კანის დაავადებები

დერმატოფიბრომა

დერმატოფიბრომა გავრცელებული კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის სპონტანურად წარმოიქმნება, იზრდება ზომაში რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩამოყალიბების შემდეგ პერსისტირებს წლები. დერმატოფიბრომა სუბიექტურ ჩივილებს არ იწვევს. მხოლოდ იშვიათად აღინიშნება ახალწარმონაქმნზე ქავილი და შედარებით დიდი დიამეტრის მქონე ელემენტზე ზეწოლისას ტკივილი. დერმატოფიბრომა კლინიკურად გამოვლინდება ვარდისფერი, მუქი წითელი ან იისფერი შემოფარგლული წარმონაქმნის სახით, რომლის ზედაპირიც შესაძლოა იყოს სადა და პრიალა ან ხაოიანი. ეს კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ხშირად მკვეთრად ამოწეულია კანის დონიდან, თუმცა შესაძლოა კანის ზედაპირიდან ჩაღრმავებული ელემენტის სახით გამოვლინდეს. დერმატოფიბრომა შემოფარგლულია ღია ან მუქი არამკვეთრად გამოხატული ქობით. პალპაციით შეიგრძნობა როგორ მკვრივი, კანში ფიქსირებული წარმონაქმნი. დერმატოფიბრომა ლოკალიზდება ძირითადად ხშირი ტრავმირების ადგილზე, სხეულის ნებისმიერ უბანზე, თუმცა ყველაზე ხშირად ვლინდება კიდურებზე. ძირითადად ვიზუალიზდება ერთეული წარმონაქმნის სახით, თუმცა არაიშვიათია, განსაკუთრებით ქვედა კიდურებზე მისი მრავლობითი წარმონაქმნის სახით გამოვლენა. დერმატოფიბრომის სადიაგნოსტიკო მეტად ინფორმატიული მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია.