ატოპიური დერმტიტი კანის ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული ქავილი. დაავადება იწყება ადრეულ ასაკში და ხშირად ასოცირდება ატოპიასთან პირად თუ ოჯახურ ანამნეზში (ასთმა, ალერგიული რინოკონიუქტივიტი და სხვა). ატოპიური დერმტიტის მწვავე კერები ძირითადად ვლინდება ვეზიკულებით. ქვემწვავე პროცესის დროს ვითარდება კანის აქერცლილი და ქერქებით დაფარული უბნები, ქრონიკულ კერებს კი მუქი წითელი ლიქენიფიცირებული კანის სახე აქვს. ატოპიური დერმტიტის კლინიკური სურათის გამოვლენა ვარირებს ასაკის ცვლილებებთან ერთად. ადრეულ ბავშვთა ასაკში ხშირია ექსუდაციური, სველი კერების წარმოქმნა კანზე. განსაკუთრებით ზიანდება სახისა (ლოყები, პერიორალური უბანი) და თავის თმიანი არეები. მოგვიანებით პროცესში ერთვება კიდურების მომხრელი ზედაპირები, ხშირად თვალის ქუთუთოებიც. დაავადება ხშირად ასოცირდება კანის ისეთ პათოლოგიებთან როგორიცაა მშრალი კანის დერმატიტი, ვულგარული იქტიოზი და ფოლიკულური კერატოზი. ატოპიური დერმატიტი ხშირად რთულდება სტაფილოკოკური ინფექციით, კანის ვირუსული ინფექციებით, კანის სოკოვანი ინფექციებით. დაავადების თანმხლები შემაწუხებელი ქავილი არაიშვიათად ემოციური დაძაბულობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზი ხდება.