კანის დაავადებები

ორსულთა დერმატოზები

ორსულთა ქავანა ურტიკარული პაპულები
ორსულთა ყველაზე გავრცელებული დერმატოზია ქავანა ურტიკარული პაპულები. ეს დაავადება ხასიათდება მრავლობითი გამონაყარის სწრაფი გამოვლენით და გამოხატული ქავილით, რაც მომავალ დედას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის. გამონაყარი უპირატესად ლოკალიზდება მუცლის, ბარძაყების, დუნდულების, გულმკერდისა და ზურგის მიდამოებში. დაავადებისთვის მეტად დამახასიათებელია სტრიებისა და მის ირგვლივ არეებში გამონაყარის აღმოცენება. გამონაყარის ელემენტებია მკრთალი ქობით შემოსაზღვრული წითელი პაპულები, რომლებიც ზოგჯერ ერთიანდებიან ურტიკარულ ბალთებად. დაავადება უფრო ხშირად ვლინდება ორსულობის მესამე ტრიმესტრში და უკუვითარდება მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ან მშობიარობიდან ერთი კვირის განმავლობაში.

ორსულთა ჰერპესი (Herpes gestationis)
ორსულთა ჰერპესი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვლინდება პოლიმორფული გამონაყარითა და მკვეთრად გამოხატული ქავილით. ეს დერმატოზი უფრო ხშირად იწყება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, თუმცა შესაძლებელია მისი განვითარება როგორც ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ისე მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. ორსულთა ჰერპესის რეციდივები ზოგჯერ ვლინდება განმეორებითი ორსულობების პერიოდში და ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს. ორსულთა ეს დერმატოზი იწვევს კანზე გამონაყარს. ლორწოვანი გარსების, თმებისა და ფრჩხილების დაზიანება არ აღინიშნება. გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება ტანზე, მუცელსა და გვერდით ზედაპირებზე. ძირითადად აღინიშნება პაპულებისა და ვეზიკულების არსებობა. აგრეთვე ვლინდება ურტიკარული გამონაყარი, ბუშტების, ეროზიებისა და ქერქების არსებობა. გამონაყარის ჯგუფურად განლაგებას უკავშირდება ამ დერმატოზის სახელწოდება - ,,ორსულთა ჰერპესი.“