კანის დაავადებები

ჩვილ ბავშვთა დერმატიტები

საფენის დერმატიტი
საფენის დერმატიტი ჩვილ ბავშვთა მეტად გავრცელებული დერმატოზია. ხელოვნურად შექმნილი ოკლუზიური პირობები, რომელიც წარმოიქმნება საფენისა და პამპერსის გამოყენების შედეგად, ხელსაყრელ გარემოს ქმნის დაავადების განვითარებისთვის. სველი საფენის დიდი ხნით ტარების შემთხვევაში, როცა ხდება შარდისა და განავლის შერევა, იზრდება კანის pH-ის დონე და ირღვევა კანის ბარიერული ფუნქცია. მაცერაციის ფორმით კანის დაზიანებას თან ახლავს ანთებითი სიმპტომებისა და ინფექციის თანდართვა. საფენის დერმატიტი შესაძლოა გამოვლინდეს ირიტანტული კონტაქტური დერმატიტის ან კანდიდოზური დერმატიტის ფორმით. საფენის ირიტანტული კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი გამოვლინდება წითელი ფერის, მტკივნეული, აქერცვლადი, ეროზიული ბალთების ფორმით ნაოჭების დაზიანების გარეშე.
კანდიდოზური საფენის დერმატიტის გამომწვევი მიზეზია კანდიდას ჯგუფის სოკო. ამ ფორმის შემთხვევაში უპირატესად ზიანდება ნაოჭები (საზარდულისა და დუნდულათაშორისი). გამონაყარი გამოვლინდება მკვეთრი წითელი ფერის ბალთებით, მათ ირგვლივ კი ადვილად რღვევადი სატელიტური პუსტულებია. არასწორი და არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად დერმატიტი შესაძლოა გართულდეს გრანულომატოზური კვანძების წარმოქმნით.
სებორეული დერმატიტი ჩვილ ბავშვთა ასაკში თავის თმიანი არის დაზიანებასთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს ნაოჭების არეებშიც, მათ შორის საფენის არეშიც. გამონაყარი ვლინდება სასქესო არეებზე, საზარდულისა და დუნდულათაშორის ნაოჭების მიდამოებში წითელი აქერცვლადი ბალთების სახით.
მხოლოდ საფენის არით შეიძლება შემოიფარგლოს ჩვილ ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ფსორიაზი. საფენის არეში გამოვლენილი ინფექციური ეროზიები შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ მიდამოში განვითარებულ ჰერპესულ ან ბაქტერიულ (ბულოზური იმპეტიგო) ინფექციებს.