანებული კანის ფონზე და ადვილად გადადის დაავადებულთან მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვთა პოპულაციაში. დაავადების გავრცლებას ხელს უწყობს თბილი ტენიანი კლიმატი და ჰიგიენის დაუცველობა.