კანის დაავადებები

ვიტილიგო / Vitiligo

ვიტილიგო ქრონიკულად მიმდინარე, უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დეპიგმენტური ლაქების გამოვლენით კანზე. პაციენტების დაახლოებით 30% შემთხვევაში აღინიშნება დაავადების ოჯახური ანამნეზი. ვიტილიგოს პირველი გამოვლინება ხშირად უკავშირდება ემოციურ სტრესს ან კანის ტრავმას (მზის სხივებით დამწვრობა). არსებობს ვიტილიგოს ორი ტიპი. A ტიპის ვიტილიგო ხშირად ასოცირდება ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან. იგი გამოვლინდება მკვეთრად შემოფარგლული, სიმეტრიულად განლაგებული, სხვადასხვა ზომის დეპიგმენტური უბნებით. ლაქების კიდეები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს წითელი ანთებითი ქობით ან ჰიპერპიგმენტური საზღვრებით. ამ ტიპის ვიტილიგო ხშირად ლოკალიზდება ხელის მტევნებზე, სახეზე, ნაოჭებზე, გენიტალიუმის მიდამოში, ბუნებრივი ხვრელების ირგვლივმდებარე კანის უბნებზე. B ტიპის ვიტილიგო გავრცელებულია უპირატესად ბავშვთა ასაკში. იგი ცნობილია როგორც სეგმენტური ვიტილიგო, რადგან დაზიანების კერა შემოფარგლულია კონკრეტული სეგმენტით. იწყება და ვითარდება სწრაფად, შემდეგ სტაბილიზდება და ძალიან იშვიათად ვრცელდება.