კანის დაავადებები

კელოიდური ნაწიბური / Keloidum

კელოიდური ნაწიბური პაციენტებს ძირითადად აწუხებთ როგორც კოსმეტიკური დეფექტი. სუბიექტურ ჩივილებს ის ძალიან იშვიათად იწვევს. ვითარდება კანის დაზიანების ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი განვითარების შედეგად. შესაძლოა წარმოიქმნას ტრავმის, დამწვრობის, აკნეს შემდგომ პეროიდში. უფრო ხშირია მისი განვითარება ახალგაზრდა ასაკში. კელოიდური ნაწიბური გამოვლინდება როგორც მოწითალო-იისფერი, კანის დონიდან მკვეთრად ამოწეული, მკვეთრად შემოსაზღვრული, გლუვი ზედაპირისა და მკვრივი კონსისტენციის მქონე წარმონაქმნი. იგი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის. კელოიდური ნაწიბურის საზღვრები სცილდება პირველადი დაზიანების არეს. პრაქტიკულად არ განიცდის უკუგანვითარებას. მკურნალობის მეთოდებიდან ეფექტურია კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ინექციები და ფრაქციული ლაზეროთერაპია.