კანის დაავადებები

სხვადასხვაფერი პიტირიაზი / Pityriasis versicolor

სხვადასხვაფერი პიტირიაზი გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს Pityrosporum orbiculare (Malassezia furfur) სახეობის სოკო. დაავადება სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს, პაციენტებს ძირითადად აწუხებთ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. გამონაყარი გამოვლინდება სხვადასხვა ზომის, შემოსაზღვრული, მრავლობითი, მომრგვალო ფორმის ლაქებით. ზოგჯერ მცირე ზომის ლაქები გაერთიანებულია დიდი ზომის ფესტონური მოხაზულობის კერებად. სხვადასხვაფერი პიტირიაზის გამონაყარის ზედაპირზე აღინიშნება აქერცვლა. ლაქების ფერი განსხვავებულია, თუმცა კონკრეტულ პაციენტს აქვს მხოლოდ ერთი შეფერილობის გამონაყარი. სხვადასხვაფერი პიტირიაზის დროს წარმოქმნილი ლაქები შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი ან მოყვითალო-ყავისფერი. თეთრი ფერის გამონაყარი ხშირად გამოვლინდება გარუჯულ კანზე. გამოკვლევის სადიაგნოსტიკო მეთოდებია: კანიდან აღებული მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა და ვუდის ნათურით დიაგნოსტიკა.