კანის დაავადებები

რბილი ფიბრომა

რბილი ფიბრომა წარმოადგენს კანის კეთილთვისებიან პოლიპს. რბილი ფიბრომები (აკროხორდონები) მეტად გავრცელებული კანის წარმონაქმნებია, განსაკუთრებით 30 წელს გადაცილებულ პირებში. რბილი ფიბრომები ხშირად გვხვდება ჭარბი წონის ადამიანებში. ვიზუალიზდება იშვიათად ერთეული, უფრო ხშირად კი მრავლობითი კანის წარმონაქმნების სახით. რბილი ფიბრომა ძირითადად გამოვლინდება მომრგვალო ან ძაფისებრი, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, კანისფერი ან მოყავისფრო ელემენტის სახით. შეხებისას რბილი და ელასტიურია. რბილი ფიბრომები ჩვეულებრივ სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. მხოლოდ გაღიზიანების, ანთებითი პროცესების განვითარებისა და თრომბოზის შემთხვევაში კანის ამ წარმონაქმნში შესაძლოა განვითარდეს ტკივილი. რბილი ფიბრომები ლოკალიზებულია ძირითადად ინტერტრიგინოზულ ზონებში: იღლიის, კისრის, მკერდქვეშა და საზარდულის კანის ნაოჭებში. არაიშვითია მათი განვითარება ქუთუთოებსა და თვალის ირგვლივ მიდამოებშიც. რბილი ფიბრომების მოცილების სხვადასხვა გზები არსებობს. მათ შორის განსაკუთრებით ეფექტურია ელექტროკოაგულაცია და კრიოთერაპია.