კანის დაავადებები

კვანძოვანი ერითემა (Erythema nodosum)

კვანძოვანი ერითემა კანქვეშა უჯრედისის ალერგიული და გრანულომატოზური ანთებითი ცვლილებების გამოვლინებაა. მისი ეტიოლოგია შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფექციას (ტუბერკულოზი, სტრეპტოკოკული ინფექცია, კოკციდიოიდოზი, იერსინოზი, ვენერიული ლიმფოგრანულომა და სხვა), მედიკამენტებს (სულფანილამიდების ჯგუფი, პერორალური კონტრაცეპტივები და სხვა) ან კონკრეტულ პათოლოგიებს (სარკოიდოზი, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, ბეხჩეტის დაავადება და სხვა). ხშირად კვანძოვანი ერითემის მიზეზის დადგენა ვერ ხდება. გამოვლინდება ერითემატოზული მტკივნეული კვანძებით რომლებიც დასაწყისში მუქი წითელი ფერისაა, შემდეგ კი ხდება იისფერი. კვანძოვანი ერითემის დროს დაზიანება ორმხრივია. კვანძები გაფანტულად მდებარეობს წვივებზე, მუხლებზე, წინამხრებზე. კვანძოვანი ერითემის მიმდინარეობა დამოკიდებულია ეტიოლოგიურ ფაქტორზე. მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება ინდივიდუალურად.