კანის დაავადებები

ვარდისფერი პიტირიაზი
(ჯიბერის დაავადება)
Pityriasis rosea

კლინიკური თავისებურება, გამოვლენის ინფექციასთან და სეზონურობასთან კავშირი ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზის ინფექციურ-ალერგიული გენეზის ამსახველია. დაავადება ძირითადად ვლინდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მის აღმოცენებას ძალიან ხშირად წინ უსწრებს 3-4 კვირით ადრე გადატანილი ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. თავდაპირველად ჩნდება გამონაყარის მხოლოდ ერთი ელემენტი (დედისეული ბალთა), რომელიც თანდათან იზრდება ზომაში. შემდეგ იწყება გამონაყარის ელემენტების ბიძგისებური გამოყრა მრავლობითი გამონაყარის გამოვლენით. ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით 4-8 კვირა. ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზის გამონაყარი წარმოადგენს პაპულურ-სქვამოზურ, მომრგვალო-ოვალური ფორმის, მოვარდისფრო-წითელი ფერის ელემენტს. იგი უპირატესად ლოკალიზებულია გულმკერდის, ზურგისა და ზედა კიდურების არეებში, თუმცა არაიშვიათია გამონაყარის გამოვლინება მუცლის ქვედა არის კანზეც. მკურნალობა სიმპტომურია.