კანის დაავადებები

ვულგარული მეჭეჭები / Verrucae vulgaris

ვულგარული მეჭეჭები გავრცელებული ინფექციაა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. მას დნმ-შემცველი პაპილომა ვირუსი იწვევს. იმისათვის რომ ვირუსი კანში მოხვდეს და დაავადება განვითარდეს, აუცილებელია კანის მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრის, ნახეთქის, სხვადასხვა ტრავმის არსებობა). ეპიდერმალური პროლიფერაციის შედეგად ვითარდება მომრგვალო ფორმის, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, კანისფერი, შეხებისას მკვრივი ჰიპერკერატოზული პაპულა. პაპულის ზედაპირზე ხშირად ისახება შავი წერტილები - დათრომბილი კაპილარები. მეჭეჭი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ყველაზე ხშირად ვლინდება ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების არეებში, ასევე იდაყვებისა და მუხლების მიდამოებში. თავისებური ფორმით გამოირჩევა ძაფისებრი ფორმის მეჭეჭები, რომლებიც ხშირად ლოკალიზდება სახეზე. ვულგარული მეჭეჭები ხასიათდება გამრავლებითა და გავრცელებით. მკურნალობის აპარატურული მეთოდებია: კრიოდესტრუქცია, ელექტროკოაგულაცია, ლაზეროთერაპია.