კანის დაავადებები

მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა / Erythema exudativa multiformis

მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა კანის ანთებითი დაავადებაა. მიზეზის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება, თუმცა არაიშვიათია მისი კავშირი მორეციდივე მარტივ ჰერპესთან, სასუნთქი გზების ინფექციებთან ან წამლისმიერ ინტოქსიკაციასთან. დაავადება მწვავედ მიმდინარეობს. ზოგჯერ აღინიშნება მისი ქრონიკული მიმდინარეობა პერიოდული რეციდივებით. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის გამონაყარი გამოვლინდება სხვადასხვა სახის ელემენტებით: ერითემატოზული ლაქებით, ურტიკებით, სამიზნისებრი ელემენტებით, ვეზიკულებითა და ბუშტებით. დაავადებას თან ახლავს კანის დაზიანებულ უბნებში მკვეთრად გამოხატული წვისა და ქავილის შეგრძნება. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის გამონაყარი უპირატესად ლოკალიზდება ზედა და ქვედა კიდურებზე (ხელის მტევნებსა და ტერფებზე), ხშირად სიმეტრიულად და სახეზე. არაიშვიათია პირის ღრუსა და სასქესო არეების ლორწოვანი გარსების დაზიანება. მკურნალობის კურსი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.