თეთრი პიტირიაზი ბავშვთა ასაკში გავრცელებული, უსიმპტომო, ალერგიული გენეზის დაავადებაა. იგი ვლინდება მომრგვალო ან ოვალური ფორმის, არამკვეთრი საზღვრების მქონე, ჰიპოპიგმენტური ლაქებით, რომელთა ზედაპირზეც აღინიშნება სუსტად გამოხატული აქერცვლა. გამონაყარი უპირატესად ლოკალიზებულია სახესა და კიდურებზე. დაავადება განსაკუთრებით შესამჩნევია ზაფხულში გარუჯულ კანზე, როცა დაზიანებული უბნები მკვეთრად გამოხატულია. ზამთრის ცივ, მშრალ პერიოდში თეთრი პიტირიაზის ჰიპოპიგმენტური ლაქები უფრო აქერცვლადი და ანთებითი ხდება. დაავადების განკურნების შემდეგ ხდება დეპიგმენტაციის სრული აღდგენა.