კანის დაავადებები

პიოდერმია

პიოდერმია კანის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ჩირქმბადი მიკროორგანიზმები. პიოდერმიის გამომწვევები ძირითადად სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ბაქტერიებია, იშვიათად სხვა სახის. დაავადების წყარო შესაძლოა იყოს დაბინძურებული ჰაერი, ოთახის მტვერი, ტანსაცმელი და სხვა. პიოდერმია კანის ინფექციური, გადამდები დაავადებაა. მისი განვითარებისთვის აუცილებელია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს კანის დაზიანებას (ნაკაწრები, ნახეთქები, სხვადასხვა სახის ტრავმები), კანის pH-ის ოფლისა და ცხიმის როგორც რაოდენობრივ, ისე შემცველობით ცვლილებებს. პიოდერმიების განვითარებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებები, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ხშირია პიოდერმიების გამოვლენა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში, ჰიპოვიტამინოზისა და გადაღლის შემთხვევებშიც. კლინიკურად შესაძლოა გამოვლინდეს ფოლიკულიტის, ვულგარული სიკოზის, ფურუნკულის, კარბუნკულის, ჰიდრადენიტის, იმპეტიგოს ფორმით. ზაფხულის პერიოდში მეტად გავრცელებულია, განსაკუთრებით ბავშვებში პიოდერმიის ერთერთი ფორმა იმპეტიგო. მისი გამომწვევი უფრო ხშირად სტრეპტოკოკული ინფექციაა, თუმცა არაიშვიათია შერეული ტიპის სტრეპტო- სტაფილოკოკური ინფექციაც. კანზე გამოვლინდება როგორც ზერელე ფორმის ჩირქოვანი დაზიანება, ფლიქტენების ფორმით. განსაკუთებით ხშირად ზიანდება სახე, ტანი და კიდურები, თუმცა არაიშვიათია გამონაყარი თავის თმიან არეში. დაავადება სწრაფად ვრცელდება ბავშვებში პირდაპირი კონტაქტის გზით ან საერთო დაინფიცირებული სათამაშოებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. წყალი იმპეტიგოს გამომწვევი არ არის, თუმცა ხშირი ბანაობა ხელს უწყობს გამონაყარის გავრცელებას. პიოდერმიის გამონაყარი ადვილად ვრცელდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია გამონაყარის გამოვლენისთანავე მიმართოთ დერმატოლოგს. ასეთ შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტა გაცილებით მარტივია და მკურნალობა ძირითადად ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებით შემოიფარგლება. გავრცელებული პიოდერმია მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას ანტიბიოტიკებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჩირქის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, გამომწვევის ზუსტად დასადგენად და სწორი ანტიბიოტიკის შესარჩევად. პიოდერმია შეიძლება იყოს ქავილით მიმდინარე კანის სხვა დაავადების(მუნი, ატოპიური დერმატიტი და სხვა) გართულებაც მეორადი დაინფიცირების შემთხვევაში. დაავადების თავიდან ასაცილიბლად მნიშვნელოვანია ჰიგიენისა და კანის მოვლის სწორი წესების დაცვა.