კანის დაავადებები

სებორეული დერმატიტი

სებორეული დერმატიტი მეტად გავრცელებული კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ნერვული სისტემის პათოლოგიებითა და იმუნოდეფიციტით დაავადებულ პაციენტებში. მის გამომწვევ მიზეზად განიხილება Pityrosporum-ის ჯგუფის სოკო. სებორეული დერმატიტი კანზე გამოვლინდება პაპულო-სქვამოზური დაზიანებით. გამონაყარი ლოკალიზებულია უპირატესად ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ მიდამოებში (თავის თმიანი არე, სახე, გულმკერდის მიდამო). სებორეული დერმატიტის დროს ხშირად ზიანდება წარბების, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, ყურის ნიჟარის უბნები. მსგავსი გამონაყარის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია კანის სოკოვანი დაავადების, წითელი მგლურას, ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების გამორიცხვა.