დერმატოფიბრომა კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის სპონტანურად წარმოიქმნება, იზრდება ზომაში რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩამოყალიბების შემდეგ პერსისტირებს წლები. დერმატოფიბრომა სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. მხოლოდ იშვიათად აღინიშნება ახალწარმონაქმნზე ქავილი და შედარებით დიდი დიამეტრის მქონე ელემენტზე ზეწოლისას ტკივილი. დერმატოფიბრომა კლინიკურად გამოვლინდება ვარდისფერი, მუქი წითელი ან იისფერი შემოფარგლული წარმონაქმნის სახით, რომლის ზედაპირიც შესაძლოა იყოს სადა და პრიალა ან ხაოიანი. ეს კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ხშირად მკვეთრად ამოწეულია კანის დონიდან, თუმცა შესაძლოა კანის ზედაპირიდან ჩაღრმავებული ელემენტის სახით გამოვლინდეს. დერმატოფიბრომა შემოფარგლულია ღია ან მუქი არამკვეთრად გამოხატული ქობით. პალპაციით შეიგრძნობა როგორც მკვრივი, კანში ფიქსირებული წარმონაქმნი. დერმატოფიბრომა ძირითადად ლოკალიზდება ხშირი ტრავმირების ადგილზე, სხეულის ნებისმიერ უბანზე, თუმცა ყველაზე ხშირად ვლინდება კიდურებზე. ეს კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ძირითადად ვიზუალიზდება ერთეული ელემენტის სახით, თუმცა ქვედა კიდურებზე შესაძლოა მისი მრავლობითი წარმონაქმნის სახით გამოვლენა. დერმატოფიბრომის სადიაგნოსტიკო არაინვაზიური მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია. დერმატოფიბრომა სიცოცხლისთვის საშიშ წარმონაქმნს არ წარმოადგენს. მისი მოცილება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, თუ პაციენს აწუხებს როგორც კოსმეტიკური დეფექტი.