კანის დაავადებები

კანდიდოზი / Candidosis

კანის ნაოჭების კანდიდოზი
ნაოჭების არე სწორედ ის მიდამოა, სადაც ხელშემწყობი პირობები იქმნება კანდიდოზის განვითარებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება კანის მსხვილ ნაოჭებს (საზარდულის, იღლიის, მკერდქვეშა). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მომატებული ტენიანობა, ვიწრო ტანსაცმლის ტარება, ჭარბი წონა, დიაბეტი, ჰიგიენის დაუცველობა, ამ არეებში განვითარებული კანის ანთებითი დაავადებები, ადგილობრივად სტეროიდული მალამოების გამოყენება და ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია. თავდაპირველად წარმოქმნილი პუსტულები კანის ხახუნის შედეგად მალევე იხსნება და წარმოიქმნება წითელი, მბრწყინავი ზედაპირის მქონე ზერელე ეროზიები, რომელთა გარშემოც, საღ კანზე აღინიშნება სატელიტური პაპულების არსებობა.

საფენის დერმატიტი
კანდიდოზის ამ ფორმის შემთხვევაში გამონაყარი ვლინდება საფენის მიდამოში. უპირატესად ზიანდება ნაოჭები (საზარდულისა და დუნდულათაშორისი). გამონაყარი გამოვლინდება მკვეთრი წითელი ფერის ბალთებით, მათ ირგვლივ კი ადვილად რღვევადი სატელიტური პუსტულებია. არასწორი და არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად დერმატიტი შესაძლოა გართულდეს გრანულომატოზური კვანძების წარმოქმნით.

კანდიდოზური ონიქია და პარონიქია
ფრჩხილების კანდიდოზური ინფექციით ხშირად ავადდებიან დიასახლისები. არჩევითად ზიანდება ხელის მტევნების მესამე და მეოთხე თითების ფრჩხილები, რასაც თან ახლავს ფრჩხილის მორგვების შეშუპება. ამავდროულად ვლინდება მუქი წითელი ფერის ეროზიული უბანი თითებშორის ნაოჭში.